18 ოქტომბერს ფეისბუქ-გვერდზე “ხმა ერისა გზა ხსნისა” გამოქვეყნდა სახალხო-პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლის, გიორგი კუხალეიშვილის ვიდეო, რომელშიც ის მე-6 კლასის ისტორიის წიგნის შესახებ საუბრობს. ვიდეოს ავტორი კითხულობს წიგნიდან ერთ-ერთ წინადადებას: “გაიხსენე აფხაზეთის მეზობელი საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების კურორტები და დაგეგმე რუკა…” კუხალეიშვილი ამტკიცებს, რომ ისტორიის წიგნში აფხაზეთი საქართველოს მეზობლად არის მოხსენიებული ბავშვებს ამას ასწავლიან.
გიორგი კუხალეიშვილი: “რამდენი დღეა, იმას გიჩიჩინებთ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაკარგულია, თუ ჩვენ დავრჩებით იმ სტატუსში, რასაც საქართველო ჰქვია, რომლითაც დაფიქსირებული ვართ გაეროში, გაიგეთ ეს და რაც კონსტიტუციაში გვიწერია, ჩვენ ვართ საქართველოს რესპუბლიკა და თუ ჩვენ საქართველოს რესპუბლიკა არ გვერქმევა, მაშინ შენს შვილს ეცოდინება, რომ აფხაზეთი არის შენი მეზობელი. მეზობელი ქვეყანაა და არა მისი შემადგენელი ნაწილი. საქართველოს რესპუბლიკა ნიშნავს აფხაზეთით, სამაჩაბლოთი და მთელი ამ ტერიტორიებით საქართველოს. შენ რასაც აწვები და ვითომ ძალიან კარგად გესმის, რასაც აწვები, იმას საქართველო ჰქვია და საქართველო არის -20% ტერიტორიებით შედარებით საქართველოს რესპუბლიკისგან.
საქართველოს მეზობლად არის მოხსენიებული. გეკითხებით, რა საჭიროა, სიტყვა მეზობელი გამოიყენო ასეთ სენსიტიურ კუთხესთან მიმართებით? საქართველოს ისტორიას ასწავლი და ჩეჩნეთზე და ინგუშეთზე ხომ არ იქნება საუბარი აქ? რად უნდოდა სიტყვა საქართველოს გამოყენება? აფხაზეთის მეზობელი რეგიონები ან მეზობელი კუთხეები ან რამდენი რამ შეიძლება. აფხაზეთის მეზობელი საქართველო როგორ უნდა ახსენო ასე?!” – ამბობს ვიდეოში მოსაუბრე პირი”.

მე-6 კლასის ისტორიის წიგნისა და მასში აფხაზეთზე დასმული კითხვის შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება. რეალურად, აფხაზეთს საქართველოს კუთხეების შესახებ წიგნის ერთ-ერთი თავი ეთმობა და პირველივე წინადადებაში განმარტებულია, რომ “აფხაზეთი ისტორიული საქართველოს განუყოფელი ნაწილია”. კონტექსტის გათვალისწინებით, კითხვაში მოსწავლეებს აფხაზეთის მეზობლად მდებარე საქართველოს სხვა კუთხეებზე უსვამენ კითხვას.
- რა წერია წიგნში აფხაზეთის შესახებ?
წიგნი, რომლის შესახებაც ავტორი საუბრობს, მე-6 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს მეორე ნაწილია, სათაურით “ჩვენი საქართველო”. ავტორები არიან როლანდ თოფჩიშვილი, ელენე მეძმარიაშვილი, ნოდარ ელიზბარაშვილი და გიორგი ავთანდილაშვილი. წიგნი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2018 წელს არის გრიფმინიჭებული.

წიგნი აფხაზეთის შესახებ ინფორმაციით იწყება. როგორც დასაწყისშია მითითებული, მოსაწავლეები გაიგებენ, როგორია აფხაზეთის მდებარეობა და ბუნებრივი პირობები, ასევე, გაიცნობენ აფხაზეთიდან დევნილთა პრობლემებს და მიხვდებიან, რომ “შენც, სხვებთან ერთად, ყველაფერი უნდა გააკეთო მათ მშობლიურ მიწაზე დასაბრუნებლად”. ტექსტი (გვ. 11) იწყება შემდეგი წინადადებით: “აფხაზეთი ისტორიული საქართველოს განუყოფელი ნაწილია. იგი მდებარეობს საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში”.
ამავე გვერდზე დავალების ნაწილში მოსწავლეებს სთხოვენ პასუხი გასცენ კითხვას, საქართველოს რომელ ნაწილში მდებარეობს აფხაზეთი.

კითხვა, რომელსაც ვიდეოში ავტორი კითხულობს, მე-15 გვერდზე დავალების გრაფაში გვხვდება.

სრული კითხვიდან ჩანს, რომ მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ კურორტები საქართველოს სხვა კუთხეებიდან, რომლებიც აფხაზეთის მეზობლად მდებარეობს და ამ კუთხეებში ( სვანეთსა და სამეგრელოში) ტურისტული მარშრუტი უნდა დაგეგმონ. ვიდეოს ავტორი კითხვის ამგვარი ფორმულირების (“აფხაზეთის მეზობელი საქართველოს ისტორიულ-ეთნიგრაფიული მხარეების კურორტები”) გამო ამტკიცებს, რომ წიგნში აფხაზეთს საქართველოს მეზობლად მოიხსენიებენ.
რეალურად, “ჩემი საქართველოს” სახელმძღვანელოს მთლიანი მე-6 თავი ეთმობა აფხაზეთს, როგორც საქართველოს ერთ-ერთ კუთხეს და ამ თავის სხვა ნაწილებიდანაც ჩანს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილად არის მოხსენიებული და არა მეზობლად. მაგალითად, წინა ფურცლებზე, კონკრეტულდ, მე-11 გვერდზე, მოსწავლეებს უსვამენ კითხვას: “რა მსგავსება და რა განსხვავებაა აფხაზეთსა და დასავლეთ საქართველოს სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში მეურნეობის დარგების დანვითარებას შორის?”

სრული კონტექსტის გასაანალიზებლად მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ “ჩემი საქართველოს” მე-5 და მე-6 კლასის სახელმძღვანელოები სრულად ეთმობა საქართველოს კუთხეებს. მე-5 კლასის სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში მოცემულია ინფორმაცია ქართლისა და იმერეთის შესახებ, ხოლო მეორე ნაწილში – სამეგრელოს, სვანეთისა და აჭარის შესახებ. მე-6 კლასის სახელმძღვანელოსაც 2 ნაწილი აქვს – პირველ ნაწილში მოსწავლეები სწავლობდნენ გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის შესახებ. მეორე ნაწილი კი აფხაზეთის შესახებ თავით იწყება. შესაბამისად, მოსწავლეები სწავლობენ აფხაზეთის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი კუთხის შესახებ და გავრცელებულ ვიდეოში ნახსენები მანიპულაციური მტკიცება, რომ აფხაზეთი საქართველოს მეზობლად არის მოხსენიებული, მხოლოდ ეფუძნება მე-15 გვერდზე დასმულ კითხვაში სიტყვების წყობას.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















