18 თებერვალს ფეისბუქ ანგარიშმა Nodo Demurishvili გაავრცელა ე.წ. რილსი (Reels), რომელზეც, თითქოს, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნაცისტური მისალმების ჟესტს აკეთებს და მკერდზეც ჰიტლერის გამოსახულებით აქვს ტატუ. პოსტის ავტორმა ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოწვეული რეაქცია სწორედ ამ ფოტოთი ახსნა. მასზე დატანილია წარწერა: ,,აი, რატომ მისტირიან ჩვენი ფაშისტები ნავალნის”.
გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული და ფოტოში ნავალნის სახეა ჩასმული. რეალურად, ალექსეი ნავალნის ჰიტლერის გამოსახულებით ტატუ არ ჰქონია.
ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ეს ფოტოფაბრიკაცია წლებია სხვადასხვა ვებ-საიტზე ვრცელდება და მისი გარდაცვალების შემდეგ კვლავ გააქტიურდა.
ავთენტიკურ ფოტოზე ალექსეი ნავალნი ასახული არ არის. მასზე ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მკერდზე მართლაც აქვს ჰიტლერის პორტრეტის ტატუ. რეალურ ფოტოს რამდენიმე რუსულენოვანი ვებ-საიტიც ავრცელებდა. ფოტო ასევე გამოყენებული აქვს ამერიკულ გამოცემა HUFFPOST-ს პუტინსა და უკრაინაზე საუბრისას.
ფოტოებზე ფონად სამფეროვანი დროშა ჩანს, რომელიც რუსეთში 2011 წელს დიმიტრი დემუშკინის მიერ დაფუძნებულ ნაციონალისტურ მოძრაობა ,,რუსებს” ეკუთვნის. ისინი ყოველწლიურად მონაწილეობდნენ რუსეთის ,,ეროვნული ერთიანობის დღისადმი” მიძღვნილ მსვლელობებში, რომელიც 4 ნოემბერს იმართება. ორგანიზაცია რუსეთში 2015 წელს ექსტრემისტულ დაჯგუფებად გამოაცხადეს და აკრძალეს. სავარაუდოდ, გავრცელებულ ფოტოზე ასახული ახალგაზრდა კაცი ულტრამემარჯვენე აქტივისტია. ღია წყაროებში იძებნება ფოტოები სხვა ნაციონალისტური შეკრებებიდან, რომლებშიც ის ასევე მონაწილეობს.
ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით დეზინფორმაცია წლებია ვრცელდება და მისი გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა. ,,მითების დეტექტორმა” აქამდეც არაერთხელ გადაამოწმა რუს ოპოზიციონერთან დაკავშირებული საეჭვო ცნობები, რასაც კრემლის პროპაგანდა იყენებდა:
- რუსული დეზინფორმაცია ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ
- სპუტნიკი Bellingcat-ის გამოძიებები ეჭვქვეშ აყენებს – ნავალნის მოწამვლიდან მალაიზიურ ბოინგამდე
- ვის არ სჯერა ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლის?
ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი და ბლოგერი იყო. რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა 16 თებერვალს მისი გარდაცვალების ცნობა გაავრცელა. ალექსეი ნავალნი ქიმიური იარაღის, ნოვიჩოკით მოწამვლის შემდგომ 4-თვიანი მკურნალობის დასრულებისას, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა და 2021 წლის 17 იანვარს დააკავეს, 2023 წლიდან კი სასჯელს იხდიდა განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში. გასული წლის აგვისტოში მას რუსეთის სასამართლომ 19-წლიანი სასჯელი დაუმატა. ნავალნი 14 თებერვალს გადაიყვანეს რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ, იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე სადამსჯელო კოლონიაში, სადაც გარდაიცვალა. კრემლის ოფიციალური ვერსიით, ნავალნი სეირნობისას შეუძლოდ გახდა და დაიღუპა.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ მომხმარებელ Nodo Demurishvili-ს მცდარი ინფორმაცია ადრეც გაუვრცელებია, რაც ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.