ედავებიან თუ არა ირაკლი მიმინოშვილს პიროტექნიკით პოლიციელის მძიმე დაზიანებას? 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

პოლიციელი
165
VIEWS

13 მარტს ფეისბუქ-ანგარიშმა Oboladze Gia დაწერა, რომ “ახალგაზრდა ცხოველმა, რომელმაც გოგოს ხელი სთხოვა”, პიროტექნიკის პოლიციელისთვის დამიზნებით სროლის გამოა დაკავებული. პოსტის ავტორი გულისხმობს ირაკლი მიმინოშვილს, რომელიც დეკემბრის დასაწყისში აქციებში მონაწილეობის გამო დააკავეს და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. პოსტში ვკითხულობთ, რომ მიმინოშვილი არის “დამტკიცებულად დამნაშავე, რომელმაც პიროტექნიკა შეგნებულად დაუმიზნა ახალგაზრდა პოლიციელს სასქესო ორგანოზე, პოლიციელს დასჭირდა ამპუტაცია.” 

პოლიციელი

მცდარია ინფორმაცია, რომ ირაკლი მიმინოშვილი პოლიციელისთვის პიროტექნიკის სროლის გამოა დაკავებული. პროკურატურა მიმინოშვილს საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება და მისი ბრალი ამ დრომდე არაა დამტკიცებული. პროკურატურის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ინიციალებით ი.მ-ს ხელში რაღაც საგანი უჭირავს და ისვრის, თუმცა ის ფეიერვერკი არ არის. ამასთანავე, ბრალდებულის ადვოკატმა დაგვიდასტურა, რომ ირაკლი მიმინოშვილის საქმეში ფეიერვერკის სროლა არ ფიგურირებს და არც სამართალდამცავია მსგავსი დაზიანებით. 

19 წლის სტუდენტი, ირაკლი მიმინოშვილი 4 დეკემბერს თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. დაკავებამდე მისი სახლიც გაჩხრიკეს. პროკურატურა სტუდენტს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას (225. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) ედავება და მისი ბრალი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

2024 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც საპროტესტო აქციაზეა გადაღებული. მაშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ ვიდეოზე ასახული 9 ადამიანი დააკავეს და მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და ორგანიზებას ედავებიან. ვიდეომასალაში ასევე ჩანს პირი, ინიციალებით ი.მ., რომელიც რაღაც საგანს ისვრის. 

ვიდეოში პირს, რომელზეც პროკურატურა ამტკიცებს, რომ ირაკლი მიმინოშვილია, სახე დაფარული აქვს, თუმცა ვხედავთ, რომ მას შავი საწვიმარი აცვია და პირბადე უკეთია. უწყების მასალაში არ ჩანს, რომ მიმინოშვილი საპოლიციო ძალების მიმართულებით პიროტექსნიკას ისვრის. მასში ვხედავთ, რომ მას ხელში რაღაც საგანი უჭირავს და მას ისვრის. ვიდეოში არ ჩანს, ბრალდებული ვის ესვრის ან ხვდება თუ არა ვინმეს საგანი. 

პოლიციელი
კადრი საქართველოს პროკურატურის ვიდეოდან

ირაკლი მიმინოშვილის დაკავებიდან მალევე, მისმა დამ, ლიზა მიმინოშვილმა საპროტესტო ჯგუფ “დაიტოვეში” პოსტი დაწერა, სადაც ძმის დაკავების შესახებ საუბრობდა. პოსტში წერია, რომ ირაკლი მიმინოშვილს საპროტესტო აქციაზე ქვის სროლას ედავებიან. “როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ედავებიან ქვის სროლას. […] არ ვიცი, ყველგან იყურეთ და ნებისმიერ წამს ელოდეთ ამ აბსურდს, რომელშიც დაუსაბუთებელი ქვის სროლის ფაქტი 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ცემით სიკვდილამდე მიყვანა კანონიერია,” – დაწერა ლიზა მიმინოშვილმა. 

სასამართლოში ირაკლი მიმინოშვილის უფლებებს იცავს ადვოკატი შოთა თუთბერიძე. მან “მითების დეტექტორს” განუმარტა, რომ მიმინოშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან და კონკრეტულად არა რაიმე ღირებულის დაზიანებას ან პოლიციელისთვის ქვის სროლას. თუთბერიძის განმარტებით, საქმეში დაზარალებული პოლიციელები არსებობენ, თუმცა არაფერი მიანიშნებს, რომ მათი დაზიანება მიმინოშვილის ქმედებამ (ან სხვა რომელიმე დაკავებულის ქმედებამ) გამოიწვია და მან პიროტექნიკა გამოიყენა. 

პოსტის ავტორი, სავარაუდოდ, უნდა გულისხმობდეს შემთხვევას, როდესაც ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გამოჩნდა, როგორ ხვდება ძალოვანი უწყების წარმომადგენელს ფეიერვერკი გენიტალიებში. 8 დეკემბერს ალექსანდრე დარახველიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბრიფინგი გამართა, სადაც აქციის დროს დაშავებული პოლიციელების შესახებ ისაუბრა. დარახველიძის თქმით, დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი.

ნოემბერ-დეკემბერში მასშტაბური პროევროპული აქციები იმართებოდა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესი. სწორედ ამ აქციებზე დააკავეს სისხლის სამართლის წესით ათობით ადამიანი, მათ შორის, ირაკლი მიმინოშვილი. 

8 ბრალდებულის საქმეს სასამართლო ერთად განიხილავს. მოსამართლემ ყველა ჯერზე დააკმაყოფილა პროკურორების შუამდგომლობა და ისინი პატიმრობაში დატოვა. ამჟამად საქმე განხილვის არსებით ეტაპზეა გადასული და მომდევნო სხდომა 24 მარტსაა ჩანიშნული. 12 მარტის სხდომაზე ირაკლი მიმინოშვილმა შეყვარებულს ხელი სთხოვა

დეკემბრის დასაწყისში პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ადმინისტრაციული წესით 372 ადამიანი დააკავეს. დაკავებულების დიდი ნაწილი სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითებს. გაერო-ს ექსპერტების დასკვნით, აქციებზე დაკავებულთა მიმართ ზიანის სიმძიმე შესაძლოა წამებას უთანაბრდებოდეს.

28 ნოემბრიდან დღემდე “მითების დეტექტორმა” არაერთი მცდარი ცნობა თუ ვიზუალური მანიპულაცია გადაამოწმა. პროტესტის დისკრედიტაციის კამპანიაში, მათ შორის, ჩართულია პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიები

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი Oboladze Gia პარტია ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერია. ის ,,მითების დეტექტორის” მიერ გამოვლენილ ოპოზიციის დისკრედიტაციის კამპანიაშიც მონაწილეობდა. ასევე, Oboladze Gia-მ არაერთხელ გაავრცელა შეცდომაში შემყვანი ცნობები და ვიზუალური მანიპულაცია

 

ფოტო გარეკანზე (C) პუბლიკა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist