2024 წლის 4 ნოემბერს, ანონიმურმა ფეისბუკ-ანგარიშმა წიქარა კოლხი, რომელსაც დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია მეტრო-სადგურის ვიდეო ექსკურსია წარწერით „სარაჯიშვილის მეტრო. ვიდეოს თან ერთვის აღწერა: „ასე გალამაზებულიყოს სრულიად საქართველო! ქვეყნის შენებას პარაზიტები ვერ შეაჩერებენ! ცოტაცა კიდევ გავუძლოთ და საქართველო გაბრწყინდება!“
აღნიშნულ ვიდეოში სინამდვილეში არა თბილისში სარაჯიშვილის მეტროსადგური, არამედ მოსკოვის მეტროსადგური „კლენოვის ბულვარი“ არის ასახული. აღნიშნული მეტროსადგური 2023 წლის პირველ მარტს გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის მერიის ოფიციალურ გვერდზეც გავრცელდა.
გავრცელებულ ვიდეოში შესამჩნევია კადრი, სადაც რუსულ ენაზე მეტროსადგურის დასახელება იკითხება. სწორედ ამ წარწერით გახდა შესაძლებელი რეალური ადგილის მიკვლევა.

მოსკოვის მერიის ოფიციალურ საიტზე აღნიშნულია, რომ 2023 წლის 1 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა მეტრო დიდი წრის ხაზი გახსნეს.
დიდი წრის ხაზზე გაიხსნა 9 ახალი სადგური, ერთ-ერთი მათგანი კი “კლენოვის ბულვარია”, რომელიც “წიქარა კოლხის” ვიდეოში ჩანს. მეტროს საიტზე გამოქვეყნებული ფოტოები ადასტურებს, რომ ვიდეო სწორედ “კლენოვის ბულვარშია” გადაღებული.

მეტროსადგური მოსკოვის უბან ნაგატინსკი ზატონში მდებარე კოლომენსკაიას ქუჩაზეა. ინტერნეტში მეტროსადგურის ვიდეო კადრებიც ვრცელდება.
ნიკოლოზ ბებერაშვილი
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.