18-19 მარტს პარტია “ხალხის ძალის” წევრმა, დავით ქართველიშვილმა და ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1, 2, 3.) გაავრცელეს საინფორმაციო ბარათი (ქარდი), რომელზეც “მთავარი არხის” ლოგოა დატანილი. ფოტოზე ვკითხულობთ ინფორმაციას, თითქოს “ტრამპმა პუტინს კატეგორიულად მოსთხოვა მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლდება”. აღნიშნული ფოტო “მთავარი არხის” მიერ შექმნილი და გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათების სტილშია შესრულებული და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის ნამდვილად ხსენებულ მედიას ეკუთვნის.
ფეისბუქზე “მთავარი არხის” ლოგოთი ყალბი საინფორმაციო ბარათები ვრცელდება. რეალურად, ამ მედიის სოც.ქსელში 18 მარტს ტრამპისა და პუტინის იდენტური ფოტოთი ქარდი აიტვირთა, რომელზეც სხვა ინფორმაცია იყო დატანილი. მტკიცება, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა, “მთავარ არხს” არ გაუვრცელებია. ასევე ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია, რომ ტრამპმა მსგავსი განცხადება გააკეთა. “მთავარი არხის” ლოგოს გამოყენებით ემანუელ მაკრონის ციტატაც გააყალბეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული საინფორმაციო ბარათი “მთავარი არხის” ფეისბუქ გვერდზე არ იძებნება და მასზე დატანილი ტექსტი გაყალბებულია. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ ფეისბუქზე გავრცელებულ ქარდზე გამოყენებული ასოების ფორმა და ზომა განსხვავდება ტელეკომპანიის მიერ გამოყენებული ფონტებისაგან. მედიის გვერდზე 18 მარტს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შესახებ არაერთი ქარდი გამოქვეყნდა, მათ შორის 21:53 წუთზე, რომელზეც ტრამპის და პუტინის ის ფოტოა გამოყენებული, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა, თუმცა მასზე განსხვავებული ინფორმაცია არის დატანილი. 22:15 წუთზე კი ერთ-ერთ ფეისბუქ ჯგუფში გამოქვეყნდა გაყალბებული საინფორმაციო ბარათის ყველაზე ძველი ვერსია, რომელსაც “მითების დეტექტორმა” მიაკვლია.
![]() |
![]() |
“მთავარი არხის” გვერდზე 21:53 წუთზე
გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათი |
ფეისბუქზე 22:15 წუთზე ატვირთული ქარდი |
აღსანიშნავია, რომ ფეისბუქ-მომხმარებელმა, რომელმაც პირველმა გაავრცელა “მთავარი არხის” გაყალბებული საინფორმაციო ბარათი, იმავე ჯგუფში აღნიშნული მედიის კიდევ ერთი გაყალბებული ქარდი 18 მარტის 23:45 წუთზე ატვირთა. “მთავარი არხის” ლოგოთი გაფორმებულ ფოტოზე ამჯერად საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია გამოსახული, დატანილ ტექსტზე კი წერია, რომ მაკრონის თქმით “ომის დასასრულებლად, პირველ რიგში უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი!!!”. “მთავარი არხის” ფეისბუქ-გვერდზე აღნიშნული ინფორმაცია არ იძებნება, 23:35 წუთზე მათ გამოაქვეყნეს იდენტური ვიზუალის მქონე ქარდი, რომელზეც აღნიშნულია ემანუელ მაკრონის სიტყვა: “ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას აგრესიული ომის პირობებში, რადგან ჩვენი ისტორიიდან ვიცით, რას ნიშნავს, იყო ოკუპირებული…” სააკაშვილის გათავისუფლებაზე მაკრონს განცხადება არ გაუკეთებია.
![]() |
![]() |
“მთავარი არხის” გვერდზე 23:35 წუთზე
გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათი |
ფეისბუქზე 23:45 წუთზე ატვირთული ქარდი |
“მითების დეტექტორმა” “მთავარი არხის” ლოგოთი გამოქვეყნებული ყალბი საინფორმაციო ბარათები წარსულშიც არაერთხელ აღმოაჩინა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.