მტკიცება, თითქოს “მოქალაქეთა კავშირი” ბანერზე ლგბტქ+ დროშას იყენებდა, სიმართლეს არ შეესაბამება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

მოქალაქეთა კავშირი
87
VIEWS

2025 წლის 8 ივნისს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-ანგარიშმა Nina Marji გამოაქვეყნა “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” საარჩევნო ბანერის სქრინშოტი, რომელზეც მითითებულია, რომ ბანერზე LGBTQ+ დროშაა დატანილი. პოსტის აღწერაში ავტორი წერს: 

„პარტია “მოქალაქეთა კავშირი” 1993 წელს დაარსებულა. ჰოდა, ჯმო-სთან და შემდეგ გაეროსთან ხელშეკრულებები კი 1992 წლის გაზაფხულ-ზაფხულში გაუფორმებიათ, ედუარდის ჩამოთრევიდან რამოდენიმე თვეში…. ზვიად გამსახურდია ჰყავდათ ყელში ძვალივით გარჭობილი და ვერ აიძულეს ხელისმოწერა დოკუმენტებზე, რომელიც იმ ხელშეკრულებებს ლეგალურს გახდიდა…”მანამდე,  2024 წლის 30 ოქტომბერს, პოსტი დეზინფორმაციის გამავრცელებელი კიდევ ერთი ფეისბუქ-მომხმარებლის, ირაკლი ზაქარეიშვილის გვერდზე გვხვდება. მისი მტკიცებით, პარტიამ საარჩევნო ბანერზე ლგბტქ+ დროშის ფერები დასავლეთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გამოიყენა.

მოქალაქეთა კავშირი

მტკიცება, თითქოს “მოქალაქეთა კავშირის” საარჩევნო ბანერზე ცისარტყელას ფერები ლგბტქ+ დროშის სიმბოლიკითაა გამოყენებული, დეზინფორმაციულია. პარტიის პლაკატზე 9 ფერია მოცემული, რაც განსხვავდება ლგბტქ+ დროშის ფერებისა და მათი რაოდენობისგან. ასევე, მტკიცებულების გარეშეა, თითქოს ზვიად გამსახურდია გაეროსთან თანამშრომლობას ეწინააღმდეგებოდა.

ფორმა და იდეოლოგია

ლგბტქ+ დროშის ყველაზე გავრცელებული ვარიანტია ჰორიზონტალურად განლაგებული 6 ფერის ზოლი. დროშის ვიზუალი დროთა განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა იმ პერიოდში, როდესაც „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი” არსებობდა, სწორედ  6-ფერიანი დროშა იყო ლგბტ თემის სიმბოლო. ისიც აღსანიშნავია, რომ დროშა გლობალური სიმბოლო 2000-იანი წლებიდან ხდება და ვრცელდება ევროპაში, ლათინო ამერიკასა და ავსტრალიაში. დეზინფორმაციულად გავრცელებულ პლაკატზე კი  6-ის ნაცვლად, 9 ფერია გამოყენებული:  

მოქალაქეთა კავშირი
მარცხნივ: პარტიის პლაკატი; მარჯვნივ: LGBTQ+ დროშა

გარდა ამისა, ცისარტყელას ფერებს სიმბოლური დატვირთვით  ლგბტქ+ დროშის შექმნამდეც (1978 წლამდე) იყენებდნენ. ფერები, ძირითადად, მრავალფეროვნებას, მშვიდობასა და ერთიანობას გამოხატავდა. მაგალითისთვის, ჯერ კიდევ 1913 წელს შეიქმნა მსოფლიოს მშვიდობის დროშა, რომელზეც გლობუსის გვერდით ჰორიზონტალური ფერადი ხაზებია გამოსახული, თითოეულ ფერს აქვს აზრობრივი დატვირთვა.

მოქალაქეთა კავშირი

მშვიდობისა და ჰარმონიის სიმბოლოდ საარჩევნო პლაკატში ცისარტყელა 1992 წელს “საქართველოს მწვანეთა პარტიამაც” გამოიყენა.

მოქალაქეთა კავშირი
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

პარტიის შესახებ

“საქართველოს მოქალაქეთა კავშირი” 1993 წელს დაარსდა, პარტიის თავმჯდომარე 1993-1995 წლებში იყო ედუარდ შევარდნაძე. 2002 წელს პარტიას გამოეყო რეფორმატორთა ერთი ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, რომელმაც შექმნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და რეფორმატორთა მეორე ჯგუფი ზურაბ ჟვანიას მეთაურობით, რომელმაც დააარსა პარტია “გაერთიანებული დემოკრატები”.  “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” პლაკატებზე გვხვდებოდა ლოზუნგები: „ბავშვები უნდა იცინოდნენ”, „პური უნდა ცხვებოდეს” , “კეთილდღეობა თქვენს ოჯახებს”. პოლიტიკური პარტიების ცნობარში ვკითხულობთ, რომ პარტიის საგარეო პოლიტიკა მოიაზრებდა საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორული და ურთიერთმომგებიან კავშირებს.

მოქალაქეთ კავშირი

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონტექსტით ფოტო პირველად 2016 წლის 19 მაისს Twitter-ზე (დღეს უკვე პლატფორმა X) ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა. წარწერა, “ლგბტ მოქალაქეთა კავშირი”, შესაძლოა, ხუმრობით იყოს დატანილი.

მოქალაქეთა კავშირი

ისტორიული კონტექსტი

ცისარტყელას დროშის შექმნა და ფერების სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირება იწყება 1978 წლიდან, როდესაც ამერიკელმა ხელოვანმა, გილბერტ ბეიკერმა შექმნა რვაფერიანი დროშა, როგორც სექსუალური უმცირესობების ხილვადობის და გამოხატვის სიმბოლო. დროშის შექმნის იდეა ბეიკერს ამერიკელმა პოლიტიკოსმა, ჰარვი მილკმა შთააგონა, პირველმა თანამდებობაზე დანიშნულმა ღიად გეი პოლიტიკოსმა. 1970-იანი წლების ამერიკულ საზოგადოებაში გავრცელებული იყო ჰომოფობია, პრაიდის აღნიშვნა და მსვლელობები იყო აქტივისტების პასუხი პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ. წლების განმავლობაში ამერიკაში არსებობდა კანონები, რომელთა მიხედვითაც, ადამიანებს უნდა ჩაეცვათ სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობაში მითითებული სქესის შესაბამისად. პოლიციელები ატარებდნენ რეიდებს ბარებში, აკავებდნენ ტრანსგენდერებს და ყველას, ვისაც „შეუსაბამოდ” ეცვა. 1969 წელს ნიუ-იორკში, სტოუნვოლის ბარში, ჩვეული რეიდის ჩატარებისას პოლიციელებს მოქალაქეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. 1970 წელს, სტოუნვოლის შემთხვევიდან 1 წლის შემდეგ, გაიმართა პირველი მარში. შესაბამისად, იმდროინდელი ამერიკის პოლიტიკურ სოციალურ ცხოვრებაში აქტუალური იყო სექსუალური უმცირესობების უფლებები. 

რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა საქართველოში, ამ პერიოდში ეს საკითხები დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის დანაშაული იყო, 2000 წელს საქართველოში რამდენიმე კანონში შევიდა ცვლილებები, რომლებიც კრძალავდა ადამიანის დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე. თუმცა, გარკვეული სკანონმდებლო ხარვეზები და შეზღუდვები კვლავ რჩებოდა. 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი დაამტკიცა. მანამდე, 2013 წელს საქართველოში პირველად სცადეს პრაიდის ჩატარება, თუმცა მცდელობა ძალადობით, დაპირსპირებითა და ხმაურით დასრულდა. პრაიდის ჩატარებასა და “ღირსების მარშს” არეულობა და ძალადობა მომდევნო წლებშიც სდევდა თან.  

მტკიცება WHO-სა და გაეროს შესახებ 

მტკიცებულების გარეშეა Nina Marji-ის მიერ გავრცელებული პოსტის აღწერაც, თითქოს ზვიად გამსახურდია ეწინააღმდეგებოდა საქართველოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციებში გაწევრიანებას, აღსანიშნავია, რომ პოსტში არ არის მითითებული ამ მოსაზრების დამადასტურებელი ფაქტი, განცხადება ან წყარო. 

საქართველოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში 1992 წლის 31 ივლისს, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში 1992 წლის 16 მაისს გაწევრიანდა. გაერო აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას.  

გამსახურდიას პოზიციის გასაგებად გავეცანით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ ხუთტომეულს „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები”. ხუთტომეული 1990-1993 წლებში ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებულ ოფიციალურ განცხადებებს, დოკუმენტებსა და ინტერვიუებს აერთიანებს. უტყუარი ფაქტი, მოსაზრება, ციტატა, იმის შესახებ, რომ ზვიად გამსახურდიას არ სურდა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება, არ იძებნება. თავის განცხადებებში იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვდა, ლეგიტიმურად ეცნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა: 

„გაეროს, მსოფლიოს ქვეყნების ხალხებსა და მთავრობებს ვთხოვთ, მხარი დაუჭირონ საქართველოს დამოუკიდებლობას, აღიარონ იგი, გააუქმონ კოლონიური დამოკიდებულება და დაგვეხმარონ მშვიდობიანად გავიდეთ საბჭოთა იმპერიიდან.” (I ტომი, გვ.198)

ამ და სხვა განცხადებებიდან ჩანს, რომ ზვიად გამსახურდიასთვის გაერო წარმოადგენდა დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციის საშუალებას, საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიური ჩარჩოს ბერკეტს რუსეთის ზეწოლის წინააღმდეგ.

არქივის ბმულები (1;2


მოამზადა ცისია მოისწრაფეშვილმა

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist