რუსულენოვანმა ფეისბუკ-ანგარიშებმა ( 1, 2, 3 ) გამოაქვეყნეს რუსული მედიის Известия – ის სიუჟეტის ფრაგმენტი, რომელშიც საუბარია, რომ ფილანტროპი ჯორჯ სოროსის შვილმა, ალექსანდრ სოროსმა და ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა – ანდრი ერმაკმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. ამ შეთანხმებით, ალექსანდრ სოროსს უსასყიდლოდ გადაეცემა 400 კმ² მიწის ნაკვეთი. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთი ქიმიური, ფარმაცევტული და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების საშიში ნარჩენების გასატანად იქნება გამოყენებული. ვიდეოს ზედა ნაწილში მითითებულია, რომ სიუჟეტი 2023 წლის 2 დეკემბრით თარიღდება. იგივე ინფორმაცია 2023 წლის 2 დეკემბერს სხვადასხვა რუსულ მედიაში (ria.ru, gazeta.ru, ukraina.ru) გავრცელდა.
მედიები წერენ, რომ შესაბამისი შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი ფრანგმა ჟურნალისტმა ჟიულ ვინსენტმა მოიპოვა და სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2023 წლის 13 ნოემბრით თარიღდება.
მტკიცება, თითქოს ალექსანდრ სოროსმა უკრაინის ხელისუფლებისგან მიწის ნაკვეთი მიიღო, დეზინფორმაციაა. გავრცელებული განკარგულება ყალბია. პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე აღნიშნული თარიღით იგივე შინაარსის ბრძანება არ იძებნება. გარდა ამისა, უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა არ შეუძლიათ. ასევე, ფრანგი ჟურნალისტი ჟიულ ვინსენტი ნამდვილად არსებობს, თუმცა, ანგარიში, რომელმაც ინფორმაცია გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, ყალბია.
გავრცელებული ინფორმაცია რამდენიმე ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციამ გადაამოწმა. Euronews წერს, რომ ჟიულ ვინსენტმა X-ზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, სადაც ის არა მშობლიური ფრანგული აქცენტით საუბრობს და აცხადებს, რომ რეპორტიორად მუშაობს – ხუთ წელზე მეტია გარემოს საკითხებს აშუქებს.
საკუთარი თავის წარდგენის შემდეგ, ვინსენტი სიტყვას გადასცემს უკრაინის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ანონიმურ წარმომადგენელს. იგი ამბობს, რომ ეს მიწები კომპანიებს უსასყიდლოდ გადაეცემა განუსაზღვრელი გამოყენებისთვის ქიმიური ნარჩენების გასატანად. ვიდეოს ბოლოს ჟურნალისტი საზოგადოებას მიმართავს, რომ ვისაც ბუნების ბედი აღელვებს, აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება ამ ხელშეკრულების სავალალო შედეგებზე.
“ევრონიუსმა” ჟურნალისტის ბიოგრაფია გადაამოწმა. აღსანიშნავია, რომ მას X -ზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სხვა ამბავი არ გამოუქვეყნებია. ეს ანგარიში უმოქმედო იყო რამდენიმე წლის განმავლობაში, სანამ 2023 წლის ნოემბერში გარემოსდაცვითი შინაარსის მასალების გამოქვეყნება არ დაიწყო. გარდა ამისა, ჟურნალისტს X -ის ბიოგრაფიაში მითითებული აქვს, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტების ფრანგული ასოციაციის – Pigiste -ის წევრია. ამ უკანასკნელმა X – ზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც უარყოფს, რომ ჟიულ ვინსენტი ასოციაციის წევრია.
ჟურნალისტი სახელად ჟიულ ვინსენტი ნამდვილად არსებობს და ის ფრანგულ გაზეთს ‘Libération წარმოადგენს, თუმცა ანგარიში საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ სოროსისთვის მიწის გადაცემაზე გავრცელდა ინფორმაცია, სავარაუდოდ, სწორედ ამ ჟურნალისტის სახელს იპარავს.
აღნიშნულ ჩანაწერთან ერთად, კრემლის მედიაში გავრცელდა განკარგულების სქრინშოთი, რომელზეც, სავარაუდოდ, ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერაა. ბრძანება 2023 წლის 13 ნოემბრით თარიღდება. აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობა “ევრონიუსმა” პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გადაამოწმა. ამ თარიღით პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე მხოლოდ ერთი განკარგულება იძებნება, თუმცა სასოფლო-სამეურნეო მიწასთან ან ჯორჯ სოროსთან კავშირში არ არის.
euvsdisinfo.eu – ის თანახმად, უკრაინულენოვან განკარგულებაში გრამატიკული შეცდომებიცაა დაშვებული.
უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება უკრაინაში მიწის ნაკვეთი შეიძინოს. უცხოურ კომპანიებს არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ყიდვის უფლება აქვთ მხოლოდ უკრაინაში მათ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული უძრავი ქონების მშენებლობისთვის.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.