8 ნოემბერს ფეისბუკ-მომხმარებლებმა (1, 2, 3) გაავრცელეს საინფორმაციაო ბარათი, რომელზეც ნიკოლოზ მჟავანაძეა გამოსახული და წერია, რომ მან აშშ-ის მწვანე ბარათი ე.წ. Green Card მოიგო და ამერიკაში საცხოვრებლად წასვლას აპირებდა. პოსტზე გამოხმაურების მიხედვით, ფეისბუკ-მომხმარებლების ნაწილს ინფორმაციის ნამდვილობის სჯერათ.
ნიკოლოზ მჟავანაძის მიერ აშშ-ის მწვანე ბარათის მოგებისა და მისი ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გამოგონილია.
საინფორმაციო ბარათისთვის გამოყენებული ფოტო, რომელშიც ნიკოლოზ მჟავანაძე ნიუ-იორკში ტაიმზ-სკვერის ფონზეა გამოსახული, თავდაპირველად 2020 წლის 28 მარტსაა გამოქვეყნებული, ნიკოლოზ მჟავანაძე კი პროგრამულადაა ჩამატებული. სავარაუდოა, რომ პოსტი თავდაპირველად სატირული მიზნით შეიქმნა, თუმცა აღსანიშნავია, რომ სატირა როგორც ნამდვილი ამბავი ხშირად ვრცელდება და მომხმარებელი შეცდომაში შეყავს.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თავად ნიკოლოზ მჟავანაძე თავის ფეისბუკ-ანგარიშზე გამოეხმაურა. მჟავანაძე უარყოფს Green Card-ის მოგებისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და მას დეზინფორმაციად მოიხსენიებს: „თქვენგან განსხვავებით დოლარებზე არ ვიყიდები. მალე მოგიწევთ ამერიკულ ბორდელებში მუშაობის გაგრძელება, სხვა პოზიციაზე თქვენ იქ არ განიხილებით“.
აღსანიშნავია, რომ მწვანე ბარათის ლატარეაში მონაწილეობის მსურველთთვის რეგისტრაცია 7 ნოემბერს დასრულდა, შედეგები კი 2025 წლის 3 მაისს გახდება ცნობილი.
მოამზადა ნინო ქოთოლაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.