ვინ შექმნა პოდკასტი “სათქმელი” და რა დეზინფორმაციას ავრცელებენ NATO-ს გაფართოებაზე?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

NATO
128
VIEWS

25 მარტს პოდკასტ “სათქმელის” მე-6 ეპიზოდში თანაწამყვანმა, სალომე მთვრალაშვილმა NATO-ს გაფართოებაზე, ცივი ომის დასასრულსა და შეუსრულებელ პირობებზე ისაუბრა (1;2).  

მთვრალაშვილი საუბრობს მალტის სამიტსა და მიხეილ გორბაჩოვის გარდამტეხ შეხვედრაზე ჯორჯ ბუშ უფროსთან. მისი თქმით, ბუში ცდილობდა, დაერწმუნებინა გორბაჩოვი გერმანიის გაერთიანების აუცილებლობაში, რაც მხოლოდ დასავლეთის სასარგებლოდ არ მოხდებოდა. წამყვანი ამბობს, რომ აღნიშნულს უკავშირდება ბეიკერის ფრაზა “არცერთი ინჩით აღმოსავლეთით”, რომელიც, მისი მტიცებით, მთელ ევროპაში NATO-სა და ევროკავშირის არგაფართოებას ეხებოდა.  

სალომე მთვრალაშვილი: “ამას უკავშირდება ბეიკერის ცნობილი ფრაზა, რომელიც მინიმუმ სამჯერ გაჟღერდა მაშინ დიპლომატიურ შეხვედრებზე, რომ “არცერთი ინჩით აღმოსავლეთისკენ” და ეს შეეხებოდა NATO-ს და ევროკავშირს, რომ ისინი არცერთი ინჩით არ უნდა დაძრულიყვნენ აღმოსავლეთისკენ. ეს ყველაფერი, სხვათა შორის, გაფორმდა კიდეც დეკლარაციულად, მაგალითად, ამაზე საუბრობდნენ არა მხოლოდ დასავლეთ გერმანიის და აშშ-ის პირველი პირები, ამ ყველაფერზე დოკუმენტალურად ხელი მოაწერა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც. თუმცა, მოგვიანებით, როდესაც დაიწყო ამასთან დაკავშირებით გახილვები, რეალურად, მოხდა ისე, რომ ყველაფერი დაუკავშირეს რაღაც გარკვეულწილად მხოლოდ გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილს, თუმცა, რეალურად, ვიცით, რომ ეს ყველაფერი არის გარკვეულწილად სპეკულაცია, იმიტომ, რომ შეუძლებელია, რომ აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკა უკავშირდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ გერმანიას. ანუ, ეს პოლიტიკა, რომ NATO არ უნდა დაძრულიყო არცერთი ინჩით აღმოსავლეთისკენ, შეეხებოდა მთელ ევროპას” 

NATO

პოდკასტ “სათქმელის” თანაწამყვანი NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. შეთანხმებაში, რომლის საფუძველზეც გერმანია გაერთიანდა, გარკვეული დროით გერმანიის აღმოსავლეთით NATO-ს ჯარების არგანთავსებაზე იყო საუბარი და მასში არაფერი იყო ნათქვამი აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოების შესახებ. აღმოსავლეთით “არცერთ ინჩზე” ბეიკერის ფრაზა, რომელსაც კრემლისტური პროპაგანდა აქტიურად იყენებს, რეალურად გერმანიას ეხებოდა და ეს გორბაჩოვმაც დაადასტურა. 

  • დაიდო თუ არა NATO-ს არგაფართოებაზე ხელშეკრულება?  

1990 წელს დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის გაერთიანების საფუძველი 2+4 შეთანხმება გახდა. ხელშეკრულება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმდა. ხელშეკრულებას, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივშია ხელმისაწვდომი, ხელი მოაწერეს იმ სახელმწიფოების ლიდერებმა, რომლებსაც გერმანიის ტერიტორია ჰქონდათ დაკავებული. დოკუმენტით დადგინდა გერმანიის საზღვრები, ალიანსებში გაწევრიანების უფლება და განისაზღვრა სამხედრო ძალების და ბირთვული იარაღის დასაშვები რაოდენობა.   

ხელშეკრულების მე-5 მუხლი გერმანიის ტერიტორიაზე ჯარების განთავსებას შეეხება. ამ მუხლის მიხედვით, მანამ, სანამ საბჭოთა ჯარები გერმანიის ტერიტორიას სრულად დატოვებდნენ, აღმოსავლეთ გერმანიაში მხოლოდ გერმანიის ტერიტორიული დაცვის დანაყოფები იქნებოდნენ განთავსებული, რომლებიც NATO-ს სტრუქტურებში არ იყვნენ ინტეგრირებული. ასევე, მე-5 მუხლის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების ძალები არ უნდა ყოფილიყვნენ და სამხედრო აქტივობები არ უნდა განეხორციელებინათ. საბჭოთა ჯარების გასვლამდე ბერლინში დარჩებოდნენ საფრანგეთის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალები. ასევე, საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიასა და გერმანიის სხვა მიწებზე შესაძლებელი იქნებოდა გერმანიის შეიარაღებული ძალების იმ დანაყოფების განთავსებაც, რომლებიც ალიანსის სტრუქტურებში იყვნენ ინტეგრირებული. გამონაკლისს შეადგენდა ბირთვული იარაღის და უცხოური დანაყოფების განთავსება. 

მიხეილ გორბაჩოვი გერმანიის NATO-ს წევრობას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, საბოლოოდ ის დათანხმდა, რომ ერთიანი გერმანია NATO-ს წევრი იქნებოდა, თუმცა მისი სამხედრო ძალები მკვეთრად შემცირდებოდა და ისინი აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნებისგან თავს შეიკავებდნენ.  

მიუხედავად პოდკასტის თანაწამყვანის მტკიცებისა, დოკუმენტი არ ეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ევროპაში შემდგომ გაფართოებას და რაიმე ფორმალურ დაპირებას არ შეიცავს. გარდა ამისა, დოკუმენტი, რომლითაც იმის მტკიცებაა შესაძლებელი, რომ NATO-მ აღმოსავლეთით არგაფართოების პირობა დადო, ღია წყაროებით ხელმისაწვდომი არ არის. 2014 წლის ინტერვიუში მიხეილ გორბაჩოვმა თავადაც თქვა, რომ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების დროს NATO-ს გაფართოების საკითხი განხილული არ იყო და საუბრობდნენ გერმანიის გაერთიანების შემდეგ აღმოსავლეთ გერმანიაში დამატებითი ძალების განთავსებაზე. მისივე თქმით, სწორედ ამ კონტექსში გააკეთა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯეიმს ბეიკერმა კომენტარი, რომელშიც ამბობს, რომ თუ გერმანია ნატოში დარჩება, ნატოს იურისდიქცია აღმოსავლეთით არ გაფართოვდება. რეალურად, ბეიკერი არა ევროპაზე, არამედ აღმოსავლეთ გერმანიაზე საუბრობდა.

აღნიშნულ დეზინფორმაციას, თითქოს NATO-მ პირობა დაარღვია, რუსეთის მთავრობა და კრემლისტური წყაროები სისტემატურად ავრცელებენ და მაგალითად, პოდკასტის წამყვანის მსგავსად, ბეიკერის ციტატას იყენებენ. ღია წყაროებით იძებნება არაერთი განმარტება იმის შესახებ, რომ ბეიკერის აღნიშნული ფრაზა ევროპაში გაფართოების კონტექსტში არ ყოფილა ნათქვამი

“მითების დეტექტორს” NATO-ს გაფართოების შესახებ მსგავსი დეზინფორმაციული მტკიცებები წარსულშიც აქვს გადამოწმებული. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში

პოდკასტი “ჩვენი სათქმელი” 2025 წელს შეიქმნა და მისი პირველი ეპიზოდი 10 მარტს გამოქვეყნდა. წამყვანები ლიკა ჯალაღონია და სალომე მთვრალაშვილი არიან. პოდკასტები ძირითად გეოპოლიტიკურ მოვლენებს ეხება – განიხილავენ აშშ-ის მთავრობისა და ევროკავშირის ქვეყნების პოზიციებს, რუსეთ-უკრაინის ომს, სირიაში მიმდინარე მოვლენებს, აკრიტიკებენ “ლიბერალურ ცენზურასა” და ბაიდენის მთავრობის პოლიტიკას. 

პირველი პოდკასტი ტრამპის, ვენსისა და ზელენსკის შეხვედრს ანალიზს დაეთმო. საუბრიდან იკვეთება, რომ თანაწამყვანი ლიკა ჯალაღონია უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას აშშ-ის წინა მთავრობას აკისრებს. მისი თქმით, ძველი პრესკონფერენციები, რომლებიც ზელენსკისთან თანხმდებოდა, ლიბერალური მედიისთვის შექმნილი ბუტაფორია იყო, ხოლო მარტის შეხვედრის დროს ზელენსკიმ გააცნობიერა, რომ “ის ხალხი, რომლებმად მიიყვანეს უკრაინა ამ სიტუაციამდე, აღარ არის”. ზელენსკის უწოდებს იმედგაცრუებულ ბავშვს, “რომელიც ბოლომდე გაჰყვა თავის ბატონს”.  

ამავე გადაცემაში ჯალაღონია ორჯერ ციტირებს ანტიამერიკული და პრორუსული გზავნილებით ცნობილ ჯეფრი საქსს (11:40; 19:15) – სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით აშშ-ის მიზნებისა და “მართული მედიის” შესახებ. წამყვანის მტკიცებით, საქართველომ მხარე არ აირჩია და დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების ველზე საკუთარი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით ნეიტრალური დარჩა. მისივე აზრით, სწორედ ამის გამო უწოდებენ საქართველოს დიქტატურას: 

მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ჩვენი პროდასავლური ღირებულებები… როგორ აძლიერებდა მთავრობა ამ ღირებულებებს… ყველაფერი მიდიოდა დასავლეთისკენ, ხომ? მაგრამ უცებ, ერთ დღეს, ჩვენ, ფაქტობრივად, არ გავაკეთეთ ის, რაც ზელენსკიმ თავის ხალხს გაუკეთა, ამის გამო დავისაჯეთ, ხომ? რაღაც გაგებით. სანქციები, ზეწოლა დასავლეთისგან…”

რუსეთ-უკრაინის ომსა და მოლაპარაკებებზე საუბრობენ პოდკასტის მე-5 ეპიზოდშიც. წამყვანები განიხილავენ [10:10], რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ახალისებდა უკრაინის ომს “ცეცხლის შენთებითა” და “აგრესიული შემზადებით”. ჯალაღონიას აზრით [11:20], ომი დასასრულისკენ მიდის, რადგან “დიდ ბიძას”, რომელსაც ამერიკას უწოდებს, ის აღარ უნდა. როგორც ის ამტკიცებს, ომის დაწყების შემდეგ ზელენსკის რეიტინგი უკრაინაში დაეცა და იმ მიზეზით, რომ არჩევნები არ ჩატარებულა, უკრაინელები დიქტატორს უწოდებენ.   

ლიკა ჯალაღონია აკრიტიკებს და ახალი თაობის უარესობისკენ შეცვლაში სდებს ბრალს NGO-ებსა და მედიას. მისი აზრით, მედიების უკან ერთი და იგივე ადამიანები დგანან და ბოლოს ლიბერალურ ინტერნაციონალამდე მივდივართ, რომელიც საქართველოსა და მსოფლიოში დღის წესრიგს ქმნის. მისივე განმარტებით, ინტერნაციონალში გულისხმობს სოროსის ფონდსა და NGO-ებს, რომლებიც “ლიბერალურ დღის წესრიგს გვახვევენ თავზე”. ჯალაღონია მეორე პოდკასტში ამბობს, რომ საქართველოში 90-იანი წლებიდან “ახალი ადამიანის წარმოება” იწყება, რასაც უკავშირებს NGO-ებისა და USAID-ის შემოსვლას. მისი მტკიცებით, NGO-ები “ლიბერალურ ცენზურას” ქმნიდნენ, რომელზე უარეს ცენზურასაც “არც ფაშისტურ გერმანიაში უარსებია და არც საბჭოთა კავშირში”. 

 რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, ჯალაღონია ამტკიცებს, რომ საქართველოში პროტესტი ჯინ შარპის წიგნში აღწერილი მეთოდებით მიმდინარეობს. პოდკასტის 6 ეპიზოდში არ უსაუბრია, თუმცა ღია წყაროებით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე პოდკასტის თანაწამყვანის, სალომე მთვრალაშვილის არაერთი ვიდეო იძებნება. ერთ-ერთი მათგანი საპროტესტო აქციების კრიტიკას შეეხება. მთვრალაშვილი საუბრობს “ტვინგამორეცხილ მცირე ჯგუფებზე”, რომლებსაც მისი თაობის ძირითადი ნაწილი “ჯოგივით დასდევს”. აქციებთან დაკავშირებით ჩაწერილ კიდევ ერთ ვიდეოში განიხილავს, რომ “ქართულ ოცნებას” ღირებულებების თვალსაზრისით არაფერი დამანგრეველი არ გააჩნია, პირიქით, “ქართული იდენტობის გამყარებას ცდილობენ”, ხოლო პროტესტის მონაწილეებს სცენების დადგმასა და პროვოცირებაში ადანაშაულებს. მთვრალაშვილის სიტყვებით, ეამაყება, რომ პოლიციელებმა კარგად შესრულეს აქციების დროს თავიანთი მოვალეობა, “თუ არ ჩავთვლით ერთეულ გადაცდომებს”. 

პოდკასტის მე-4 ეპიზოდში სალომე მთვრალიაშვილი სირიის მოვლენებზე საუბრობს, განიხილავს, რომ ქვეყანაში რელიგიური უმცირესობები სამიზნე გახდნენ, ასევე, საუბრობს ქრისტიანის ჯვარზე გაკვრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც “მითების დეტექტორმა” უკვე გადაამოწმა. დაპირისპირების განხილვის ფონზე, მთრალიაშვილი ევროკავშირს აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ გაერთიანება “სისხლისღვრაზე თვალს ხუჭავს”.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ნატო, რუსეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist