15 მარტს ფეისბუკ გვერდმა Metromoney თბილისში “მეტრომანის” ბარათით უფასო გადაადგილების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. პოსტში აღნიშნულია, რომ დედაქალაქის ადმინისტრაციამ ყოველწლიური სამგზავრო აბონემენტი აამოქმედა და Metromoney-ის საშვის საშუალებით მგზავრები სახოგადოებრივი ტრანსპორტით წელიწადში მხოლოდ 7.09 ლარად შეძლებენ გადაადგილებას. პოსტში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ შეკვეთის გასაფორმებლად დაინტერესებული პირები უნდა გადავიდნენ მითითებულ ბმულზე და სპეციალური ფასით სარგებლობას 500 ადამიანი შეძლებს.
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში “მეტრომანის” ბარათით წელიწადში 7 ლარად მგზავრობის შესახებ ინფორმაციას ფინანსური თაღლითობის მიზნით შექმნილი ფეისბუკ გვერდი ავრცელებს. ამ გვერდის მიზანს მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, მათ შორის ბანკის ბარათის მონაცემების მოპოვება წარმოადგენს. რეალურად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ამ ტიპის მომსახურებას მომხმარებელს არ სთავაზობს.
-
რა ვიცით ფეისბუკ გვერდისა Metromoney და პოსტში მითთებული ვებსაიტის შესახებ?
ფეისბუკ გვერდი Metromoney 2025 წლის 15 მარტს შეიქმნა. გვერდს 20 მარტის მდგომარეობით მხოლოდ 67 გამომწერი ჰყავს. გვერდს კატეგორიის ველში მოგზაურობა, ტრანსპორტი (Travel and transport) აქვს მითითებული, გვერდის აღწერის ნაწილში კი შემდეგი ინფორმაცია გვხვდება: თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
სანდოობის შექმნის მიზნით გვერდის მიერ გავრცელებულ პოსტზე ყალბი ანგარიშები (Marie-Hélène Fournier,Amélie Dupont, Luisa Federico) ტოვებენ კომენტარებს. კომენტარები ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს აღნიშნული აქციით ამ ადამიანებმა უკვე ისარგებლეს, ან უნდათ, რომ ისარგებლონ და სხვა ფეისბუკ მომხმარებლებსაც უჩენენ გათამაშებაში მონაწილეობის სურვილს.
რეალურად, ეს ანგარიშები, რომელთაც არაქართულენოვანი სახელები და გვარები აქვთ, სხვადასხვა სოციალურ ქსელში რეგისტრირებული მომხმარებლების ფოტოებს იპარავენ.
Marie-Hélène Fournie | იყენებს სხვადასხვა გაცნობით საიტზე(1,2) რეგისტრირებული მომხმარებლის Janna-ს ფოტოებს |
Amélie Dupont | შესაძლოა იყენებდეს annegram.com-ის ავტორის, Sevil Yilmaz-ის ფოტოს. |
![]() |
|
Luisa Federico | იყენებს ერთ-ერთ გაცნობით საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლის ფოტოებს. |
![]() ![]() |
პოსტში მითითებულ ბმულზე გადასვლისას მომხმარებელმა შესაძლოა იფიქროს, რომ საიტი თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ეკუთვნის, რამდენადაც ამ კომპანიის ლოგო და ფერებია გამოყენებული. დამაჯერებლობის შექმნის მიზნით, ვებსაიტზე ასევე გვხვდება შემდეგი განყოფილებები: ჩვენ შესახებ, სერვისები, შესყიდვები, კონტაქტი, ვაკანსიები. თუმცა არც ერთი კატეგორია არ ფუნქციონირებს. კიდევ ერთი ნიშანი, რაც სიყალბეზე მიუთითებს ბმულის დასახელებაა: https://gotereblack.com/bRxgKH7C, რომელსაც თბილისის სარანსპორტო კომპანიის სახელთან არანაირი მსგავსება და კავშირი არ აქვს.
ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადება ქართულ ენაზეა დაწერილი, თუმცა მასში არაქართულენოვანი ადამიანისთვის დამახასიათებელი შეცდომებიც გვხვდება და რჩება შთაბეჭდილება, რომ ტექსტი ქართულად სათარგმნი ხელსაწყოთი არის გადათარგმნილი. მაგალითად, “მეტრომანის” ნაცვლად, განცხადებაში “მეტრომონი” გვხვდება. არაბუნებრივი და გაუმართავია ასევე წინადადება: “ქალაქ თბილისის მცხოვრებთა შორის 500 ბარათს გავაფორმებთ”.
იმის დასადასტურებლად, რომ მომხმარებელი ნამდვილი პიროვნებაა, კომპანია შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვს: 1. იცით თუ არა Metromoney? 2. ისარგებლეთ ჩვენი მომსახურებით? 3. ხშირად მოგზაურობთ? ამ კითხვებზე დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემისას მომხმარებელი შემდეგ ეტაპზე გადადის და მან გამოსახული სასაჩუქრე ყუთებიდან ერთ-ერთი აირჩიოს. მეორე მცდელობისას მომხმარებელი უკვე “გამარჯვებული” ხდება და 7,09 ლარიანი მეტრომანის მისაღებად პირადი მონაცემების შევსება უწევს.
მას შემდეგ, რაც მომხმარებელი შეიყვანს პირად მონაცემებს, მათ შორის გვარს, ტელეფონის ნომერს, ქალაქსა და საფოსტო ინდექსს, გადადის შემდეგ ეტაპზე. შემდეგი ეტაპი კი უკვე თაღლითურ ვებსაიტზე საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანაა.
ერთ-ერთმა დაზარალებულმა მომხმარებელმა “მითების დეტექტორთან” განაცხადა, რომ მონაცემების შეყვანის შემდეგ 7,09 თეთრი ჩამოეჭრა, შემდეგ კი მიუვიდა ინფორმაცია 39,93 ევროს ჩამოჭრის შესახებ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს თანხა ანგარიშზე არ ჰქონდა, ტრანზაქცია ვერ შესრულდა.
აღსანიშნავია ისიც, Metromoney-ის პოსტში მითიტებული ვებსაიტის IP მისამართი, აშშ-ში კალიფორნიაში მდებარეობს და 2024 წლის დეკემბერში შეიქმნა.
-
რას აცხადებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია?
19 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მგზავრები გადაადგილებას მთელი წლის განმავლობაში 7,09 ლარად შეძლებენ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაც გამოეხმაურა. კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ყალბ გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით არის სიცრუე და სავარაუდოდ, ონლაინ თაღლითობას წარმოადგენს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ასევე აფრთხილებს მოქალქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა მსგავსი ტიპის გათამაშებებში.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.