26 მარტს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ანგარიშმა Fant Ina მინერალურ წყლებში ფტორის საგანგაშო შემცველობის შესახებ გაავრცელა პოსტი. გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ქართული მინერალური წყლები – ბორჯომი, ლიკანი და ნაბეღლავი – შეიცავენ ფტორის მაღალ დონეს და მათი მოხმარება ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
ინფორმაცია, თითქოს ქართული მინერალური წყლები ფტორის მაღალი შემცველობის გამო ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, შეცდომაში შემყვანია. ფტორი ბუნებრივად გვხვდება მინერალურ წყლებში, მინერალური წყლები კი არ გამოიყენება რეგულარული მოხმარებისთვის სასმელი წყლის ნაცვლად.
ფტორი ბუნებრივად არსებული მინერალია, რომელიც გვხვდება სხვადასხვა წყაროს წყალში, მათ შორის მინერალურ წყლებშიც. მისი კონცენტრაცია დამოკიდებულია გეოლოგიურ პირობებზე, რაც სხვადასხვა რეგიონსა და წყლის ტიპში განსხვავებულ დონეს განაპირობებს. ბორჯომი, ლიკანი და ნაბეღლავი ბუნებრივი მინერალური წყლებია, რაც ნიშნავს, რომ მათი ქიმიური შემადგენლობა ბუნებრივად ფორმირდება მიწისქვეშა წყლებიდან და მინერალებით მდიდარი ქანებიდან. მაგალითად, გარკვეულ მინერალურ წყლებში ფტორის შემცველობა შეიძლება 8 მგ/ლ-მდეც კი იყოს. შესაბამისად, მინერალური წყლებისთვის ფლუორიდის რეგულაციები შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი სასმელი წყლის სტანდარტებისგან. აღსანიშნავია ისიც, რომ მინერალურ წყლებს, როგორც წესი, სამკურნალო, გამაჯანსაღებელი დანიშნულება აქვთ და სასმელი წყლის ნაცვლად არ გამოიყენება.
-
ფტორის საერთაშორისო სტანდარტები სასმელ და მინერალურ წყლებში
სხვადასხვა ქვეყანასა და რეგულატორ ორგანოს განსხვავებული სტანდარტები აქვს სასმელ და მინერალურ წყლებში ფტორის დასაშვები კონცენტრაციისთვის. მაგალითად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციის მიხედვით, სასმელ წყალში ფტორის ზღვრული მაჩვენებელი 1.5 მგ/ლ უნდა იყოს. სასმელ წყალში ფტორის ზღვრული დონე – 1.5 მგ/ლ – ასევე ევროკავშირის სასმელი წყლის დირექტივით არის განსაზღვრული. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო (EPA) ფტორის შემცველობას სასმელ წყალში არეგულირებს Safe Drinking Water Act-ის ფარგლებში. EPA-მ დაადგინა, რომ მაქსიმალური დასაშვები კონცენტრაცია 4.0 მგ/ლ უნდა იყოს, რაც ორგანიზმისთვის ტოქსიკური ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად განისაზღვრა.
მინერალური წყლების შემთხვევაში, ფტორის შემცველობა ზოგჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სასმელ წყალში, რადგან ის ბუნებრივად გვხვდება წყლის წყაროში. ევროკავშირის დირექტივა განსაზღვრავს, რომ თუ მინერალური წყლის ფტორის შემცველობა 1.5 მგ/ლ-ს აჭარბებს, ბოთლზე უნდა იყოს მითითებული გაფრთხილება, რომ წყალი არ არის რეკომენდებული ჩვილებისა და 7 წლამდე ბავშვებისთვის.
ეტიკეტზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ბორჯომსა და ლიკანში ფტორიდების შემცველობა 1.5 მგ/ლ-ზე მეტია, ხოლო ნაბეღლავის შემთხვევაში ეს რაოდენობა < 0,44 მგ/ლ-ის ფარგლებშია. 2020 წლის ლაბორატორიულმა ანალიზმა დაადგინა, რომ ბორჯომის წყლის ნიმუშებში ფტორის შემცველობა მერყეობს 5.4-დან 10.6 მგ/ლ-მდე, ხოლო ბოთლის წყალში 6.8 მგ/ლ-ია. აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის(NIH) მიხედვით, ფტორის მაქსიმალური დღიური ზღვარი ზრდასრული ადამიანისთვის არის 10 მგ. მაგალითად, თუ ადამიანი დღეში სვამს 2 ლიტრ წყალს, რომელიც შეიცავს 5 მგ/ლ ფტორს, გამოდის, რომ ის იღებს 10 მგ ფტორს მხოლოდ წყლიდან, რაც უკვე ზედა ზღვარზეა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მინერალური წყლები რეგულარული მოხმარებისთვის არ გამოიყენება, რთულია მათი საშუალებით ადამიანმა ფტორის დღიურ ნორმას გადააჭარბოს.
-
რა შეიძლება გამოიწვიოს ფტორის მაღალმა დოზამ?
ფტორის მაღალმა დოზამ შესაძლოა გამოიწვიოს დენტალური ან ჩონჩხის ფლუოროზი. დენტალური ფლუოროზი ვითარდება მაშინ, როდესაც ბავშვები იღებენ მაღალი დოზით ფტორს მაშინ, როდესაც მათი კბილები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ასეთ შემთხვევაში, კბილების ესთეტიკური პრობლემები შეინიშნება, თუმცა ეს პრობლემა, როგორც წესი, არ იწვევს სამედიცინო გართულებებს. ფტორის დიდი რაოდენობის ხანგრძლივად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჩონჩხის ფლუოროზი, რომელიც ძირითადად თავისა და სახსრების ტკივილებისა და გამოფიტვის განცდას იწვევს, თუმცა ეს შესაძლოა განვითარდეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მუდმივად იღებს 10 მგ/კგ-ზე მეტ ფტორს დღეში, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა.
ბოლო წლებში მკვლევრებმა შეისწავლეს ფტორის ზემოქმედება ბავშვების კოგნიტურ განვითარებაზე. JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნებულმა მეტა-ანალიზმა 59 კვლევის მონაცემების საფუძველზე დაადგინა, რომ მაღალი ფტორის შემცველობის მქონე წყლის მოხმარებასა და ბავშვების უფრო დაბალ ინტელექტუალურ მაჩვენებლებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს. აშშ-ის ეროვნული ტოქსიკოლოგიური პროგრამის (NTP) მიმოხილვის მიხედვით, ფტორის კონცენტრაციის ყოველ 1 მგ/ლ-იან ზრდაზე შარდში შეინიშნებოდა ინტელექტის კლების 1.63 ქულა ბავშვებში. აღსანიშნავია, რომ ეს ეფექტი გამოვლინდა მაშინაც კი, როდესაც ფტორის დონე 1.5 მგ/ლ-ზე ნაკლები იყო, რაც დასაშვები ნორმის ფარგლებშია. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს კვლევები მხოლოდ კორელაციას აჩვენებს და არა მიზეზობრიობას. სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობა, კვება და გარემოს ტოქსინები, შესაძლოა გავლენას ახდენდეს კოგნიტურ უნარებზე.
ფტორის ზემოქმედება თირკმლის ფუნქციაზე ნაკლებად შესწავლილია, თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდული მტკიცებულება მისი შესაძლო მავნე ზემოქმედების შესახებ. Environmental Toxicology and Pharmacology-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ფტორის ჭარბი მოხმარება შეიძლება საზიანო იყოს სხვადასხვა ორგანოსთვის, მათ შორის თირკმელებისთვის. თუმცა, ამ კავშირის მექანიზმები ჯერ კიდევ სიღრმისეულად შესასწავლია. მოზრდილებში ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ფტორის მაღალი შემცველობა უკავშირდებოდა თირკმლის ფუნქციონირების ზოგიერთი მაჩვენებლის ცვლილებებს, თუმცა მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ეს მტკიცებულება საკმარისი არ არის დასკვნების გასაკეთებლად.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.