10-12 ოქტომბერს რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1; 2; 3; 4; 5) გაავრცელეს მოცურავის ფოტო წარწერით “ოლიმპიურმა კომიტეტმა იტალიელი ლუსია თომასი ქალთა ცურვის შეჯიბრებიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნა”.
17 და 21 ოქტომბერს ამავე მოცურავის ამსახველი სხვა ფოტო და ვიდეოც გავრცელდა, რომლებშიც ის ტირის. პოსტებს ერთვის წარწერა “მსოფლიო ჩემპიონი აშშ-დან ქალთა გუნდიდან მიზეზის ახსნის გარეშე გააგდეს”.

გავრცელებული ფოტოების ნაწილი დარედაქტირებულია, ნაწილი კი AI-ის გამოყენებით შექმნილი ვიდეოდანაა ამოჭრილი. ფოტოზე არა იტალიელი ლუსია თომასი, არამედ ამერიკელი მოცურავე ლია თომასია გამოსახული. 2024 წელს შვეიცარიის სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ თომასის საქმე განხილვაში არ მიიღო და ძალაში დატოვა ტრანსგენდერი ქალების მონაწილეობის აკრძალვა ქალთა სპორტულ სახეობებში.
გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოში არა იტალიელი ლუსია თომასი, არამედ ამერიკელი ტრანსგენდერი მოცურავე ლია თომასია გამოსახული. ფოტოების ნაწილი რედაქტირებულია. ფოტოს ორიგინალ ვერსიასთან შედარებით ვხედავთ, რომ გავრცელებულ ვერსიაში სასქესო ორგანოები მეტად გამოკვეთილია.

ვიდეო, რომელშიც თომასი ტირის, ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი, რისთვისაც სწორედ ზემოთ მოყვანილი ყალბი ფოტოა გამოყენებული. ვიზუალური დაკვირვებითაც შესამჩნევია, რომ ვიდეოში პირველ კადრში ნამდვილად თომასი ჩანს (იმის გამოკლებით, რომ სასქესო ორგანოს ადგილი განზრახაა შეცვლილი), შემდგომ კადრებში კი მისი სახე იცვლება. ფოტო, რომელშიც თომასის ტირილს ვხედავთ, ამ ვიდეოდანაა ამოჭრილი. აღსანიშნავია, რომ ვიდეო განთავსდა რუსულენოვან ჯგუფში СМЕХОТЕРАПИЯ – ЛУЧШЕЕ ЛЕКАРСТВО (სიცილის თერაპია – საუკეთესო წამალია), რომელშიც ძირითადად იუმორისტული შინაარსის კონტენტი ვრცელდება და თავად ვიდეოსაც სიტყვა “იუმორისტი” აწერია.

ფოტოებზე და ვიდეოზე დატანილი ინფორმაცია რამდენიმე უზუსტობას შეიცავს. ცნობები, რომ თომასი ოლიმპიურმა კომიტეტმა ქალთა ცურვის შეჯიბრებიდან მიზეზის განმარტების გარეშე მოხსნა, მცდარია.
გასულ წელს თომასმა შვეიცარიის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რათა ქალთა ელიტურ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება მიეღო, თუმცა სასამართლომ საქმე არ მიიღო. 2022 წელს მიღებული წესების მიხედვით, ტრანსგენდერ ქალებს, რომლებმაც გარდატეხის ასაკი როგორც ბიჭებმა ისე გაიარეს, ქალთა სპორტულ სახეობებში მონაწილეობა ეკრძალებათ.
მცდარია ისიც, რომ თომასი მსოფლიო ჩემპიონია. 2022 წელს მან NCAA-ს (კოლეჯების ეროვნული სტუდენტური ასოციაცია) ქალთა შორის 500 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მოიპოვა გამარჯვება პენსილვანიის უნივერსიტეტის სახელით.
2025 წლის 2 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტი ტრანსგენდერ ქალებს ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობას აუკრძალავს და 2021-22 წლების სეზონს ახალი კრიტერიუმების მიხედვით გადახედავს და შეაფასებს.
შესაბამისად, ფოტოები და ვიდეო თომასის დისკრედიტაციის მიზნით რედაქტირებულია და მათზე მცდარი ფაქტებია დატანილი.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















