25-27 აპრილს, ფეისბუქზე ქართულ და რუსულენოვანმა ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, “გლობალური ელიტა გეგმავს კაცობრიობის იძულებას ჭამონ საკუთარი განავალი და სვან საკუთარი შარდი”. პოსტის ავტორების მტკიცებით, აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ინსაიდერმა და აღნიშნული გადაწყვეტილება WEF-ის ცნობით, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიზნით მიიღეს. პოსტებში ასევე აღნიშნულია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იაპონელ მეცნიერთან და ტოკიოს კანალიზაციასთან თანამშრომლობს. ერთ-ერთ პოსტში ასევე ატვირთულია ვიდეო, რომელშიც გამოცემა The People’s Voice-ის სიუჟეტია ნაჩვენები, სადაც ანალოგიური ინფორმაცია გაჟღერდა.
მტკიცება თითქოს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აპირებს ხალხს აიძულოს საკუთარი განავლის ჭამას და შარდის დალევას, კონსპირაციულია და ეყრდნობა დაუდასტურებელ ინფორმაციებს, რომლებსაც კონსპირაციული გამოცემა The People’s Voice ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის პირველწყარო, სავარაუდოდ კონსპირაციული გამოცემა The People’s Voice-ს სტატია და სიუჟეტი გახდა, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გადაწყვეტილებით, ისინი მალე ხალხს აიძულებენ, საკუთარი განავლისგან შექმნილი ხორცი ჭამონ და შარდისგან დამზადებული ლუდი დალიონ. გამოცემა ასევე ამტკიცებს, რომ ამ ყველაფერს ისინი კლიმატთან ბრძოლის და დედამიწის გადარჩენის სახელით განახორციელებენ, თუმცა სინამდვილეში მათი მიზანი ჩვენი დამცირება და სულის ჩახშობაა.
სტატიაში ამტკიცებენ, რომ ამ მიზნების განსახორციელებლად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი თანამშრომლობს ტოკიოს კანალიზაციასთან და იაპონელ მეცნიერთან, რომ ყველას მიაწოდონ ის პროდუქტი, რასაც იაპონელები განავლის ბურგერს ეძახიან. ეს კი შესაძლებელია იმიტომ, რომ WEF-ის მტკიცებით, განავალში დიდი რაოდენობის პროტეინია, რომლის არ გამოყენებაც არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, დანაშაული იქნება. აღნიშნული მტკიცება ეფუძნება ბოლო 2 ათწლეულში არაერთხელ გავრცელებულ ცნობას, თითქოს იაპონელმა მეცნიერმა, ტოკიოს კანალიზაციის დეპარტამენტთან ერთად შეძლო და განავლისგან აღებული პროტეინებით შექმნა ხორცი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინფორმაცია არ დასტურდება და დიდი ალბათობით ყალბია. სხვადასხვა გამოცემების კვლევის პროცესში შეუძლებელი აღმოჩნდა აღნიშნული მეცნიერის არსებობის დადგენა. ასევე არაერთი შეუსაბამისობა დადგინდა გავრცელებულ ვიდეოშიც, სადაც “მეცნიერი” აღწერს თუ როგორ შეძლო “განავლის ბურგერის” შექმნა. აღსანიშნია, რომ იდენტური ინფორმაცია პირველად 1990-იან წლებში გავრცელდა, თუმცა მას შემდეგ მსგავსი პროდუქტის შექმნის რაიმე მტკიცებულება არსად გამოქვეყნებეულა.
იაპონელი მეცნიერის მიერ “განავლის ბურგერის” შექმნის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ:
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ The People’s Voice-ის სტატიაში განთავსებულ ვიდეოზე ჩანს სქრინშოტი, რომელშიც ჩანს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის X (ტვიტერი) ანგარიშზე გამოქვეყნებული პოსტი: “ხალხი ისწავლის საკუთარი განავლის ჭამის სიყვარულს”.
სინამდვილეში, მსგავსი პოსტი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის X ანგარიშზე არ იძებნება და დიდი ალბათობით, კონსპირაციული გამოცემის მიერ არის გაყალბებული, რაც მათ წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებიათ. მაგალითად, მათ გამოქვეყნებულ მასალებში მინიმუმ ორჯერ გამოიყენეს მსგავსი ტაქტიკა, კონკრეტულად WEF-ის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის გასამტკიცებლად.
ანონიმური ფეისბუკ-ანგარიში “ბოლო ჟამის ქრისტიანები” რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციები “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.
გამოცემა “The People’s Voice” კონსპირაციული შინაარსის სტატიებს აქვეყნებს და ხშირად სხვადასხვა ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა 2014 წელს შეიქმნა და თავდაპირველად YourNewsWire ერქვა, 2017 წელს რებრენდინგის შედეგად NewsPunch გახდა. NewsPunch-მა არაერთი ყალბი ინფორმაცია გამოაქვეყნა. შემდეგ კი სახელი კვლავ შეიცვალა და The People’s Voice გახდა. Poynter.org–ის მიხედვით ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა. “მითების დეტექტორმა” მათ მიერ გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.