18 აპრილს ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-ანგარიშმა გამოაქვეყნა ვიდეოები, რომლებიც, პოსტის თანახმად, უკრაინაში მობილიზაციას ასახავს. ერთ-ერთ ვიდეოზე ჩანს, რომ კაცი ფანჯრიდან არის გადამძვრალი და პოლიციელები ცდილობენ დაიჭირონ, რომ არ ჩავარდეს. პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მობილიზაციისგან თავის ასარიდებლად კაცი ფანჯრიდან ხტებოდა. 18 აპრილს იგივე ვიდეო უკრაინული აღწერით ინსტრაგამზეც გამოქვეყნდა, პოსტის ჰეშთეგებში მითითებულია тцк (რეკრუტირებისა და სოციალური მხარდაჭერის ტერიტორიული ცენტრი), რაც ვიდეოს მობილიზაციასთან აკავშირებს.
19 აპრილს ვიდეო სათაურით “ნებაყოფლობითი” მობილიზაცია უკრაინაში” YouTube-ზეც გავრცელდა. ვიდეო განსხვავებული აღწერებითაც გაზიარდა, რომელთა მიხედვით ის რუსეთში მოსკოვში ან სანქტ-პეტერბურგში იყო გადაღებული და პედოფილის დაკავებას ასახავდა. სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტების კიდევ ერთი ვერსიით, ვიდეო რუსეთის ქალაქ ზარეჩნიშია გადაღებული და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის დაკავებას ასახავს.
გავრცელებული ვიდეო უკრაინაში მობილიზაციას არ ასახავს. ასევე სიმართლეს არ შეესაბამება სხვა ვერსიებიც, თითქოს ის რუსეთშია გადაღებული. ვიდეოს პირველწყარო ტელეგრამ-არხის თანახმად, ვიდეოზე კრივი-რიჰში ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირია ასახული. “მითების დეტექტორს” კრივი-რიჰის პოლიციის რაიონულმა სამმართველომ დაუდასტურა, რომ ვიდეოს მობილიზაციასთან კავშირი არ აქვს და მასზე ასახული კაცი ალკოჰოლური და სავარაუდოდ, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო და პოლიცია მას დაეხმარა.
გავრცელებულ ვიდეოს ტელეგრამ-არხის ჭვირნიშანი HKR ეტყობა. ეს არხი უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნული ვიდეო, იმავე შემთხვევის ამსახველ მეორე ვიდეოსთან ერთად ტელეგრამ-არხმა 17 აპრილს გამოაქვეყნა.
ვიდეოს აღწერა, მიუთითებს, რომ ზარეჩნის (ზარიჩნის) ქუჩაზე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ადამიანმა ფანჯრები ჩაამტვრია, ნივთებს ისროდა და შემდეგ გადახტომა სცადა. იქიდან გამომდინარე, რომ ტელეგრამ-ანგარიში კრივი-რიჰთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებს, “მითების დეტექტორი” დამატებითი დეტალებისთვის დნიპროპიტროვსკის ოლქის პოლიციის დეპარტამენტს დაუკავშირდა. “მითების დეტექტორს” კრივი-რიჰის პოლიციის რაიონული სამმართველოს პრევენციის ოფისმა უპასუხა. უწყების თანახმად, 17 აპრილს პოლიციამ მიიღო შეტყობინება მოქალაქეებისგან, რომ კრივი-რიჰის პოკროვის რაიონში უცნობი კაცი ფანჯრებიდან ისროდა ნივთებს. ადგილზე მისულმა პოლიციამ კი დაადგინა, რომ ადამიანი იმყოფებოდა ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ და სავარაუდოდ, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. პოლიციის მიხედვით, პოლიციასთან ურთიერთობისას კაცი აგრესიულად იქცეოდა, დაიწყო ფანჯრების ჩამტვრევა საკუთარ ბინაში, ავეჯის გადაყრა, იმუქრებოდა, რომ სახლს ააფეთქებდა და შემდეგ გამოაცხადა, რომ თავს მოიკლავდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ კი ფანჯრიდან გადაძვრა და აცხადებდა, რომ თავს მოიკლავდა. უწყების თანახმად, რომ პოლიციამ კაცის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენის მიზნით უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით იმოქმედა და ბინაში შევიდა, პირი გადაარჩინეს და მის დასახმარებლად სასწრაფო გამოიძახეს.
“ინტერნეტში გავრცელებული ნებისმიერი მტკიცებები ამ პირის მობილიზებისთვის მიმართული ქმედებების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს”. – აღნიშნულია განცხადებაში.
2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, “მითების დეტექტორმა” უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მობილიზაციის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია და ვიდეომანიპულაცია გადაამოწმა.
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.