21 თებერვლიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ სახელმწიფომ იანვრის თვეში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მოქალაქეები 18 მილიონი ლარით დააჯარიმა. ინფორმაცია “ტვ პირველის” სიუჟეტის სათაურში და ფეისბუქ-პოსტშია მოცემული, თუმცა უშუალოდ სიახლისა და სიუჟეტის ტექსტში ეს ინფორმაცია არ გვხვდება. მონაცემებს გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი კომენტარი სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გააშუქეს. საპროტესტო აქციების კონტექსტში 2025 წლის იანვარში 18 მილიონის ოდენობის ჯარიმებზე პოსტი გამოაქვეყნა პარტია “საქართველოსთვის” ფეისბუქ-გვერდმაც.
იანვარში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მოქალაქეების 18 მილიონი ლარით დაჯარიმებაზე ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება. 2025 წლის იანვარში დაახლოებით 18 მილიონი ლარი შეადგინა ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გადახდილმა ჯარიმებმა, რაც მოიცავს არა მხოლოდ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ ჯარიმებს, არამედ, მაგალითად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმებსაც.
საქართველოს ხაზინის ვებსაიტზე სახელმწიფოს ბიუჯეტის შემოსავლების შესახებ მონაცემებში ასევე ხელმისაწვდომია ინფორმაცია, თუ რა შემოსავალი მიიღო ბიუჯეტმა სანქციებით – ჯარიმებითა და საურავებით. 2025 წლის იანვარში ზოგადად ჯარიმებით ბიუჯეტის შემოსავალი 21 587 714.6 ლარი იყო. აქედან 17 935 845.54 ლარი კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გამოწერილი ჯარიმებზე მოდის.

ეს თანხმა მოიცავს გადახდილ ჯარიმებს ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო. მაგალითისთვის, ეს თანხა ითვალისწინების ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობის და კავშირგაბმულობის დარგში ადმინისტრაციული დარღვევების გამო გადახდილ ჯარიმებს (15 918 782.25 ლარი), რაშიც შედის უშუალოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმებიც (12 330 225.16 ლარი). ხაზინის დოკუმენტიდან ჩანს, ადმინისტრაციული დარღვევებისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან მიღებული თანხა უმეტესწილად სწორედ დარღვევის ამ ტიპზე მოდის.

როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა, მარიამ პატარიძე “მითების დეტექტორთან” განმარტა, აქციებთან დაკავშირებით მოქალაქეები ყველაზე ხშირად ადმინისტაციული კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) 173-ე მუხლით (პოლიციის დაუმორჩილებლობა) და 174(1) (შეკრების/მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა) ჯარიმდებიან. ამ მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები კი მიესადაგება საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებისთვის (166-ე მუხლი) და მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი სამართალდარღვევებსთვის (173-ე და 174(1)-ე მუხლები) გამოწერილ ჯარიმებს, რომლებიც შესაბამისად 56 344 და 401 968 ლარს მოიცავს და არა 18 მილიონს.

აღსანიშნავია, რომ თუ 2025 წლის იანვრის მონაცემებს 2024 წლის იანვრისას შევადარებთ, ჯარიმებით ბიუჯეტში შესული თანხის საერთო ოდეონობა და ადმინისტრაციული დარღვევების გამო გადახდილი ჯარიმების ოდენობა შემცირებულია, საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფი დარღვევების გამო გადახდილი ჯარიმების მოცულობა გაზრდილი, ხოლო მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი დარღვევების გამო გადახდილი ჯარიმების მოცულობა – შემცირებული.
2024 წლის იანვარი | 2025 წლის იანვარი | |
სრული შემოსავალი ჯარიმებიდან | 30 835 771.55 | 21 587 714.6 |
შემოსავალი ჯარიმებიდან ადმინისტაციული სამართალდარღვევების გამო | 25 565 902.41 | 17 9 35 845.54 |
შემოსავალი ჯარიმებიდან საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო | 26 300.33 | 56 344.35 |
შემოსავალი ჯარიმებიდან
მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო |
415 292.22 | 401 968.67 |
წყარო: საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები 2024 წლის იანვარი, 2025 წლის იანვარი
გასათვალისწინებელია, რომ ჯარიმის გადახდას კანონით განსაზღვრული ვადებიც აქვს, შესაბამისად იანვარში ჯარიმებით და საურავებით ბიუჯეტში შესული თანხა არ ასახავს უშუალოდ იანვარში გამოწერილი ჯარიმების ოდენობას. აღსანიშნავია ისიც, რომ აქციებთან დაკავშირებული ჯარიმებს მოქალაქეები ზოგჯერ ასაჩივრებენ, რის გამოც იზრდება ჯარიმის გადასახდელი ვადებიც.
ოქტომბრის ბოლოს დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებები შევიდა, რომელთა შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციულ დარღვევებზე გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა. მაგალითად, თუ ადრე შეკრების ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევაზე მანიფესტაციის მონაწილისთვის ჯარიმა 500 ლარი, ხოლო ორგანიზატორისთვის 5000 ლარი იყო, ცვლილებების შემდეგ ჯარიმა 5000 და 15000 ლარამდე გაიზარდა; ჯარიმა მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებისთვის 50 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზარდა. აიკრძალა აქციებზე სახის ნიღბით დაფარვა და ლაზერის ტარება. დაწესდა ჯარიმები პიროტექნიკის გაყიდვასა და გამოყენებაზე. 7 თებერვალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული კიდევ ერთი ცვლილებით კი შეკრებასა და მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ნაწილი შსს-ს განსჯადი გახდა, რაც ნიშნავს, რომ ამ დარღვევებისთვის ჯარიმების გამოწერა სასამართლოს ნაცვლად პირდაპირ პოლიციას შეუძლია. მოქალაქეებს აქტიურად აჯარიმებენ პარლამენტის წინ ყოველდღიური აქციების დროს, იმ მოტივით, რომ გზის გადაკეტვისთვის ადამიანების რაოდენობა საკმარისი არ იყო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ 5000 ლარიანი ჯარიმა არაპროპორციულია და საარსებო მინიმუმზე 19-ჯერ მეტი ოდენობის სანქცია გზის გადაკეტვისთვის სისხლისსამართლებრივ დასჯას უთანაბრდება.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.