მცდარია, თითქოს ევროკავშირი საქართველოს ავალდებულებს მიგრანტები სოციალური დახმარებით უზრუნველყოს

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

მიგრანტები
120
VIEWS

13-14 მაისს ფეისბუქზე გავრცელდა პოსტები, რომელთა მიხედვითაც ევროკავშირი საქართველოს ავალდებულებს მიგრანტები სოციალური დახმარებით, უფასო ჯანდაცვით, განათლებით, იურიდიული დახმარებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოს.

მიგრანტები

მცდარია, რომ ევროკავშირი საქართველოს მიგრანტებისთვის სოციალური პროგრამებით უზრუნველყოფას აიძულებს. ევროკავშირში ერთიანი სოციალური დაცვის სისტემა არ არსებობს და წევრი სახელმწიფოებიც დამოუკიდებლად წყვეტენ ბენეფიციარებისთვის საჭირო კრიტერიუმებსა და ზოგადად იმ ფაქტს, სოციალური დაცვის როგორი სისტემა ექნებათ. რაც შეეხება, ლტოლვილებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, ევროკავშირიც და საქართველოც ლტოლვითა სტატუსის შესახებ ჟენევის 1951 წლის კონვენციას და ლტოლვითა სტატუსის შესახებ ჟენევის 1967 წლის პროტოკოლს ითვალისწინებენ. ევროკავშირშიც და საქართველოშიც ლტოლვილებთან დაკავშირებით სპეციფიკური სოციალური დაცვის რეგულაციები მოქმედებს, რომლებიც შინაარსობრივად ჰგავს ერთმანეთს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები მასპინძელ ქვეყანაში სხვადასხვა სტატუსით შეიძლება იმყოფებოდნენ. მიგრანტები ეწოდებათ ისეთ პირებს, რომლებიც სხვა ქვეყანაში 1 წელზე მეტი ხნით იმყოფებიან სხვადასხვა მიზეზით, მათგან განსხვავდებიან თავშესაფრის მაძიებელები – პირები, რომლებიც დევნისაგან ან სერიოზული ზიანისგან დაცვას თავისი ქვეყნის გარეთ ეძებენ და ლტოლვილის სტატუსს ელოდებიან. ლტოლვილების უფლებები ლტოლვილების სტატუსის შესახებ ჟენევის 1951 წლის კონვენციის და ლტოლვილების სტატუსი შესახებ 1967 წლის პროტოკოლებით არის დარეგულირებული. ამ კონვენციას ხელს 149 სახელმწიფო აწერს ხელს, მათ შორის საქართველოც. კონვენცია უკან არ დაბრუნების პრინციპს ეფუძნება, რომლის თანახმადაც ლტოლვილი არ უნდა დააბრუნონ ქვეყანაში, რომელშიც მას საფრთხე ემუქრება. გარდა ამისა, კონვენციაში გაწერილია ლტოლვილების უფლებები. მათ აქვთ არ გაძევების (გარდა გამონაკლისი მკაცრად გაწერილი შემთხვევებისა და აქვთ უფლება არ იყვნენ დასჯილი ქვეყნის საზღვრის არასათანადო გადაკვეთვისთვის. ლტოლვილებს აქვთ არადისკრიმინაციული მოპყრობის უფლება, ღირსეული სამსახურის, საცხოვრებლის, მიწისა და საკუთრების ფლობის უფლება; განათლების, რელიგიის თავისუფლების, სასამართლოზე წვდომის უფლება. ქვეყნის შიგნით გადაადგილების, პირადობის დამადასტურებელი საბუთებისა და სამოგზაურო დოკუმენტების ფლობის უფლება, ასევე სოციალური დაცვის უფლება. ეს ის საბაზისო უფლებებია, რომელთა ლტოლვილებისთვის მინიჭებაზე მსოფლიოს სახელმწიფოების უმეტესობა თანხმდება.

  • როგორი წესები მოქმედებს ევროკავშირში მიგრანტებზე?

ევროკავშირთან პარტნიორობის პარალელურად საქართველო სხვადასხვა სფეროში ევროკავშირის სტანდარტებთან, კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან დაახლოებასაც ცდილობს. ერთ-ერთი ასეთი სფერო მიგრაციია. საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიაშიც აღნიშნულია, რომ ბევრი ცვლილება განხორციელდა ალიანსის კანონმდებლობასთან დასაახლოებლად. ამასთანავე მიგრაციის საკითხებში თანამშრომლობას 2014 წელს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებაც მოიაზრებდა. თუმცა არც 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიაში და არც ასოცირების ხელშეკრულებაში არ არის გაწერილი ვალდებულება, საქართველოში ჩამოსული მიგრანტები უფასო სერვისებით იყვნენ უზრუნვეყლყოფილი. მსგავსი ცალსახა ვალდებულებები ევროკავშირის სტრუქტურებისგან არც წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავად წყვეტენ სოციალური დაცვის როგორი სისტემა ექნებათ და მათი სოციალური დაცვის სისტემები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო თავისუფალია, დამოუკიდებლად შეიმუშვოს სოციალური დაცვის სისტემა და თავად განსაზღვროს, მათი კანონმდებლობის მიხედვით ვინ და რა პირობებით იქნება სოციალური პროგრამების ბენეფიციარი. ევროკავშირში ასევე არსებობს რეგულაციები, რომლებიც წევრ სახელმწიფოების შორის სოციალური დაცვის სისტემების კოორდინაციას აწესრიგებს. ამ რეგულაციების მიზანია, რომ სხვა წევრ სახელმწიფოში სამუშაოდ გადასულმა ადამიანის მანამდე ხელმისაწვდომი სოციალური ბენეფიტები არ დაკარგოს და მისი უფლებები დაცული იყოს. თუმცა ეს რეგულაცია არ წარმოადგენს სოციალური დაცვის ერთიან სისტემას. რეგულაციის ტექსტში გაწერილია, რომ ის ცნობს წევრი სახელმწიფოების უფლებას თავად განსაზღვრონ სოციალური დაცვის პირობები და რეგულაცია ასევე არ ანაცვლებს ქვეყენბში არსებულ სისტემებს ერთიანი ახალი სისტემით. ეს რეგულაციები მოქმედებს როგორც მოქალაქეებზე ასევე ევროკავშირში ლეგალურად მცხოვრებ უცხო ქვეყნების მოქალაქეებსა და მათ ოჯახებზე. შესაბამისად, ევროკავშირისგან წევრი სახელმწიფოებისთვის არ მოქმედებს კონკრეტული დირექტივები, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი მათი სოციალური დაცვის სისტემები და ვინ უნდა იყვნენე სისტემის ბენეფიციარები. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი წევრს სახელმწიფოებს მიგრანტების და თავშესაფრის მაძებლების მიღებასაც არ ავალდებულებს. ევროკომისიის ჩართულობით განხორციელებული თავშესაფრის მაძიებელთა გადაადგილების ყველა პროგრამა მოხალისეობრივი ხასიათისაა და მსგავს პროგრამებში მონაწილეობა სავალდებულო არც ერთი წევრი სახელმწიფოსთვის არ არის. ამ თემასთან დაკავშირებული მანიპულაციური და მცდარი მტკიცებები წარსულშიც ვრცელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კანონიერად, სხვადასხვა ლეგალური სტატუსით მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გარკვეული მიმართულებით ისეთივე უფლებები და მოვალეობები ენიჭებათ, როგორც საქართველოს ქვეყნების მოქალაქეებს. მაგალითად, 

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის

შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელს აქვს დახმარების, პენსიისა და სხვა სოციალური უზრუნველყოფის ისეთივე უფლება, როგორიც საქართველოს მოქალაქეს. რაც ნიშნავს, რომ სოციალური დახამრების მისაღებად ისინი ისეთივე პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ, როგორც მოქალაქეები. საინტერესოა, ისიც რომ ყოველწლიურად საქართველოში იმიგრანტების რაოდენობის საგრძნობ წილს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. მაგალითად, 2024 წელს იმიგრანტების რაოდენობა 135 811 შედგენდა და მათგან 48.2% საქართველოს მოქალაქე იყო, 2023 წელს ქვეყანაში შემოსული იმიგრანტების 44.6% იყო საქართველოს მოქალაქე. 

  • რა რეგულაციები მოქმედებს თავშესაფრის მაძიებლებზე ევროკავშირსა და საქართველოში?

რაც შეეხება ლტოლვილებს და თავშესაფრის მაძიებლებს მათთან დაკავშირებით ევროკავშირში განსხვავებული რეგულაციები მოქმედებს, რომელთაც საფუძველში ჟენევის კონვენცია უდევს. 1999 წლიდან ევროკავშირი მუშაობს საერთო ევროპულ თავშესაფრის სისტემაზე (CEAS), რომელის საფუძველიც ჟენევის კონვენციის სრული და ინკლუზიური გატარებაა. 2015 წელს ევროპაში უპრეცენდეტოთ დიდი რაოდენობით ლტოლვილების შესვლის შექმნილი პრობლემებმა ევროკავშირის თავშესაფრის პოლიტიკის ხარვეზები გამოვლინა, რის შემდეგაც დაიწყო მუშაობა მიგრაციით გამოწვეული კრიზისის შესამსუბუქებელი ღონისძიებების გასატარებლად. 2023 წლის დეკემბერში მიგრაციასა და თავშესაფარზე პაქტის ძირეულ საკითხებზე შეთანხმება მოხდა და 2024 წლის აპრილში ევროპარლამენტმა მიგრაციასა და თავშესაფარზე პაქტი მიიღო. პაქტი ძალაში 2024 წლის ივნისში შევიდა და შემდგომი ორი წელი გარდამავალი პერიოდი იქნება. მიგრაციასა და თავშესაფარზე პაქტი წარმოადგენს საკანონმდებლო ჩარჩოს ევროკავშირის გარე საზღვრების ეფექტიანი მენეჯმენტისთვის, თავშესაფრის და უკან დაბრუნების სწრაფი და ეფექტიანი პროცეურების შემოღებას და უსაფრთხოების უზრუნევლყოფას. ევროკომისია აღნიშნავს, რომ თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურებთან ერთიანი მიდგომა უზრუნველყოფს, რომ იმისდა მიუხედავად, სად გაკეთდება თავშესაფარზე განაცხადი, აპლიკაციის შედეგები მსგავსი იქნება და აპლიკანტების უფლება-ვალდებულებები ერთნაირი იქნება ევროკავშირის მასშტაბით. ეს წესები ვრცელდება ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლებზე და არა მაგალითად შრომით მიგრანტებზე. ევროკავშირში ლტოლვილის სტატუსის მიღების შემდეგ, ბენეფიციარებს აქვთ წვდომა ჯანდაცვაზე, ოჯახის გაერთიანებაზე, რეზიდენტობაზე იმ ქვეყანაში რომელმაც თავშესაფარი მიანიჭათ და მოგზაურობის უფლება, დასაქმების უფლება, ასევე ეძლევათ წვდომა კვალიფიკაციის დადასტურების პროცედურებზე, საინტეგრაციო პროგრამებზე, არასრულწლოვნებს განათლებაზე, საცხოვრებელზე, სოციალურ დაცვაზე და სოციალურ დახმარებაზე (რომლის წინაპირობაც საინტეგრაციო პროგრამებში ჩართულობაა). თავშესაფარის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების გავლისას თავშესაფრის მაძიებლებს ასევე აქვთ უფასო იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა. 

საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიაში გაწერილია, რომ თავშესაფრის კანონმდებლობაში ბევრი ცვლილება განხორციელდა ევროკავშირის თავშესაფრის კანონმდებლობასთან დასაახლოებლად, თუმცა კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი “ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების დებულებების ქართულ კანონმდებლობაში ტრანსპოზიცია, მიზანშეწონილობის და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით”. აქვე აღსანიშნავია, რომ თავშესაფრის მაძიებლებისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები ამ ეტაპზეც მნიშვნელოვნად ჰგავს უფლებებს, რომლებიც ევროკავშირში ლტოლვილებს ენიჭებათ. საქართველოშიც საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხებთან დაკავშირებული კანონმდებლობა ჟენევის კონვენციის პირობების დაკმაყოფილებას ითვალისწინებებს. ასოცირების ხელშეკრულებაშიც ხაზგასმულია, რომ მხარეები – ევროკავშირი და საქართველო ითანამშრომლებენ კანონმდებლობისა და პრაქტიკის განვითარებაზე, რათა დაკმაყოფილდეს 1951 წლის ჟენევის კონვენცია ლტოლვილების სტატუსის შესახებ და 1967 წლის პროტოკოლი ლტოლვილების სტატუსის შესახებ.

ლტოლვილების უფლებები და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის წინაპირობები გაწერილია საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონში. თავშესაფრის მაძიებელს საქართველოში შეიძლება მიენიჭოს ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსი ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი. ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ და აქვს საფუძვლიანი შიში, რომ შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო. ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. ჰუმანიტარული სტატუსი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს 1 წლის ვადით ენიჭება. რაც შეეხება დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსს, შინაგან საქმეთა სამინისტრო არეგისტრირებს მასობრივად შემოსულ პირებს და იღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი მასობრივად შემოსულ პირებს, რომლებიც საერთაშორისო დაცვას საჭიროებენ და არ შეუძლიათ საკუთარ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება განურჩეველი ძალადობის, აგრესიის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოში ლტოლვილის სტატუსი სულ 11 პირს მიენიჭა, ჰუმანიტარული სტატუსი კი 104-ს. სტატუსის მინიჭებაზე კი 1 418 პირს უარი ეთქვა.

საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონში გაწერილია, რომ თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისას პირს უფლება აქვს თარჯიმნის უფასო მომსახურებით, ასევე თუ სტატუსის მინიჭებისას სასამართლო დავა იწარმოება, უფასო იურიდიული დახმარებით. მას შემდეგ რაც პირს თავშესაფრის მაძიებელ პირს შესაბამისი სტატუსი მიენიჭება. მას საქართველოს მოქალაქის მსგავსად აქვს უფლება ჰქონდეს წვომდა სკოლამდელ და ზოგად განათლებაზე, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე, ისარგებლოს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. მაგალათიად ლტოლვილებს და ჰუმანიტარული სტატუსის პირებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში შეუძლიათ ჩართვა და ისეთივე პირობებით სარგებლობა, როგორც მოქალაქეებს. აქვს კანონმდებლობით მინიჭებული შრომის უფლება, დასაქმდეს თავად ან სხვა დამსაქმებლის მეშვეობით. სარგებლობს სასამართლოსა და ადმინისტრაციული ორგანოებისთვის მიმართვის უფლებებით. აღსანიშნავია, რომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს კანონმდებლობით განსაზღვრული ყოველთვიური შემწეობის მიღების უფლება აქვთ, ხოლო დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირს უფლება აქვს კვებით და თავშესაფრით ან შესაბამისი ფულადი დახმარებით იყოს უზრუნველყოფილი.

საქართველოში ასევე მოქმედებს რეინტეგრაციისა და ინტეგრაციის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს საინტეგრაციო პროგრამების განხორციელებას. საინტეგრაციო პროგრამებშია ქართული ენის კურსები, სოციალურ-კულტურული ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო განათლების კუთხით ინფორმირება და საკონსულტაციო სერვისი.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist