30 აგვისტოს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის განხილვის პირველივე დღეს “პრეზიდენტს, ოპოზიციას და ენჯეოებს კონსტიტუციის 11 მუხლთან დაკავშირებული საჩივრის მოხსნა მოუწიათ”. პოსტის აღწერაში მედია საჩივრის მოხსნას “პირველ მარცხს” უწოდებს.
POSTV-ს ქარდი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა პროსახელისუფლებო ექსპერტმა გია აბაშიძემ და დაწერა, რომ სასამართლოში “ტოქსიკურმა კოლექტიურმა “ნაცებმა” და მათმა საგარეო სპონსორებმა პირველი მარცხი იწვნიეს”. აბაშიძის განცხადება პროსახელისუფლებო მედიამ გაავრცელა (1;2;3;4;5), ხოლო მასალები ფეისბუქ-ჯგუფებში გია აბაშიძემ თავად გადააზიარა (1;2;3;4;5;6;7).
საჩივრის მოხსნაზე ინფორმაცია გაავრცელა იმედმაც. ფოტოზე დატანილი წარწერის მიხედვით, მოსარჩელეებმა უკან დაიხიეს და მე-11, თანასწორობის მუხლზე საჩივარი მოხსნეს.
POSTV საკონსტიტუციო სასამართლოში მე-11 მუხლზე საჩივრის მოხსნაზე ნაწილობრივ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს. რეალურად, აღნიშნულ მუხლზე საჩივარი ოთხიდან მხოლოდ ერთი სარჩელის ავტორებმა, მათი განმარტებით, გარკვეული ტაქტიკის გამო მოხსნეს. დანარჩენი სამი მოსარჩელე აღნიშნული მუხლის დარღვევაზე არ დავობდა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით სარჩელებზე განხილვა 29 აგვისტოს დაიწყო. განმწესრიგებელი სხდომები, რომელთა დროსაც მოსარჩელეებმა განმარტეს, თუ რატომ მიუთითებენ კონსტიტუციის კონკრეტული მუხლების დარღვევის შესახებ, 31 აგვისტოს დასრულდა და პლენუმი სათათბიროდ გავიდა. 31 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში პლენუმმა უნდა იმსჯელოს, მიიღებს თუ არა წარმოებაში სარჩელებს. ასევე, მოსამართლეებმა უნდა დაადგინონ, შეჩერდება თუ არა ე.წ. აგენტების კანონის მოქმედება საკონსტიტუციოს მიერ განხილვის დასრულებამდე.
ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციოში შესული სარჩელების ავტორები არიან: პრეზიდენტი; არასამთავრობოები და მედია – ჯამში, 122 ორგანიზაცია; 38 ოპოზიციონერი დეპუტატი; 2 მედიაორგანიზაცია – სტუდია “მონიტორი” და საინფორმაციო ცენტრების ქსელი (მთის ამბები, რეგ ინფო, საქართველოს ამბები).
მოსარჩელეები კონსტიტუციის კონკრეტული მუხლების დარღვევაზე მიუთითებენ, მაგალითად:
- N1828 კონსტიტიციურ სარჩელში (პრეზიდენტი) დავის საგანს წარმოადგენდა კანონის კონსტიტუციურობა მე-12 (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება), მე-15 (პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები), მე-17 (აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები). 22-ე (გაერთიანების თავისუფლება), 31-ე (საპროცესო უფლებები) და 78-ე (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) მუხლებთან მიმართებით.
- N1829 სარჩელში (122 ორგანიზაცია) დავის საგანს წარმოადგენდა კანონის კონსტიტუციურობა მე-17 (აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები) და 22-ე (გაერთიანების თავისუფლება) მუხლებთან მიმართებით.
- N1834 სარჩელში (38 ოპოზიციონერი დეპუტატი) დავის საგანს წარმოადგენდა კანონის კონსტიტუციურობა 22-ე (გაერთიანების თავისუფლება) და 78-ე (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) მუხლებთან მიმართებით.
- N1837 სარჩელში (სტუდია მონიტორი და საინფორმაციო ცენტრების ქსელი) დავის საგანს წარმოადგენდა კანონის კონსტიტუციურობა მე-11 (თანასწორობის უფლება), მე-17 (აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები) და 22-ე (გაერთიანების თავისუფლება) მუხლებთან მიმართებით.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეები მათ მიერ მომზადებულ სარჩელებში უმეტესად კონსტიტუციის ერთსა და იმავე მუხლებზე მიუთითებდნენ, თუმცა, პრეზიდენტსა და ორ მედიაორგანიზაციას სარჩელებში ჰქონდათ მუხლებიც, რომელთა მიმართებით კანონის კონსტიტუციურობზე სხვა 3 მხარე არ დავობდა – მე-12 (პრეზიდენტს) და მე-11 (2 მედიაორგანიზაციას).
სწორედ მე-11 მუხლთან დაკავშირებული საჩივრის გაწვევაზე წერს სამთავრობო მედია POSTV, თუმცა, მიუთითებს, რომ ის პრეზიდენტმა, ოპოზიციამ და არასამთავრობოებმა გაიწვიეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ე.წ. აგენტების კანონის მიერ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაზე 4 მოსარჩელედან მიუთითებდა მხოლოდ ერთი (2 მედიაორგანიზაცია საერთო სარჩელში). შესაბამისად, დანარჩენი 3 მოსარჩელე ვერ მოხსნიდა მოთხოვნას იმ მუხლთან დაკავშირებით, რომლის დარღვევაზეც არ დავობდა.
2 მედიაორგანიზაციას გელა მთივლიშვილი წარმოადგენდა. მანამ, სანამ სხვა მუხლების დარღვევასა და კანონის ამოქმედების გამო მათ წინაშე მდგარ საფრთხეებზე დაიწყებდა საუბარს, სწორედ მთივლიშვილმა თქვა 29 აგვისტოს განმწესრიგებელ სხდომაზე, რომ მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით მოთხოვნას ხსნიდნენ. ის, რომ აღნიშნული მუხლის დარღვევაზე მხოლოდ ეს მოსარჩელე დავობდა, განხილვისას ხაზი გაუსვა მოსამართლე მერაბ ტურავამაც (1:41:45):
“თქვენ ამ მუხლით განსხვავდებით სხვა მოსარჩელეებისგან. როგორც მე ვიცი, მე-11 მუხლის პირველი პუნქტით აყენებთ. ისევე, როგორც პრეზიდენტი პიროვნების განვითარების უფლებაზე აყენებს თქვენგან და სხვა მოსარჩელეებისგან განსხვავებით. […] მე-11 მუხლი არის განსხვავებული სხვა სარჩელებისგან, რასაც თქვენ აქ, ამ თქვენს მოთხოვნაში აყენებთ”.
მიუხედავად ამისა, მთივლიშვილმა სხდომაზე განმარტა, რომ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაზე, კანონის დისკრიმინაციულობაზე მათი აზრი უცვლელი რჩებოდა. დეტალების გასარკვევად, თუ რა მიზეზით მოხსნეს მე-11 მუხლთან დაკავშირებით მოთხოვნა, “მითების დეტექტორი” გელა მთივლიშვილს დაუკავშირდა.
მთივლიშვილი ამბობს, რომ კონსტიტუციის ამ მუხლთან მიმართებით სარჩელი გარკვეული ტაქტიკის გამო შეამცირეს და ეს რუსული კანონისთვის წინააღმდეგობის გაწევის პროცესში მათი სტრატეგიის ნაწილია.
“მე კანონი მაძლევს უფლებას, სარჩელი როცა მინდა, მაშინ შევამცირო. დღემდე ვრჩები იმ აზრზე, რომ რუსული კანონი იწვევს არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების დისკრიმინაციას, მათ შორის, იმ ნაწილში, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირები არ ექცევიან რუსული კანონის ქვეშ, არ აქვთ ვალდებულება, დარეგისტრირდნენ ღირსების შემლახავ, მადისკრედიტებელ რეესტრში, არ აქვთ ვალდებულება, წარადგინონ საფინანსო დეკლარაცია და ა.შ. მხოლოდ ის განსხვავება, რომ ისინი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ არიან დაფუძნებული და სხვები კერძო პირების მიერ, მაგალითად, ჟურნალისტების, აქტივისტების და ა.შ. მხოლოდ ამის გამო ხდება მათ შორის განსხვავება, რაც ცალსახად დისკრიმინაციულია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწილი კონსტიტუციის მე-11 მუხლთან სრულიად შეუთავსებელია, გარკვეული ტაქტიკის გამო უარი ვთქვით და სარჩელი ამ ნაწილში შევამცირეთ, ისევ იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის თავისი მზაკვრული გეგმის განხორციელების შესაძლებლობა არ მიგვეცა”. – უთხრა მან “მითების დეტექტორს”.
შესაბამისად, მე-11 მუხლთან დაკავშირებით მოთხოვნა მხოლოდ ერთმა მოსარჩელემ მოხსნა, ისინი განმარტავენ, რომ აღნიშნული მათი ტაქტიკის ნაწილია. სამთავრობო მედიამ მომხდარი გააშუქა, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრეზიდენტის მიერ საჩივრის მოხსნა და მათი “პირველი მარცხი”, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.