11 სექტემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა ედუარდ ჯიშკარიანმა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ლვივში ყოფნის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, ბორის ჯონსონს ლვივის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა, ცერემონიის დროს კი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს ფაშისტური წესით მიესალმნენ. ასევე, თანდართულ ფოტოზე ნაჩვენებია ბორის ჯონსონი პროფესორებთან ერთად, რომელთაც მარჯვენა ხელი დაახლოებით 45 გრადუსიანი კუთხით აქვთ აწეული. იდენტური ფოტო რუსულენოვანმა ფეისბუკ მომხმარებელმა (1) და საინფორმაციო სააგენტოებმაც (1, 2) გაავრცელეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული და ის უკრაინულმა იუმორისტულმა ტელეგრამ-არხმა გაავრცელა. 2023 წლის 9 სექტემბერს ლვივის ივან ფრაკოს ეროვნულ უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ჯონსონსა და მის გვერდით მდგარ რექტორსა და პროფესორებს სტუდენტებთან მისალმებისას ნაცისტური ჟესტი არ გამოუყენებით.
2023 წლის 9 სექტემბერს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ივან ფრანკოს სახელობის ლვივის ეროვნული უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების ნაწილი გახდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის საზეიმო მიღება და დაჯილდოება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე გაიმართა, სადაც მას ივან ფრანკოს სახელობის ლვივის ეროვნული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი მიენიჭა. ზეიმების დაწყებამდე ბორის ჯონსონმა და უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ვოლოდიმირ მელნიკმა უკრაინელი და ბრიტანელი ხალხების შემდგომი დაახლოების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს, ასევე განიხილეს ღირებულებები, რომლებიც უკრაინას, დიდ ბრიტანეთს და მთელ ცივილიზებულ სამყაროს აერთიანებს და ბარბაროსობასა და აგრესიას უპირისპირდება. ღონისძიება არაერთმა მედიამ (1, 2) გააშუქა და ცერემონიის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო, რომელზედაც ჯონსონი ლვივის უნივერსიტეტის რექტორის მარჯვნივ დგას და ხელი 45 გრადუსიანი კუთხით აქვს აწეული, ტელეგრამ არხის ZAHIDWTF 24/7-ის მიერ გავრცელებული ფოტოს პროგრამულად დამუშავებულ ვერსიას წარმოადგენს.

9 სექტემბერს ტელეგრამ-არხმა Smak ცერემონიის ამსახველი ფოტოს დამუშავებული ვერსია შემდეგი ტექსტით გაავრცელა:
“დღის ფოტო: ბორის ჯონსონი ლვივის ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებას ტრადიციული გალიციური ჟესტით ულოცავს და აჩვენებს, რომ ცოდნის კიბეზე მოძრაობა მხოლოდ მაღლა უნდა მიდიოდეს. “
ტელეგრამ არხებისა და ჩატების კატალოგში (uk.tgstat.com) ტელეგრამ-არხი Smak იუმორისა და გართობის კატეგორიას არის მიკუთვნებული. თავად არხი კი საკუთარ აღწერაში უთითებს: “ექსკლუზიურად (არა)მართალი, არავითარი საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება (ზოგჯერ მიმები). და რაც მთავარია, გემრიელი და საშინელი.”
აღსანიშნავია, რომ ამავე არხმა ფოტოს პირვანდელი ვერსიაც გამოაქვეყნა, თუმცა ფოტოს აღწერა კვლავ იუმორისტული იყო: „უმჯობესი იქნებოდა პოლიტექნიკურში ან უკრაინის კათოლიკურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა“, – კომენტარს აკეთებს ყოფილი პრემიერი.
წყაროს შესახებ:
ფეისბუკ მომხმარებელი ედუარდ ჯიშკარიანი ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის ცნობებს, მათ შორის, დეზინფორმაციას, ხშირად ავრცელებს. ჯიშკარიანის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.