22 ნოემბერს ქართულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1; 2; 3; 4; 5;), მათ შორის დეზინფორმაციის ხშირმა გამავრცელებელმა Koba Jakobia-მ, იდენტური ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, ფეისბუქმა (Meta) ახალი წესი აამოქმედა, რაც ორგანიზაციას მომხმარებლების პირადი ფოტოების გამოყენების უფლებას აძლევს. ფეისბუქ-მომხმარებლები პოსტებში წერენ, რომ ისინი არ აძლევენ ფეისბუქს, ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კომპანიას მათი ფოტოების გამოყენების უფლებას. პოსტებში ასევე ვკითხულობთ, რომ მსგავსი ტექსტი ყველამ უნდა გამოაქვეყნოს და თუ ამას არ გააკეთებს ეს პირადი ინფორმაციისა და ფოტოების გამოყენებაზე “ირიბ თანხმობად” ჩაითვლება.

ინფორმაცია, თითქოს ახალი წესის მიხედვით Meta მომხმარებლების ფოტოებს, შეტყობინებებსა და პოსტებს გამოიყენებს, მცდარია. დეტალური განმარტება მომხმარებლის ინფორმაციის შეგროვებისა და გამოყენების შესახებ Meta-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკაშია განთავსებული. ორგანიზაციას კონფიდენციალურობის დებულებაში ახალი წესი არ შეუტანია.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მონაცემებს აგროვებს და განკარგავს Meta საჯაროა და მისი კონფიდენციალურობის პოლიტიკაში შეგვიძლია ვნახოთ. ცნობები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ არც Meta-ს გაუვრცელებია და არც სხვა ღია წყაროებში იძებნება.
- რა სახის ინფორმაციას აგროვებს Meta და რატომ?
Meta-ს კონფიდენციალურობის ცენტრის მიხედვით, სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook, Instagram, WhatsApp, Messenger, Threads) მიერ შეგროვებული და დამუშავებული მონაცემები მოიცავს როგორც კონტენტს, რომელსაც მომხმარებელი პლატფორმებზე ათავსებს, ასევე პირად მონაცემებს, რომლებიც ანგარიშის შესაქმნელად გამოიყენება და ინფორმაციას ბრაუზერის და გაჯეტების შესახებ, რომლებითაც მომხმარებელი Meta-ს პლატფორმებზე შედის. ამ ინფორმაციის ნაწილის გაცემა აუცილებელია პლატფორმების სამუშაოდ, ნაწილის გაცემა კი ნებაყოფლობითა, თუმცა მათ გაცემაზე უარის თქმამ შესაძლოა პლატფორმების გამოყენების ხარისხზე უარყოფითად იმოქმედოს.
მომხმარებლის პროფილის ფოტო და პოსტები სწორედ იმ საჯარო ინფორმაციის ნაწილია, რომელსაც მომხმარებლები პლატფორმაზე ათავსებენ და რომელსაც Meta სხვადასხვა მიზნით აგროვებს. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებაა, რაც მოიცავს ფუნქციების, შიგთავსისა და რეკომენდაციების პერსონალიზებას.

აღსანიშნავია, რომ ეს მსგავსი ცნობების გავრცელების პირველი შემთხვევა არაა. 2024 წლის აპრილში “მითების დეტექტორმა” ფეისბუქზე გავრცელებული იდენტური ცნობები გადაამოწმა. ვრცლად წაიკითხეთ მასალაში:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















