2025 წლის 8 ივნისს აქტივისტმა დავით ქაცარავამ გამოაქვეყნა UFC-ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრის ვიდეო სუბტიტრებით. ვიდეოზე დატანილი ტექსტის მიხედვით, დვალიშვილი ტრამპს საქართველოს გარუსებისგან გადარჩენას სთხოვს.
მერაბ დვალიშვილი: “დაეხმარეთ ჩემს ქვეყანას პრეზიდენტო, გთხოვთ თქვენც გვიშველეთ. გემუდარებით, ნუ გაგვარუსებთ”.
დონალდ ტრამპი: “ნუ გეშინია, დაგეხმარებით”.
ინფორმაცია, თითქოს მერაბ დვალიშვილი ტრამპს გამარჯვების შემდეგ შეხვედრისას მოუწოდებდა, საქართველოს დახმარებოდა, მტკიცებულების გარეშეა. ვიდეოს დასაწყისში არ ისმის, თუ რას ეუბნება სპორტსმენი აშშ-ის პრეზიდენტს, ხოლო ვიდეოს დასასრულს დვალიშვილის მიერ ნათქვამი სიტყვები არ ემთხვევა სუბტიტრებში დატანილ ტექსტს.
7 ივნისს გამართულ UFC 316-ის ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში ამერიკელი მოწინააღმდეგე, შონ ო’მალი დაამარცხა და მეორედ დაიცვა UFC-ის ქამარი. გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი მიუახლოვდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც ბრძოლას ესწრებოდა, გაესაუბრა და მასთან ფოტო გადაიღო.

დვალიშვილისა და ტრამპის შეხვედრა, დაახლოებით, 16 წამს გაგრძელდა. მათი გასაუბრების ამსახველი ვიდეო ღია წყაროებში სხვადასხვა რაკურსით გავრცელდა (1;2). ყველაზე ახლოდან გადაღებულ ვიდეოში სრულად არ ისმის, რას ეუბნება ქართველი მებრძოლი ტრამპს. ვიდეოს პირველ ნაწილში დვალიშვილი ტრამპს მიესალმა და ხელი ჩამოართვა. ამ ნაწილში დარბაზში არსებული ხმაურიდან გამომდინარე მათი საუბრის გარჩევა შეუძლებელია. ამის შემდგომ დვალიშვილი ტრამპის გვერდით მდგომ პირებს ესალმება.
ვიდეოს ბოლოს დვალიშვილი კვლავ ტრამპს უბრუნდება, ამ მონაკვეთში სიტყვების გარჩევა შესაძლებელია. UFC-ის მებრძოლი ტრამპს ეუბნება: “მე ქართველი ვარ. თქვენ საუკეთესო ხართ”. Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნულ მონაკვეთზე დართულია ტექსტი: “გემუდარებით, ნუ გაგვარუსებთ” და “ნუ გეშინია, დაგეხმარებით”, რაც რეალობას არ შეესაბამება.
ამრიგად, ინფორმაცია, რომ დვალიშვილი აშშ-ის პრეზიდენტს გამარჯვების შემდეგ სთხოვდა, საქართველო გარუსებისგან გადაერჩინა, მტკიცებულების გარეშეა. მათი საუბრის მსგავსი შინაარსის შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებით არ გავრცელებულა, ეს წინადადება არც ვიდეოებში ისმის. “მითების დეტექტორი” გასარკვევად, თუ რა შინაარსის საუბარი შედგა პოლიტიკოსსა და სპორტსმენს შორის, მერაბ დვალიშვილს დაუკავშირდა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
არქივის ბმული




















