6-11 თებერვალს “ქართული მარშის” ყოფილმა წევრმა, ლადო სადღობელაშვილმა და სხვა ფეისბუქ-ანგარიშმა გაავრცელეს ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანისა და ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეპსტინის ფოტო. სადღობელაშვილი პოსტის აღწერაში წერს, რომ ჟორჟოლიანმა “თბილი ფოტო გაავრცელა”. პოსტის კომენტარებიდან ჩანს, რომ ფეისბუქ-მომხმარებლების ნაწილი ფოტოს რეალურად აღიქვამს და მიუთითებს, რომ მასზე ჟორჟოლიანია ასახული.

ნანუკა ჟორჟოლიანისა და ჯეფრი ეპსტინის ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება. ჟორჟოლიანს აღნიშნული ფოტო არ გაუვრცელებია. პირველწყარომ ფოტოს გავრცელებისას მიუთითა, რომ ის ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი. ამავეს ამტკიცებს ვიზუალურ მასალებზე AI-ის ამომცნობი ხელსაწყოები.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, რომელზეც, თითქოს, ნანუკა ჟორჟოლიანი ჯეფრი ეპსტინთან ერთად ჩანს, ღია წყაროებში არსად იძებნება. მათ შორის, არც ჟორჟოლიანის პირად ანგარიშებზე. ასევე, ჟურნალისტი ნახსენები არ არის ფაილებში, რომელიც ჯეფრი ეპსტინთანაა დაკავშირებული და აშშ-ის იურიდიულმა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.
ფოტოს უკუძიებისას დავადგინეთ, რომ ის თავდაპირველად გამოაქვეყნა დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-ანგარიშმა David Tordia. 2 თებერვალს გავრცელებულ ფოტოს აღწერაში მითითება აქვს, რომ ის ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული. ფოტოს ავტორი კომენტარებშიც იმავეს წერს.

2023 წელს საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ნანუკა ჟორჟოლიანის მგავსი ფოტოები, სადაც ჯეფრი ეპსტინი არ ჩანს, თუმცა იმავე გარემოშია გადაღებული და ჟორჟოლიანსაც იგივე ტანსაცმელი აცვია. ჟურნალისტის მსგავსი ფოტო არ იძებნება მის ანგარიშებზე და სავარაუდოა, რომ ის 2023 წელს ე.წ. სთორიში ედო, რომელიც ახლა უკვე აღარაა ხელმისაწვდომი. 2023 წლის და სოციალურ ქსელში ახლა გავრცელებული ფოტოების შედარებით აშკარა ხდება, რომ ჟორჟოლიანის სახის დეტალები განსხვავებულად გამოიყურება. ვიზუალური მასალის აღნიშნული მახასიათებლები მიანიშნებს, რომ მის შესაქმნელად ან დასამუშავებლად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს.

ფოტოს გადამოწმებას შევეცადეთ ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი პროგრამა Hive Moderation-ის დახმარებითაც, რომელმაც ის 99%-ით ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულად აღიქვა.

ცნობისთვის, 6 თებერვალს იგივე ფოტო საკუთარ ფეისბუქზე გაავრცელა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, თეა წულუკიანმა. მან ფოტო დაურთო პოსტს, რომელშიც ცილისწამების საქმეზე მისი და ჟორჟოლიანის სასამართლო დავის შესახებ წერდა. დეპუტატის განცხადებების გავრცელებისას იგივე ფოტო გამოიყენეს მედიასაშუალებებმაც: რუსთავი 2, იმედი და POSTV, ასევე საინფორმაციო სააგენტო The Georgian Times-მა. ფოტოს გამოქვეყნებისას წულუკიანი და მედიასაშუალებები არ მიუთითებენ, რომ ის რეალური არაა და როგორც კომენტარებიდან ჩანს, ფეისბუქ-მომხმარებლების ნაწილმა ფოტო ნამდვილად აღიქვა.

ამდენად, რეალური არაა ნანუკა ჟორჟოლიანისა და ჯეფრი ეპსტინის სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო და ის ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი. “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია ჟორჟოლიანის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული ვიზუალური მანიპულაციები. მათ შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მასალებში:
- ფეისბუქზე ნანუკა ჟორჟოლიანის ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება
- ანტიოპოზიციური გვერდი ნანუკა ჟორჟოლიანის ფოტოფაბრიკაციას ავრცელებს
- ნანუკა ჟორჟოლიანის სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით ფოტომანიპულაცია ვრცელდება
წყაროს შესახებ:
ერთ-ერთი, ვინც ჟორჟოლიანისა და ეპსტინის ფოტოს ავრცელებს და რეალურად წარმოაჩენს, “ქართული მარშის” ყოფილი წევრი, ლადო სადღობელაშვილია. “მითების დეტექტორს” ამ დრომდეც გადაუმოწმებია მის მიერ გავრცელებული პოსტები, რომელთა ნაწილიც სხვადასხვა საკითხზე კრემლის ნარატივებს ემთხვეოდა.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.არქივის ბმული



















