სოციალურ ქსელში ქართულ (1) და რუსულენოვანმა (1, 2, 3, 4) ფეისბუკ მომხმარებლებმა გავრცელეს ვიდეოსშემცველი პოსტი, რომელიც 1969 წლის “აპოლო 11-ის” მისიას ეჭქვეშ აყენებს. ფეისბუკზე გავრცელებული პოსტების თანახმად, კინორეჟისორმა სტენლი კუბრიკმა აღიარა, რომ მთვარეზე ფეხის დადგმა მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი ფალსიფიკაცია იყო და კადრები NASA-თან პარტნიორობით გააყალბა. პოსტზე თანდართულ ვიდეოში ნაჩვენებია ასტრონავტები და მთვარეზე დაჯდომის გადაღების პროცესი, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს “აპოლო 11-ის” მისია დადგმული იყო.
სოციალურ ქსელში „აპოლო 11-ის” მისიის უარსაყოფად ფილმის First man კადრებია გამოყენებული, რომელიც 2018 წელს გადაიღეს. ფილმში ამერიკელი ასტრონავტის, ნილ არმსტრონგის როლს კანადელი მსახიობი რაიან გოსლინგი თამაშობს. თავის მხრივ, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კუბრიკმა პატრიკ მიურეისთან ინტერვიუში მთვარეზე დაშვების გაყალბება აღიარა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ნაწილი მოიცავს კადრებს 2018 წელს გადაღებული ფილმიდან “პირველი კაცი” (First Man). მთვარეზე დაშვების კადრში ამერიკელი ასტრონავტის, ნილ არმსტრონგის როლში რაიან გოსლინგი მონაწილეობს. ვიდეოს პირველ კადრებში ჩანან ეკიპაჟის წევრები, რომლებიც „აპოლო 11-ის” კოსმოსურ ხომალდზე მოძრაობენ. იდენტური კადრების ნახვა შესაძლებელია YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში სახელწოდებით First Man IMAX® Behind the Frame, რომელიც ფილმის გადაღების პროცესს აღწერს.


2015 წლიდან ინტერნეტში ვრცელდება რეჟისორ სტენლი კუბრიკის ინტერვიუ, რომელშიც რეჟისორი აღიარებს, რომ ისტორია გაყალბდა და მან აშშ-ის მთავრობასა და NASA-სთან პარტნიორობით მთვარეზე დაშვება გადაიღო. ფაქტების გადამოწმების პლათფორმის, Snopes-ის ცნობით, კუბრიკის ინტერვიუ, რომელიც სხვადასხვა პლათფორმაზე ვრცელდებოდა, პატრიკ მიურეის ფილმის “Shooting Stanley Kubrick” ნაწილია, თავად მიურეი კი აცხადებდა, რომ კუბრიკთან გასაუბრება 1999 წლის მაისში შეძლო, თუმცა ამერიკელი რეჟისორი ამ თარიღამდე ორი თვით ადრე, 1999 წლის მარტში გარდაიცვალა. Snopes-მა ასევე ვერ აღმოაჩინა ფილმში წარმოდგენილ პირსა და სტენლი კუბრიკს შორის გარეგნული მსგავსება, ასევე ინტერვიუს ნამდვილობა უარყო რეჟისორის ქვრივმაც.
2023 წლის 20 ივლისს 54 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ადამიანმა პირველად მთავარეზე ფეხი დადგა. ამ თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სხვადასხვა ვიდეომანიპულაცია და კონსპირაცია ვრცელდება. მთვარეზე დაშვების შესახებ შეთქმულების თეორიები ამტკიცებენ, რომ აპოლო 11-ის პროგრამის ზოგიერთი ან ყველა ელემენტი ნასას მიერ იყო დადგმული, თუმცა არსებობს მრავალი მტკიცებულება ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე დაშვების შესახებ და შესაბამისად, შეთქმულების თეორიები არაერთხელ იქნა უარყოფილი. 2000-იანი წლების ბოლოდან მთვარის სადაზვერვო ორბიტის (LRO) მიერ გადაღებული მაღალი გარჩევადობის ფოტოებზე აპოლო 11-ის ასტრონავტების მიერ დატოვებული კვალი არის აღბეჭდილი. 2012 წელს ასევე გამოქვეყნდა სურათები, სადაც ჩანს, რომ აპოლოს ექვსი მისიიდან ხუთის დროს განთავსებული დროშები ისევ ადგილზეა. აღბეჭდილია ნილ არმსტრონგის პირველი ნაბიჯი და მისი ნაკვალევი მთვარეზე.
“მითების დეტექტორი” მთვარის მისიასთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე ადრეც წერდა:
- სოციალურ ქსელში ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე დაშვების ყალბი ვიდეო ვრცელდება
- რა კონსპირაციები ვრცელდება NASA-ს მთვარის მისია APOLLO 11-ზე?
წყაროს შესახებ
ფეისბუკ ანგარიშის Kiladze Gocha მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.