მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გელა მთივლიშვილის ციტატა უკონტექსტოდ ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

149
VIEWS

14 იანვარს ფეისბუქ-მომხმარებლებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც რეგიონული მედია “მთის ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი გამოცემების “ბათუმელები” და “ნეტგაზეთი” დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ საუბრობს. ვიდეოში მთივლიშვილი ამბობს: “ტყუილია “ქართული ოცნების”… იტყუება “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მედია, რომ მზიამ სილა, ალიყური, გააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს”. ვიდეო იმგვარად აღიქმება, თითქოს მთივლიშვილი არ აღიარებს, რომ ამაღლობელმა პოლიციელს დაარტყა. ვიდეოში ასევე ჩანს ტელეკომპანია “ფორმულასა” და გადაცემა “პოლიტიკის ფორმულას” ლოგო და მისი ჟურნალისტი, სოფო ზურაბიანი. 

გელა მთივლიშვილი

უკონტექსტოდ და მანიპულაციურად ვრცელდება გელა მთივლიშვილის ინტერვიუს ფრაგმენტი, სადაც ის მზია ამაღლობელის დაკავების მიზეზზე საუბრობს. ვიდეოში ნაჩვენებია მხოლოდ ის ეპიზოდი, სადაც მთივლიშვილი ამბობს, თითქოს ტყუილია, რომ ამაღლობელმა პოლიციელს სილა გააწნა. რეალურად, ფრაზის დასრულებისთანავე ჟურნალისტი განმარტავს, რომ მსგავსი ფაქტი მართლაც მოხდა, თუმცა მას წინ მზია ამაღლობელის მიმართ შეურაცხყოფა უძღვოდა. მისი თქმით, “ქართული ოცნების” პროპაგანდა მაშინ ცრუობს, როდესაც მხოლოდ სილის გაწვნის კადრს აჩვენებს. 

გამოცემების “ბათუმელები” და “ნეტგაზეთი” დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. თავდაპირველად, ის პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს და რამდენიმე საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე ის სისხლის სამართლის წესით დააკავეს. კერძოდ, მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. მუხლი, რომლის საფუძველზეც ჟურნალისტს ასამართლებენ (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი), 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ჟურნალისტს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ამაღლობელის დაკავების შემდეგ, “იმედმა” და სხვა მედიებმა (1, 2) გაავრცელეს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ჟურნალისტი ირაკლი დგებუაძეს სახეში ხელს ურტყამს. “ფორმულას” ეთერში საუბრისას გელა მთივლიშვილი სწორედ ამ კადრებზე მიუთითებდა. 

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო ტელეკომპანია “ფორმულას” 13 იანვრის პირდაპირი ეთერიდანაა მოჭრილი. გადაცემაში “სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა” ბათუმიდან ჩართული იყო გელა მთივლიშვილი. ის მზია ამაღლობელის კადავების შესახებ საუბრობდა. მისი შეფასებით, ამაღლობელი “ივანიშვილის რეჟიმის პატიმარია” და ის ქართველ ჟურნალისტებში პირველი მსხვერპლია. “მთის ამბების” რედაქტორმა ისიც ახსენა, რომ მზია ამაღლობელს მუხლი არასწორად აქვს წაყენებული და ის, რაც ბათუმში მოხდა, პოლიციელზე თავდასხმად ვერ ჩაითვლება. 

გელა მთივლიშვილი

ინტერვიუს დროს რესპონდენტი იმ კადრების შესახებაც საუბრობს, რომელსაც სამთავრობო მედია და ხელისუფლება ამაღლობელის ბრალეულობის დასამტკიცებლად იყენებს. მთივლიშვილი არ უარყოფს, რომ გამომცემელმა ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, თუმცა საუბრობს იმ ჩანაწერზე, სადაც არ ჩანს, თუ როგორ აყენებს პოლიციის უფროსი სიტყვიერ შეურაცხყოფას ამაღლობელს. მთივლიშვილმა ჩართვისას თქვა (2:25): 

“- იტყუება ამჯერადაც “ქართული ცონების” პროპაგანდისტული მედია, რომ მზიამ სილა, ალიყური გაააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს, ანუ ტყული რა არის? ტყული ის არის, რომ ამ პროვოკაციას წინ უძღვოდა მზიას შეგინება.

(სოფო ზურაბიანი) – მზიას მიმართ. 

– მზიას მიმართ შეგინება, ცხადია, პოლიციის უფროსის მხრიდან. როდესაც მზია პირველი, ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ გამოვიდა პოლიციის სამმართველოს შენობიდან, მის გვერდით იდგა ორი მისი ახლობელი. ორივე ადამიანი გაიტაცეს და დააკავეს სრულიად უკანონოდ, რის შემდეგაც შეაგინა მას დგებუაძემ და ამას მოჰყვა ალიყური. ანუ, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ადამიანი, გამომცემელი, გამოეყვანათ მდგომარეობიდან. ამიტომ, ეს იყო პროვოკაცია. არ შეიძლება, ეს შეფასდეს, როგორც პოლიციელზე თავდასხმა და მზიას ემუქრებოდეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.”

შესაბამისად, “მთის ამბების” რედაქტორის ნათქვამი, რომ “ქართული ოცნების” პროპაგანდა ტყუის, არ ნიშნავს, რომ ის სილის გაწვნის ფაქტს უარყოფს. მთივლიშვილი ამბობს, რომ მედიები მაშინ ტყუიან, როდესაც სრულ კონტექსტს არ წარმოაჩენენ და არ ახსენებენ, თუ მანამდე როგორ აყენებდა იარაკლი დგებუაძე შეირაცხყოფას მზია ამაღლობელს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გელა მთივლიშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება. ე.წ. აგენტების კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვისას მთივლიშვილმა ონლაინმედიების დაფინანსების გამჭვირველობის შესახებ შეკითხვა დასვა. მაშინ, პროსამთავრობო მედია POSTV-მა ვიდეო იმგვარად წარმოაჩინა, თითქოს რედაქტორმა აღიარა, რომ მედიების დაფინანსება გამჭვირვალე არ იყო. “მითების დეტექტორმა” სრული ვიდეო ნახვით დაადგინა, რომ POSTV-მა ის მანიპულაციურად გაავრცელა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია, პოლიტიკა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist