22 თებერვალს ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ემანუელ მაკრონის და ვლადიმირ პუტინის საუბრის დროს მაკრონმა განაცხადა, რომ მინსკის ხელშეკრულებას ძალა არ ჰქონდა. პოსტს თან ერთვის ვიდეო, რომელიც მაკრონის და პუტინის საუბარს ასახავს.
მტკიცება, თითქოს ემანუელ მაკრონის და პუტინის სატელეფონო საუბრის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მინსკის ხელშეკრულებას იურიდიული ძალა არ გააჩნია, ყალბია. უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე სატელეფონო საუბრისას მაკრონმა სცადა პუტინი მოლაპარაკებებზე დაეთანხმებინა და ომის წინ დაძაბული მდგომარეობა განემუხტა, მაკრონი არ ამბობს, რომ მინსკის შეთანხმებას იურიდიული ძალა არ აქვს. პირიქით ამ ხელშეკრულების ფარგლებში ცდილობს მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას.
ზაქარეიშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ნაწყვეტია დოკუმენტური ფილმიდან “პრეზიდენტი, ევროპა და ომი”. დოკუმენტური ფილმი აღწერს, პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში როგორ უმკლავდებოდა ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია უკრაინაში დაწყებულ ომს. ფილმი 2023 წელს გამოვიდა და მისი ნაწყვეტები უკვე ერთი წელია ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება. ფილმში ვხვდებით მაკრონის საუბრებს სხვა ლიდერებთან, მათ შორისაა ვლადიმირ პუტინთან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე გამართული სატელეფონო საუბრის ნაწყვეტიც. კადრებში მაკრონის მრჩევლები ჩანან, რომლებიც პრეზიდენტების საუბარს უსმენენ და პარალელურად მაკრონს საუბართან დაკავშირებულ რჩევებს აწოდებენ. ზაქარეიშვილის გამოქვეყნებული ვიდეო საუბრის მცირე ნაწყვეტია. დიალოგის ვერბატიმი გამოცემა le Тemps-მა 2022 წლის ზაფხულში გამოაქვეყნა. საუბრისას პუტინი ამბობს, რომ მოისმინა მაკრონის კომენტარები 8 თებერვალს კიევში პრესკონფერენციაზე, როცა მაკრონმა თქვა, რომ მინსკის შეთანხმება უნდა გადაიხედოს, რათა შესრულებადი იყოს. რასთან დაკავშირებით მაკრონის მრჩევლები მაშინვე აღნიშნავენ, რომ მაკრონს მსგავსი რამ არ უთქვამს და პრეზიდენტს ურჩევენ, პუტინს დეტალურ დისკუსიაში არ შეჰყვეს.
მაკრონი პუტინს პასუხობს: ვლადიმირ, პირველ რიგში, არასდროს მითქვამს, რომ მინსკის შეთანხმება უნდა გადაიხედოს, შეიცვალოს. არ მითქვამს ეს ბერლინში, კიევში ან პარიზში. ვთქვი, რომ ის უნდა შესრულდეს, რომ შეთანხმებას პატივი უნდა “ეცეს” და ბოლო რამდენიმე დღის განსხვავებული აღქმა გვაქვს.
პუტინი მაკრონს ეუბნება, რომ “არ ესმის რა პრობლემა აქვს სეპარატისტებთან”, რადგან ისინი უკრაინელებთან “კონსტრუქციული დიალოგისთვის” ღია არიან.
მაკრონი: შენს ნათქვამთან დაკავშირებით, ვლადიმირ, რამდენიმე შენიშვნა: მინსკის შეთანხმება არის დიალოგი თქვენთან, შენ სრულიად მართალი ხარ. ამ კონტექსტში, არ არის დაგეგმილი რომ დისკუსიის საფუძველი სეპარატისტების შემოთავაზებული ტექსტი იყოს. ამიტომ როცა მომლაპარაკებელი ცდილობს, უკრაინელებს დააძალოს დისკუსია სეპარატისტების შემოთავაზებული სამოქმედო გეგმით, ის პატივს არ სცემს მინსკის შეთანხმებას. სეპარატისტები არ იქნებიან ისინი, ვინც უკრაინულ კანონებზე შეთავაზებებს გააკეთებენ!
მაკრონსა და პუტინს შორის საუბარი იძაბება. პუტინი მაკრონს მინსკის შეთანხმების მე-9, მე-11 და მე-12 პუნქტებს ახსენებს. მინსკის მეორე შეთანხმების მე-9 პუნქტი გარკვეული დათქმებით უკრაინის საზღვრებზე კიევის სრული კონტროლის აღდგენას მოიცავდა. მე-11 პუნქტი უკრაინისგან საკონსტიტუციო რეფორმის გატარებას მოითხოვდა, რომლის მთავარი არსი ქვეყნის დეცენტრალიზაცია და სეპარატისტული რეგიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება იყო. მე-12 პუნქტში კი სეპარატისტულ რეგიონებში არჩევნების ჩატარებას ეხებოდა. მინსკის მეორე ხელშეკრულებას ხელს უკრაინა, რუსეთი, ეუთო და ორი სეპარატისტული რეგიონი აწერდნენ ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ხელმოწერა რუსეთს კონფლიქტის მხარედ აქცევდა, შეთანხმების ტექსტში რუსეთი სახელობითად არ იყო დასახელებული, რაც მას გარკვეულწილად საშუალებას აძლევდა თავი არა კონფლიქტის მხარედ არამედ მომლაპარაკებლად წარმოეჩინა.
სატელეფონო საუბრის დროს მაკრონმა ხაზს გაუსვა მე-9 პუნქტს და იმას რომ ეს ხელშეკრულება რუსეთთან დიალოგის გზამკვლევიცაა.
მაკრონი: წინ მაქვს პუნქტები [9,11,13]. ცალსახად წერია, რომ უკრაინის ხელისუფლება – მე-9 პუნქტი და ა.შ. – წარმოადგენს შეთავაზებას, რომ ეს არის მოლაპარაკებული და შეთანხმებული დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონების წარმომადგენლებთან სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში. ამიტომ არ ვიცი, შენმა იურისტმა სად ისწავლა სამართალი. მე ვუყურებ ტექსტს და ვცდილობ ის გავატარო. არ ვიცი, რომელი იურისტი გეტყვის, რომ სუვერენულ სახელმწიფოში კანონების ტექსტებს სეპარატისტული ჯგუფები ადგენენ და არა დემოკრატიულად არჩეული წარმომადგენლები.
საპასუხოდ პუტინი იმეორებს პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ გზავნილს, რომ უკრაინის ხელისუფლება არ არის დემოკრატიულად არჩეული და ძალაუფლებაში ძალადობრივი გადატრიალებით მოვიდა. მაკრონი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სეპარატისტების კარნახით არ მოიქცევიან და მათგან უკრაინასთან დიალოგში ჩართვას ითხოვენ. პუტინი მაკრონს პასუხობს, რომ სეპარატისტული ჯგუფები უკრაინასთან კონტაქტზე არიან, თუმცა უკრაინული მხარე არ პასუხობს მათ. რის შემდეგაც მაკრონი პუტინს ყველა დაინტერესებული ჯგუფის ჩართულობით მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს. რაზეც პუტინი პასუხობს, რომ საუბრის დასრულების შემდეგ განიხილავს ამ შეთავაზებას თავის მრჩევლებთან. თუმცა, როგორც ცნობილია, მსგავსი მოლაპარაკებები არ შედგა და საუბრიდან 4 დღეში რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მინსკის ხელშეკრულებების შესრულების საკითხი ხანგრძლივ პრობლემას წარმოადგენდა. ვითარებას სწორედ ის პუნქტები ართულებდა, რომლებსაც საუბრისას პუტინი ახსენებს. ეს პუნქტები მდგომარეობის პოლიტიკურ გადაწყვეტაზე იყო ორიენტირებული, თუმცა შესასრულებლად განსაკუთრებულად რთული იყო. Chatam House-ის ასოცირებული მკვლევარი დანკან ალანი აღნიშნავს, რომ თუ უკრაინა მინსკის ხელშეკრულებაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენიტეტის აღდგენის საშუალებას ხედავდა, უკრაინისთვის პრობლემას წარმოადგენა, რომ საზღვრებზე კონტროლის აღდგენა დეცენტრალიზაციის შესახებ საკონსტიციო რეფორმის გატარებისა და არჩევნების ჩატარების შემდეგ უნდა დაწყებული. მიუღებელი იყო ადგილობრივი არჩვენებს ჩატარება დროებით ოკუპირებულ, სეპარატისტულ რეგიონებში, რომლებზეც კიევს კონტროლი არ ჰქონდა და არჩევნების სამართლიანობის უზრუნველყოფის საშუალება არ გააჩნდა.
მიუხედავად მინსკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სირთულეებისა, მაკრონის და პუტინის საუბრის მონაკვეთში, რომელიც დოკუმენტურ ფილმშია მოყვანილი, საფრანგეთის პრეზიდენტი არსად უარყოფს მინსკის შეთანხმებას, პირიქით რამდენჯერმე მოიხმობს მას როგორც მოლაპარაკებების გზამკვლევს. აღსანიშნავია, რუსეთის მიერ ე.წ დონეცკის და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მინსკის ხელშეკრულებებმა რელევანტურობა დაკარგა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.