8 ივლისს ფეისბუკ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სქესობრივი აღზრდის სტანდარტებზე არის საუბარი. ვიდეოში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი რეკომენდაციების მიხედვით, 9-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვს პირველი სექსუალური გამოცდილება უნდა ჰქონდეს და პორნოგრაფიული მასალა გამოიყენოს, 0-4 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მასტურბაციის შესახებ, 12-დან 15 წლამდე ბავშვებმა კი უნდა იცოდნენ განსხვავება ჰეტერო და ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს შორის.
იდენტური შინაარსის ვიდეოები 2023 წელს რუსელენოვანმა ფეისბუკ მომხმარებლებმაც გაავრცელეს (1,2,3).
ინფორმაცია ჯანმოს სქესობრივი აღზრდის სტანდარტების შესახებ მანიპულაციურად ვრცელდება. რეალურად, გაიდლაინები მიზნად ისახავს ბავშვების ინფორმირებას და განათლებას სექსუალობის შესახებ მათი ასაკისთვის შესაბამისი ფორმით და არა ბავშვების წახალისებას ნებისმიერი ტიპის სქესობრივი აქტივობისკენ. სახელმძღვანელოში არსებული სქესობრივი განათლების სტანდარტები ითვალისწინებს სარისკო ქცევის თავიდან აცილებას, ახალგაზრდებისთვის იმ ცოდნისა და უნარების გამომუშავებით, რაც მათ სჭირდებათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
“სქესობრივი განათლების სტანდარტები ევროპაში”, რომელიც გამოიცა ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისისა და BZgA-ს მიერ, მიზნად ისახავს ბავშვებისა და მოზარდებისთვის ასაკისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, სექსუალობისა და ურთიერთობებისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ხელშეწყობას. სახელმძღვანელო ასახავს ძირითად თემებსა და კონცეფციებს, რომლებიც უნდა დაინერგოს სხვადასხვა ასაკობრივ სტადიაზე ახალგაზრდების ჯანსაღი განვითარების ხელშეწყობის მიზნით. სახელმძღვანელოში წარმოდგენილია მატრიცა, რომელიც დაყოფილია სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიად (0-4, 4-6, 6-9, 9-12, 12-15, 15+). თითოეულ კატეგორიაში წარმოდგენილია თემები და ცნებები, რომლებიც უნდა დაინერგოს ამა თუ იმ ეტაპზე. მაგალითად, 9-12 ასაკობრივი ჯგუფისთვის გამიზნული საკითხებია: პირველი სქესობრივი გამოცდილება, გენდერული ორიენტაცია, სიყვარული, შეყვარებულებულად ყოფნა, სიამოვნება, მასტურბაცია, ორგაზმი, განსხვავებები გენდერულ იდენტობასა და ბიოლოგიურ სქესს შორის. ამ თემების ჩართვა მიზნად ისახავს ბავშვების ინფორმირებას და განათლებას სექსუალობის შესახებ მათი ასაკისთვის შესაბამისი ფორმით და არა ბავშვების წახალისებას ნებისმიერი ტიპის სქესობრივი აქტივობისკენ. „პირველი სქესობრივი გამოცდილება“ 9-12 წლის ასაკში ნიშნავს არა სქესობრივი აქტივობის წახალისებას, არამედ იმის გაგებას, თუ რას ნიშნავს ეს, რა ემოციური ასპექტები ახლავს თან და როგორია თანხმობისა და მზადყოფნის მნიშვნელობა. ამ საკითხების შესახებ მოზარდებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ბავშვებმა და მოზარდებმა სწორად აღიქვან სხეულის ცვლილებები, ემოციები, ურთიერთობები და დაიცვან პირადი საზღვრები. გარდა ამისა, ფაქტობრივი და ასაკის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით, გაიდლაინები ეხმარება ბავშვებსა და მოზარდებს მითებისა და მცდარი წარმოდგენების გაქარწყლებაში, რაც მნიშვნელოვანია სექსუალური განვითარებისადმი ჯანსაღი და ინფორმირებული მიდგომის ჩამოსაყალიბებლად.
აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმძღვანელოში არსებული სქესობრივი განათლების სტანდარტები მიზნად ისახავს უსაფრთხო პრაქტიკის პოპულარიზაციას და სარისკო ქცევის თავიდან აცილებას ახალგაზრდებისთვის იმ ცოდნისა და უნარების გამომუშავებით, რომელიც საჭიროა ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.
ვიდეოში ასევე გაჟღერდა მტკიცება, რომ ჯანმოს სტანდარტების თანახმად, 0-4 წლის ასაკის ბავშვებს უნდა აუხსნან, თუ რა არის მასტურბაცია. რეალურად, რეკომენდაციები 0-4 წლის ბავშვებისთვის ვარაუდობს იმას, რომ ბავშვებს შეუძლიათ გამოიკვლიონ თავიანთი სხეული და გაიგონ საკუთარი სხეულის ავტონომია. ეს ნაწილი, სავარაუდოდ, ეხება არა სექსუალურ განათლებას, არამედ საკუთარი სხეულის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და თვითშეფასების ამაღლების ხელშეწყობას.
კიდევ ერთი მტკიცების თანახმად, 4-6 წლამდე ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მასტურბაცია მისი სურვილის გამოხატვის ფორმაა და ასევე უნდა იცოდეს განსხვავება ჰეტეროსექსუალურ და ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს შორის. რეალურად, ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, გაიდლაინები გვირჩევენ, რომ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ „გენდერული იდენტობების შესწავლის უფლება“ და უნდა იცოდნენ რომ მეგობრობა და სიყვარული შეიძლება არსებობდეს ერთსა და იმავე სქესის მქონე ადამიანებს შორის. დოკუმენტში ნახსენებია „სხეულზე შეხება და გამოკვლევა“, მაგრამ არ არის ნახსენები მასტურბაცია, როგორც სურვილის განსაზღვრისა და გამოხატვის ფორმა. ეს ნაწილი ხაზს უსვამს მრავალფეროვნების გაგებასა და პატივისცემას სექსუალურ ქცევებზე ფოკუსირების გარეშე.
რისთვის არის საჭირო სქესობრივი განათლება?
სქესობრივი განათლება მოიცავს ცოდნას ადამიანის სხეულის განვითარების, პუბერტატის პერიოდის, ადამიანებს შორის პატივისცემის, ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბების, კონტრაცეფციის შესახებ და ა.შ. მისი ძირითადი პრინციპია ბავშვებისა და მოზარდებისთვის ასაკისთვის შესაბამისი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება. სქესობრივი განათლება ეხმარება ინდივიდებს გაიაზრონ თანხმობის მნიშვნელობა, ეხმარება მათ იცოდნენ თავიანთი უფლებები და სხვისი საზღვრების პატივისცემა. ეს ცოდნა თავის მხრივ ხელს უწყობს ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რაც გადამწყვეტია სექსუალური ძალადობის თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, სქესობრივი განათლება გვაწვდის ინფორმაციას სხვადასხვა კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ, ეხმარება ინდივიდებს გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, ასევე მოიცავს ნაყოფიერებასთან, მენსტრუალურ ციკლებთან და რეპროდუქციის ბიოლოგიურ ასპექტებთან დაკავშირებულ თემებს, რაც ინდივიდებს ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში და ამავე დროს ამცირებს აბორტებისა და არასასურველი ორსულობების შემთხვევებს. გარდა ამისა, სქესობრივი განთლება ამცირებს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების განვითარების რისკს. აღსანიშნავია ისიც, რომ სქესობრივი განათლება მხარს უჭერს ფსიქიკურ და ემოციურ ჯანმრთელობასაც. სხეულის ცვლილებებისა და სექსუალური განვითარების ნორმალურობის სწავლებით, სექსუალური განათლება ეხმარება ინდივიდებს სხეულზე დადებითი წარმოდგენის და თვითშეფასების განვითარებაში. სქესობრივი განათლება ასევე ეხება სექსუალური ურთიერთობების ემოციურ ასპექტებს, ეხმარება ინდივიდებს გააცნობიერონ ემოციურად მზადყოფნისა და მომწიფების მნიშვნელობა სქესობრივი აქტივობების დაწყებამდე.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ-ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.