დეზინფორმაცია, თითქოს მელანია ტრამპი ოლენა ზელენსკას კორუფციული სკანდალის გამო არ შეხვდა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ოლენა ზელენსკა
33
VIEWS

24 ნოემბერს გადაცემა პოლიტიკურ პოსტში პოლიტოლოგმა თამარ კიკნაძემ  თქვა, რომ აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი უკრაინის პირველ ლედი ოლენა ზელენსკას ვაშინგტონში არ შეხვდა. მან ამის მიზეზად ოლენა ზელენსკას მიერ შეძენილი სამკაულები დაასახელა, რომელიც მან, სავარაუდოდ, უკრაინის მიერ კორუფციული გარიგებების შედეგად მიღებულ ფულით შეიძინა.  

თამარ კიკნაძე [4:42]: “ძალიან სიმპტომატური იყო, რომ როდესაც ზელენსკის მეუღლე ჩავიდა ვაშინგტონში, მელანია ტრამპი არ შეხვდა მას, იმიტომ, რომ როგორც ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, მას ჰქონდა სამკაულები და ჩაცმულობა, რომელიც სწორედ ამ არაკანონიერი, კორუფციული ფულით იყო შეძენილი”.

ოლენა ზელენსკა

მტკიცება, რომ მელანია ტრამპი ოლენა ზელენსკას არ შეხვდა, რისი მიზეზიც უკრაინის პირველი ლედის კორუფციული სკანდალი იყო, დეზინფორმაციულია. სინამდვილეში, ოლენა ზელენსკა მელანია ტრამპს 2025 წლის სექტემბერში ნიუ იორკში პირადად შეხვდა. გარდა ამისა, “მითების დეტექტორს” წარსულში გადაუმოწმებია არაერთი ყალბი მტკიცება, თითქოს ოლენა ზელენსკამ ომის მიმდინარეობისას ძვირადღირებული სამკაულები შეიძინა.

2025 წლის სექტემბერში ვოლოდიმირ ზელენსკი ოლენა ზელენსკასთან ერთად გაეროს ასამბლეის მე-80 სესიაზე დასასწრებლად აშშ-ში ჩავიდა. ცნობილი გახდა, რომ ოლენა ზელენსკა ნიუ-იორკში დაესწრებოდა შეხვედრას, რომელზეც ასევე იყო მიწვეული სხვადასხვა ქვეყნის პირველი ლედი და სადაც იგი ომისგან დაზარალებულ ბავშვებზე ისაუბრებდა. ამავე პერიოდში გავრცელდა პირველი ლედის მრჩევლის მარკ ბეკმანის Fox News-თან გაკეთებული კომენტარი, რომელშიც მან განაცხადა, რომ მიუხედავად უკრაინის პირველი ლედის რამდენიმე მცდელობისა, დაკავშირებოდა მელანია ტრამპს შეხვედრის ჩასანიშნად, ორმხრივი შეხვედრა არ იგეგმებოდა

ამ კომენტარზე დაყრდნობით რუსულ მედიაში მალევე გავრცელდა მტკიცება იმის შესახებ, თითქოს მელანია ტრამპმა ოლენა ზელენსკასთან შეხვედრა არ ისურვა (1; 2). თუმცა, 25 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტის ვებ-საიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ ზელენსკა და ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ და ომისგან დაზარალებულ ბავშვებზე ისაუბრეს. შესაბამისად, მტკიცება, თითქოს მელანია ტრამპმა ოლენა ზელენსკასთან შეხვედრაზე უარი თქვა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

შეხვედრის შემდეგ რუსულმა წყაროებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს შეხვედრა უკრაინული მედიის დადგმული იყო, რასაც უკრაინული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია გამოეხმაურა. ვრცელდებოდა ცნობები, თითქოს ოლენა ზელენსკას ფოტო მელანია ტრამპთან რედაქტირებული იყო და რეალურად ტრამპმა ფოტო იორდანიის დედოფალ რანიასთან ერთად გადაიღო. იმაზე, რომ ტრამპისა და ზელენსკას შეხვედრის ფოტო ყალბი არაა მეტყველებს ის, რომ აშშ-ის პირველი ლედი ამ ორ ფოტოზე სხვადასხვა რაკურსითაა წარმოდგენილი, განსხვავებულია მისი სახის გამომეტყველებაც და დგომაც. ტრამპის ჩაცმულობა ორი ფოტოში ერთნაირია, რადგან ფოტოები ერთსა და იმავე დღესაა გადაღებული. აშშ-ის პირველ ლედისთან შეხვედრის შესახებ ზელენსკამ X-ის საკუთარ ანგარიშზე აცნობა საზოგადოებას და ტვიტს ეს ფოტოც დაურთო. ამავე დღეს ეს ინფორმაცია დადასტურდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც

dezinphormatsia thithqos melania trampi olena zelenskas koruphtsiuli skandalis gamo ar shekhvda1 | mythdetector.com
წყარო: StopFake,  დეზინფორმაციული ფეისბუქ პოსტის სქრინშოტი

დეზინფორმაციული მტკიცებები ოლენა ზელენსკას მიერ სამკაულების შეძენაზე

რაც შეეხება ოლენა ზელენსკას მიერ ძვირფასეულობის შეძენის საკითხს, მსგავსი დეზინფორმაციული მტკიცებები წარსულში არაერთხელ გავრცელებულა. გამოგონილი ამბები მიზნად ისახავს, შეიქმნას წარმოდგენა, თითქოს უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი დასავლურ დახმარებას არამიზნობრივად, ფუფუნების საგნების შეძენაში ხარჯავენ. 

მაგალითად, 2023 წლის ოქტომბერში კრემლისტურმა მედიამ და ფეისბუქ-ანგარიშებმა ნიგერიულ მედია The Nation-ზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს უკრაინის პირველმა ლედიმ ნიუ იორკში ვიზიტის დროს Cartier-ში $1 100 000-ის ღირებულების ძვირადღირებული სამკაულები შეიძინა. დეზინფორმაციულ სტატიებში ამტკიცებდნენ, რომ ზელენსკამ მაღაზიის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა და ერთ-ერთი მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლებინა. რეალურად, ჩეკი, რომელიც მთავარ მტკიცებულებად გამოიყენეს, ოლენა ზელენსკას არ ეკუთვნოდა. პირველი ლედი პირადად ვერ შეიძენდა ნივთებს, რადგან იგი 22 სექტემბერს, რაც ასევე ნივთების შეძენის თარიღად იყო მითითებული, კანადაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ოფიციალურ ვიზიტით იმყოფებოდა. ის პირი კი, რომელიც ამბობდა, რომ მან ეს ძვირფასეულობა ოლენა ზელენსკას მიყიდა, არ იყო ის ადამიანი, რომელიც ჩეკზე  იყო მითითებული. ვრცლად წაიკითხეთ: 

დეზინფორმაციული მტკიცება ოლენა ზელენსკას მიერ ძვირადღირებული ნივთების შეძენაზე 2025 წელსაც გადავამოწმეთ. ამ შემთხვევაში პოსტების ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ზელენსკიმ პარიზში ვიზიტისას მეუღლისთვის განკუთვნილ ძვირადღირებულ ტანსაცმელსა და აქსესუარებში 1 მილიონი ევრო დახარჯა. პოსტებს დართული ჰქონდა ვიდეო, რომელშიც, მტკიცების მიხედვით, “ცნობილი პარიზელი სავაჭრო კონსულტანტი” ჟურნალისტს აღნიშნულზე დეტალებს უამბობდა. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტისა და სავაჭრო კონსულტანტის სახელები და გვარები გამოგონილი იყო, ვიდეო კი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი. რაიმე სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ზელენსკიმ ნამდვილად შეიძინა მილიონი ევროს ღირებულების ნივთები, ღია წყაროებში არ არსებობს.  ვრცლად წაიკითხეთ მასალაში: 

შესაბამისად, თამარ კიკნაძემ გადაცემაში გააჟღერა დეზინფორმაცია, თითქოს მელანია ტრამპი ოლენა ზელენსკას არ შეხვდა და ის წარსულში მრავალჯერ გავრცელებულ ყალბ მტკიცებებს დაუკავშირა. ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია მელანია ტრამპის ან თეთრი სახლის ოფიციალური პოზიციის შესახებ  “სამკაულების სკანდალზე”.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist