6 აპრილს ფეისბუქ-ჯგუფში “საქართველოს ისტორია – History of Georgia” გავრცელდა ფოტოკოლაჟი, რომელზეც სილამაზის კონკურში გამარჯვებული, “მის ალაბამას” ტიტულის მფლობელები არიან ასახული. ავტორის ცნობით, პირველ ფოტოზე ასახულმა ჭარბწონიანმა ქალმა ტიტული 2024 წელს, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მიიღო, მეორემ კი 2025 წელს – ტრამპის ადმინისტრაციის, კონსერვატორებისა და ტრადიციონალისტების მმართველობის პერიოდში.
იგივე ფოტოკოლაჟი 13 იანვარს რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმაც გაავრცელეს (1;2).
სოციალურ ქსელში “მის ალაბამას” ტიტულის მფლობელების ფოტოკოლაჟი უკონტექსტოდ ვრცელდება. რეალურად, სარა მილიკენი და ები სტოკარდი 2024 წელს სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობდნენ. სილამაზის კონკურსი National American Miss, რომელშიც ჭარბწონიანი ქალი მონაწილეობდა, გამარჯვებულებს განსხვავებული კრიტერიუმებით არჩევს და სხვა მახასიათებლებს გარეგნობაზე მეტად ანიჭებს უპირატესობას.
23 წლის სარა მილიკენი სამჯერ იღებდა მონაწილეობას სილამაზის კონკურსში სახელწოდებით National American Miss. 2024 წელს მან გაიმარჯვა და Miss Alabama-ს ტიტული მიიღო. თუმცა, მის გამარჯვებას საზოგადოების განსხვავებული რეაქცია მოჰყვა. ნაწილი გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა და კონკურსს “არაჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში” სდებდა ბრალს. კრიტიკას თავად მილიკენმაც უპასუხა:
“ის, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ, ნამდვილად ამაზრზენია და ვერ ვხვდები, რატომ ფიქრობენ ადამიანები, რომ მსგავსი რამის თქმა ნორმალურია. დანებება მარტივი იქნებოდა. შემეძლო, სახე დამემალა, შემეწყვიტა სოციალურ მედიაში პოსტვა, აღარ გამოვჩენილიყავი, არ მეაქტიურა ეროვნულ კონკურსამდე, შემეძლო, დავნებებულიყავი და უარი მეთქვა ჩემს ტიტულზე. თუმცა, სანაცვლოდ მე ვამბობ – მიყურეთ…”

სოციალურ ქსელში უკონტექსტოდ გავრცელებულ ფოტოკოლაჟზე გამოსახული მეორე ქალი განსხვავებული სახელწოდების სილამაზის კონკურსში იმავე წელს მონაწილეობდა. ები სტოკარდმა ტიტული 2024 წელს მიიღო, თუმცა, მილიკენისგან განსხვავებით, ის განსხვავებულ კონკურსში (Miss America) მონაწილეობდა და მიიღო ტიტული Miss Alabama. 2025 წელს ის Miss America გახდა. სტოკარდი მე-4 ქალია ალაბამადან, რომელმაც ეს ტიტული მიიღო.

შესაბამისად, ავტორების მტკიცების საწინააღმდეგოდ, ფოტოკოლაჟი სილამაზის სხვადასხვა კონკურსში ერთსა და იმავე წელს გამარჯვებულ ქალებს ასახავს. გარდა ამისა, კრიტერიუმები, რომლებიც ამ კონკურსებს აქვთ, განსხვავდება.
რეალურად, National American Miss მონაწილეების გარეგნობაზე მეტად, უპირატესობას მათ კომუნიკაციის უნარებსა და თავდაჯერებულობას ანიჭებს. არსებობს არასავალდებულო კატეგორიები, თუმცა კონკურსის მოსაგებად საჭიროა, მონაწილე შეაფასონ ფორმალური ჩაცმულობის, საკუთარი თავის წარგენის, ინტერვიუებისა და საზოგადოების დახმარების (ქველმოქმედება და ა.შ.) კრიტერიუმებით.
მილიკენის კრიტიკის შემდეგ ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Snopes-მა განმარტა, თუ რა სახელწოდების სილამაზის კონკურსები არსებობს აშშ-ში და რა კრიტერიუმებით არჩევენ ისინი გამარჯვებულებს. Miss America, რომელშიც სტოკარდმა გაიმარჯვა, მოიცავს ინტერვიუს, საღამოს კაბების პრეზენტაციას, პანელურ ინტერვიუს ჟიურის წევრებთან, სცენაზე კითხვებზე პასუხს, ტალანტების შოუსა და ფიტნეს პრეზენტაციას. კიდევ ერთი სილამაზის კონკურსი, რომელიც, სხვებისგან განსხვავებით, გამარჯვებულს Miss Universe-ზე გზავნის, Miss USA-ა. ის მოიცავს საცურაო კოსტიუმებისა და სპორტული ტანსაცმლის კონკურსსაც, რათა ჟიურის წევრებმა კონკურსანტების სილუეტები შეაფასონ. კონკურსი ასევე მოიცავს ინტერვიუს, საღამოს კაბების პრეზენტაციასა და სცენაზე კითხვებზე პასუხს. 2024 წელს Miss Alabama USA-ის ტიტული დაიან ვესტჰოვენმა მიიღო.
წყაროს შესახებ
მათ შორის, ვინც მის ალაბამას შეცდომაში შემყვანი ფოტოკოლაჟი გააზიარა, რუსულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებელი Katarina Lasonen-ა, რომელიც სისტემატურად აქვეყნებს ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს. ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი ყალბად აქვთ მონიშნული.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.