18 ნოემბერს სამთავრობო მედიამ “იმედი”, POSTV და “რუსთავი 2”, ასევე “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ფეისბუქ-ანგარიშმა “ირმა ხახუტაიშვილი” გამოაქვეყნეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია “ჩემი ხმის” წევრის, ნინო ლომჯარიას განცხადება, რომელიც თითქოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მიემართებოდა. ციტატაში ნათქვამია: “არ შეიძლება ყოველ დღე ახალ-ახალ ინიციატივებზე ვიგებდეთ და ერთმანეთისთვის ეს იყოს სიურპრიზი – თუ არ არის შეთანხმება რაღაც საკითხებზე, ვფიქრობ არასწორია ამ ინიციატივების გაჟღერება.”
სამთავრობო მედია ნინო ლომჯარიას განცხადებას სალომე ზურაბიშვილს არასწორად უკავშირებს. რეალურად, ციტატა სალომე ზურაბიშვილსა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მის გეგმას არ ეხებოდა. ლომჯარიამ აღნიშნული ოპოზიციური პარტიების შესახებ თქვა და განმარტა, რომ ისინი შეთანხმებულად არ მოქმედებენ. ზურაბიშვილის ინიციატივის შესახებ ლომჯარიამ პოზიტიურად ისაუბრა.
18 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა. მან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, დააანონსა რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს. მანამდე კი საერთაშორისო გამოძიებამ უნდა გამოავლინოს სისტემური ხარვეზები. გეგმის თანახმად, გარდამავალ პერიოდში უნდა შენარჩუნდეს მეათე მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაცია, ასევე უცვლელი უნდა დარჩეს მინისტრთა კაბინეტი. მედიებმა ნინო ლომჯარიას ციტატა პრეზიდენტის სწორედ ამ ინიციატივაზე გამოხმაურებად წარმოაჩინეს.
18 ნოემბერს “ტელეკომპანია პირველის” გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” ნინო ლომჯარია ჩაერთო (1:23:30). მათ მიმდინარე პროტესტის შესახებ ისაუბრეს. ლომჯარიამ არაერთხელ ახსენა, რომ ოპოზიციური პარტიები შეუთანხმებლად მოქმედებენ. სასურველია, მათ მნიშვნელოვან საკითხებზე ერთნაირი პოზიცია წარმოადგინონ, რაც დასავლელი პარტნიორებისთვისაც აშკარა იქნება. ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ ყოფილ სახალხო დამცველს პრეზიდენტის ინიციატივის შესახებაც ჰკითხა. აღსანიშნავია, რომ ლომჯარიამ ინიციატივა მოიწონა და მასზე პოზიტიურად ისაუბრა. კერძოდ, თქვა, რომ პრეზიდენტის ინიციატივას შეუძლია ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასა და რიგ საკითხებზე საერთო ხედვების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყოს. მან პრეზიდენტის ინიციატივის შესახებ აღნიშნა:
“იმის გამო, რომ შეიძლება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ ჩამოაყალიბა ერთობლივი ხედვა მოთხოვნების, ასე ვთქვათ, გაერთიანება, რაც, სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ არ მოხდა, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის ყველას, ოთხივეს ერთად ეს არ წარუდგენიათ. მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესს შეიძლება ხელი შეუწყოს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულმა ხედვამ, თუ როგორ ხედავს ის მოვლენების განვითარებას და შეიძლება, ძალიან პოზიტიური როლიც ითამაშოს ამან, რომ, აი, ამ საკითხების გარშემო გაერთიანდნენ.”

მედიების მიერ გავრცელებული ციტატა ნამდვილად ნინო ლომჯარიას ეკუთვნის და ამავე გადაცემაში ითქვა. როდესაც ლომჯარია ოპოზიციური პარტიების კოორდინაციის პრობლემაზე საუბრობდა აღნიშნა, რომ აუცილებელია რიგ საკითხებზე ოზპოზიციური პარტიების საერთო პოზიცია და მოთხოვნებიც მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული, ხოლო თუ ისინი გეგმაზე ვერ თანხმდებიან, არასწორია ასეთი ინიციატივების გაჟღერება და დანარჩენების ფაქტის წინაშე დაყენება. ნინო ლომჯარიას ციტატა, რომელშიც ის ყოველდღიურად ახალ და შეუთანხმებელ ინიციატივებზე საუბრობდა, ოთხ ოპოზიციურ პარტიას მიემართებოდა. კერძოდ, მან თქვა:
“თუ რაიმე განსხვავებული მოსაზრებები ან შეხედულებებია, რა უნდა მოხდეს, ამაზე უნდა ისაუბრონ პოლიტიკურმა პარტირბმა, შიგნით, დახურულ კარს მიღმა მათ უნდა შეძლონ ერთმანეთთან საუბარი. არ შეიძლება, ყოველ დღე ახალ-ახალ რაღაც ინიციატივებზე ვიგებდეთ და ერთმანეთისთვის ეს იყოს რაღაცა სიურპრიზი. არ შეიძლება, რომ ოთხი პოლიტიკური ცენტრი იყოს და ყველას რაღაცა იდეა ქონდეს და ტელევიზორიდან იგებდნენ ან ფაქტის წინაშე დგებოდნენ ვიღაცას რაღაც ინიციატივა რომ აქვს.”
ნინო ლომჯარიას შესახებ არაერთხელ გავრცელდა მცდარი ინფორმაცია თუ ვიზუალური მანიპულაცია, კონტექსტის გარეშე გაუვრცელებიათ მისი ციტატები. 2021 წელს, როდესაც ლომჯარია სახალხო დამცველი იყო, “მითების დეტექტორმა” დაადგინა, რომ სახელისუფლებო ტროლები, მედია და ხელისუფლების წევრები სოციალურ ქსელში მისი დისკრედიტაციის კამპანიაში იყვნენ ჩართული. იხილეთ ვრცლად კვლევა:
წყაროს შესახებ:
ერთ-ერთი ფეისბუქ ანგარიში, რომელიც ოპოზიციური პარტიის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს, ირმა ხახუტაიშვილია. ის მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. ხახუტაიშვილი სოციალურ ქსელში სისტემატურად აქვეყნებს ანტიდასავლური შინაარსის, ასევე ქართული ოპოზიციის საწინააღმდეგო ცნობებსა და ყალბ ამბებს. მის მიერ გამოქვეყნებული პოსტები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა და ისიც დაადგინა, რომ აღნიშნული ანგარიში ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასა და პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიებშიც მონაწილეობდა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.