16 იანვარს ფეისბუქ-ანგარიშმა “საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში მიღებული ახალი კანონის თანახმად, ონლაინ მედიას პოლიტიკოსების შესახებ ნეგატიური კომენტარების წაშლის ვალდებულება ეკისრება. პოსტში წერია, რომ თუ ონლაინ მედია სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების შესახებ არასასურველ კომენტარებს 3 დღის ვადაში არ წაშლის, დაჯარიმდება.
ნეგატიური კომენტარების წაშლაზე კანონის შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება. კანონი, რომელიც 2022-დან მოქმედებს, ონლაინ მედიას არ ავალდებულებს, უარყოფითი კომენტარები წაშალოს. ის ეხება კომენტარებს, რომლებიც არაკონსტიტუციურ, ძალადობრივ ან სხვა კანონსაწინააღმდეგო მოწოდებას შეიცავს. თუ შესაბამისი უწყების დასკვნაზე ან საფუძვლიან საჩივარზე დაყრდნობით მედია აღნიშნულ კომენტარებს არ შლის, ის შინაარსზე პასუხისმგებლობას იზიარებს.
უკრაინის უმაღლესმა რადამ 7-თვიანი განხილვის შემდგომ რამდენიმე კანონის შესახებ ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტი მედიისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონებში ცვლილებას გულისხმობს.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება შეეხო უკრაინის კანონს მედიის შესახებ (ЗАКОН УКРАЇНИ Про медіа), რომელიც 2022 წელს მიიღეს. კანონის შესავალში წერია, რომ მისი მიზანია გამოხატვის თავისუფლების განხორციელების, მრავალფეროვანი, სანდო და დროული ინფორმაციის მიღების უფლების, აზრთა პლურალიზმისა და ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების უზრუნველყოფა, უკრაინის ეროვნული ინტერესებისა და მედიის მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ის ასევე არეგულირებს მედია სექტორის აქტივობას გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების გათვალისწინებით. გარდა ამისა, მედიის შესახებ კანონი განსაზღვრავს უკრაინის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ეროვნული საბჭოს სამართლებრივ სტატუსს, ფორმირების წესს, საქმიანობასა და უფლებამოსილებას.
-
რა წერია კომენტარების წაშლაზე მედიის შესახებ კანონში?
უკრაინის მედიის შესახებ კანონიის მუხლებში განმარტებულია, თუ რა შინაარსის ინფორმაცია იზღუდება ჟურნალისტურ მასალებში. ყველაზე ფართოდ ის 36-ე მუხლშია მიმოხილული: კანონი უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი მედია და ვიდეოპლატფორმებისთვის ზღუდავს ისეთი მასალების გავრცელებას, რომლებიც შეიცავს ძალადობრივი ცვლილებების, კონსტიტუციური წესრიგის დამხობის, ომის ან შეიარაღებული კონფლიქტის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ მოწოდებებს. ასევე იზღუდება იმგვარი მოწოდებების გაკეთება, რაც ინდივიდებსა თუ გარკვეულ ჯგუფებს შორის დისკრიმინაციული საფუძვლით შუღლს გააღვივებს. ასევე რეგულირება შეეხება მედიას, რომლის მასალებში ტერორიზმისკენ მოწოდება იქნება. კანონში გაწერილია, თუ როგორ უნდა დაიცვან ბავშვთა უფლებები და გააშუქონ შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებული ინფორმაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინულ მედიას ეზღუდება გადაცემების ან მასალების მომზადება, რომელშიც ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველი პირთა სიის რომელიმე წევრი მონაწილეობს.
მედიის შესახებ კანონში კომენტარების წაშლის შესახებაც არსებობს ჩანაწერი. მსგავს ჩანაწერს ვხვდებით 117-ე მუხლში, რომელიც განმარტავს შემთხვევებს, თუ როდის თავისუფლდებიან მედიაორგანიზაციები და მათი დასაქმებულები პასუხისმგებლობისგან. კერძოდ, მედია მის პლატფორმებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შინაარსზე არ არის პასუხისმგებელი, თუ:
- ინფორმაციის პირველწყარო თავად არაა, შინაარსი უცვლელადაა გადმოტანილი სხვა მედიასაშუალებიდან და წყარო მითითებულია;
- ინფორმაცია უკრაინის კანონების დაცვითაა მოპოვებული;
- ინფორმაცია გამოქვეყნებულია სამთავრობო გვერდებზე, მედიამ ის სახელმწიფო ორგანოებიდან, მათ შორის, წერილობითი კომუნიკაციისას მოიპოვა;
- არის იურიდიული პირების, სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მათი თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების, უკრაინის სახალხო დეპუტატების, არჩეულ თანამდებობაზე კანდიდატების საჯარო გამოსვლების ან შეტყობინებების სიტყვასიტყვითი ციტირება;
- სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაცია, რომელიც უკანონიდ არ არის მოპოვებული;
- სასამართლომ დაადგინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სოციალურად აუცილებელია.
ონლაინ მედიის პოსტის კომენტარებს კი ამავე მუხლის მეოთხე პუნქტი ეთმობა. ჩანაწერის თანახმად, ონლაინ მედია სუბიექტები პასუხისმგებელი არიან შინაარსზე, რომელსაც მომხმარებლები მათი ჟურნალისტური მასალების კომენტარებში ტოვებენ. თუმცა მათი პასუხიმგებლობა იხსნება, თუ უკრაინის ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობის ეროვნული საბჭოს დასკვნის საფუძველზე მედია სამი დღის ვადაში კომენტარს წაშლის. მედიას კომენტარის წაშლის ვალდებულება მხოლოდ იმ შემთვევაში ექნება, თუ ის შეიცავს დეზინფორმაციასა და ისეთ ინფორმაციას, რომელიც გაწერილია მედიის შესახებ კანონის 36-ე, 42-ე (ბავშვების დაცვა) და 119-ე (შეიარაღებულ აგრესიასთან დაკავშირებული ინფორმაციის შინაარსის შეზღუდვა) მუხლებში.
ჩამოთვლილ არცერთ მუხლში არაა საუბარი პოლიტიკოსების მიმართ უარყოფითი კომენტარების შესახებ და ამგვარი ჩანაწერი არც მედიის პასუხისმგებლობის შესახებ მუხლებში არ გვხვდება.
-
რა ცვლილება შევიდა უკრაინულ კანონში კომენატრების მოდერაციაზე?
კანონპროექტი, რომელსაც რადამ 14 იანვარს მხარი დაუჭირა, მედიის შესახებ კანონში რამდენიმე ცვლილებას გულისხმობს, კომენტარების მოდერაციას კი მხოლოდ ერთი პუნქტი ეთმობა. კერძოდ, დამატების თანახმად, ზოგიერთი შინაარსის კომენტარის წაშლის ვალდებულება მედიას მხოლოდ ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობის ეროვნული საბჭოს დადგენილების შესაბამისად არ მოეთხოვება. მედიას, შესაძლოა, კომენტარის წაშლის ვალდებულება აღნიშნულ საკითხზე სასამართლოში წარმოების დაწყების შემდეგაც დაეკისროს. კანონის დამატება შემდეგნაირია:
“მეოთხე ნაწილში სიტყვების “ან ეროვნული საბჭოს დადგენილების” შემდეგ დაემატოს სიტყვები “ან დადგენილებები სასამართლოში შესაბამისი წარმოების გახსნის შემდეგ.”
კანონის ახალი დამატებები განმარტა რადას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, საკნონმდებლო ორგანოს სიტყვის თავისუფლების კომიტეტის თავმჯდომარე იაროსლან იურჩიშინმა. დეპუტატის თანახმად, კომენტარებზე მედიის პასუხიმგებლობის საკითხი მხოლოდ იმ დეტალით იცვლება, რომ მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს როგორც ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ეროვნულ საბჭოს, ისევე სასამართლოს. შემდგომ ორგანოები განიხილავენ, არღვევს თუ არა შინაარსი მედიის შესახებ კანონს და რა უნდა გაკეთდეს შინაარსის რეგულირებისთვის. “თუ ეს არის კომენტარები ან არამოდერირებული ნაწილი, შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს [ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ] ამ კომენტარის წაშლას და ეს აქ სრულდება. თუ მასალა არ წაიშლება, მასმედია იზიარებს მომხმარებლის კომენტარს ან პოზიციას, შესაბამისად, შემდეგ იწყება სამართლებრივი პროცესი, სადაც მოსარჩელემ უკვე უნდა დაამტკიცოს, რომ ეს არის მასმედიის პოზიცია”. – განაცხადა დეპუტატმა.
ასევე, უკრაინის მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტმა განმარტა, რომ კანონპროექტი No. 11321 მედიას კომენტარების მოდერაციის ახალ ვალდებულებას არ აკისრებს. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა უკრაინულ მედიებს 2022 წლიდან აქვთ. ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ მედიას, შინაარსზე პასუხიმგებლობის არ აღების მიზნით, ისეთი კომენტარების წაშლა ევალება, რომლებიც კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს შეიცავს.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სოციალურ ქსელში უკრაინის შესახებ მცდარი ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება. “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია უკრაინის, მისი სამხედროებისა და პოლიტიკოსების შესახებ გავრცელებული მანიპულაციური და დეზინფორმაციული მტკიცებები.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.