8 ივლისს პარტია “ქართული ოცნების” თავჯდომარე მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან “ღირსეული პარტნიორი 2024” სწავლების განუსაზღვრელი დროით გადადებას გამოეხმაურა. აშშ-ის განცხადების პასუხად, რომლის მიხედვითაც აღნიშნული გადაწყვეტილება “შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით არის განპირობებული”, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს გაუგებარია და ხელისუფლებას ევროკავშირისა და აშშ-ის წინააღმდეგ დეზინფორმაცია არ გაუხმოვანებია და მათთვის მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაც არასდროს დაუბრალებია.
მამუკა მდინარაძე: “დამისახელეთ ერთი ცრუ ბრალდება ან დეზინფორმაცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ს წინააღმდეგ გაახმოვანა? არასდროს „ქართული ოცნების“ არცერთ დეპუტატს, მთავრობის არცერთ წევრს, ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები ცუდია და რაიმე მსგავსი. ჩვენ მეორე ფრონტიც არასდროს დაგვიბრალებია ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. არც გლობალური ომის პარტია არასდროს გვიწოდებია აშშ-სთვის.”
რეალურად, მმართველი პარტია საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მოწყობასა და ქვეყნის ომში ჩათრევაში აშშ-სა და ევროპის პირდაპირ თუ ირიბ დადანაშაულებას 2022 წლიდან ცდილობს. “მედიის განვითარების ფონდის” 2022 წლის ანგარიშში, რომელიც ანტიდასავლური პროპაგანდის გზავნილებს შეეხება, “ქართული ოცნება” მოხვდა იმ პარტიებს შორის, რომელიც საქართველოს ომში ჩართვის საფრთხესა და მაიდნის სცენარის განვითარებაზე საუბრობდა.
დასავლეთის საწინააღმდეგო გზავნილები ხელისუფლების მხრიდან მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 2022 წლის ივნისში ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების რეკომენდაცია გასცა. ოდნავ მოგვიანებით კი 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ კანდიდატის სტატუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა, საქართველოს შემთხვევაში კი იმ დროისათვის თავი შეიკავა. აღნიშნულ ფაქტს მაშინ “ქართული ოცნების” ლიდერები ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე გამოეხმაურნენ და როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე კანდიდატის სტატუსის არმიღება ომში ჩართვაზე საქართველოს უარს დაუკავშირეს.
ირაკლი ღარიბაშვილი: „თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში?.. პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში.“
ირაკლი კობახიძე: “თქვენ ხშირად გვსაყვედურობთ ამ დღეებში, რომ კანდიდატობა არ მოგვცა ევროკომისიამ. დასკვნაში ასეთი რამ წერია. ნუ, არ ვიომეთ და კანდიდატობა არ მოგვცეს. ომთან დაკავშირებით ღიად ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ეს არის, მათ შორის, მაკრონის სიტყვები, რომ ომის გამო აძლევენ უკრაინას კანდიდატობას მაშინ, როცა უკრაინას კანდიდატობა არ ეკუთვნის.”
კახა კალაძე: „ძალიან სამწუხაროა ეს განცხადებები და ის, რომ ქვეყანა უნდა დაიჩაგროს იმისთვის, რომ ომში არ ჩაერთო… თითოეულ ჩვენგანს რომ სანქციები დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა და სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. პირველ რიგში, ისინი ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში.”
აღსანიშნავია, რომ დასავლეთის კრიტიკის საპასუხოდ “ქართული ოცნების” მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები 2023-2024 წლებშიც გაგრძელდა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მმართველი პარტიის პოლიტიკოსები ცდილობენ საქართველოში არეულობის მოწყობასა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში არა პირდაპირ ევროკავშირის სტრუქტურები ან აშშ-ის მთავრობა, არამედ ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსები დაადანაშაულონ. ამის მიუხედავად, კვლავ იყო შემთხვევები, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები პირდაპირ უკავშირდებოდა აშშ-ის ადმინისტრაციასა და ევროკავშირს. მაგალითისთვის, 2024 წლის 7 ივნისს “ქართული ოცნების” წევრებმა პაატა კვიჟინაძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადეს, რომ აშშ საქართველოში რევოლუციის და მეორე ფრონტის მოწყობას ცდილობს. ამა წლის 25 აპრილს კი კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროკავშირის მხრიდან სადამსჯელო ღონისძიება იყო, რადგან საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნა.
საქართველოს მთავრობა ასევე სისტემატიურად ავრცელებს შეთქმულების თეორიას იმის შესახებ, თითქოს საქართველოში არეულობით დაინტერესებულია “გლობალური ომის პარტია”. ამ შემთხვევაში “ქართული ოცნება” პირდაპირ არ ასახელებს თუ რომელი ჯგუფები/ქვეყნები წარმოადგენს “გლობალური ომის პარტიას”, თუმცა, მათი განცხადებების თანახმად, ისინი არიან “დიდი გავლენის მქონე” ძალები, რომლებიც აშანტაჟებენ ბიძინა ივანიშვილს და ასევე კრიტიკული გავლენა აქვთ ოფიციალურ სტრუქტურებზე აშშ-სა და ევროკავშირში.
ომისა და მეორე ფრონტის გახსნის თემასთან დაკავშირებით იხილეთ “ქართული ოცნების” პოლიტიკოსების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები:
2022 წელი |
2023 წელი |
2024 წელი (ივნისის ჩათვლით) |
ირაკლი ღარიბაშვილი: „თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში?.. პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში.“ | მიხეილ სარჯველაძე: “უმჯობესია ოპოზიციამ გასცეს კითხვას პასუხი, მაგალითად, რამდენად ლეგიტიმურად ან რამდენად მართლზომიერად მიაჩნიათ, როდესაც ცალკეული უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოდიან და საუბრობენ კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით, რომ წინასწარ, მიუხედავად იმისა, მიზეზი იარსებებს თუ არა, რევოლუციური სცენარი უნდა გათამაშდეს საქართველოში და თბილისის ქუჩებში უნდა დაიდგას მაიდნის სცენარი…” |
შალვა პაპუაშვილი: ‘’ჩვენ ქვეყანას, რომელსაც არც ნატო გვიცავს, არც ევროკავშირი, არავინ არ გვიცავს ჩვენი თავის გარდა, ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ თავს ვერ მივცემდით იმის უფლებას, რომ ჩვენი ხალხი ჩაგვეგდო ომის და სისხლის ზღვრის რისკის ქვეშ, არადა ამას გვეუბნებოდნენ, დააწესეთ სანქციები… დღესაც ხო გვეუბნება ზოგიერთი ევროპელი ლიდერი, ზოგიერთ ქვეყნის პრეზიდენტი ევროკავშირის წევრისა…’’ |
ირაკლი კობახიძე: „როდესაც ვიღაცები ცდილობენ, რომ გააღვივონ ომის რიტორიკა და ამას [აშშ] ელჩი არ ემიჯნება, ბუნებრივია, ეს წარმოშობს გარკვეულ კითხვებს“ | ირაკლი კობახიძე: “მე წავიკითხე [ამერიკის] საელჩოს განცხადება, გაოგნებული ვიყავი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი განცხადება, რაც მოვისმინეთ. იმის მაგივრად, რომ გვენახა გამიჯვნა იმ პროცესებისგან, რაც პირდაპირ რევოლუციასთან არის დაკავშირებული, ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად განსხვავებული განცხადება. ეს აღმაშფოთებელია. ქართულ საზოგადოებას უნდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში და არ უნდა რევოლუცია და ის უბედურება, რაც რევოლუციამ მოუტანა, იგივე ჩვენს მეგობარ უკრაინას. საზოგადოების მოლოდინია, რომ აშშ-ის საელჩოსგან მოისმინოს განსხვავებული პოზიცია, პოზიცია, რომ მათი მხრიდან არ მოხდება რევოლუციური სცენარების მხარდაჭერა, თუმცა გუშინდელი განცხადება იყო სრულიად გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის.“ |
პაატა კვიჟინაძე: ‘’მე არ ვიცი, კონკრეტულად ვის შეეხო სანქციები, მაგრამ ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს…აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაცია რომ ფერადი რევოლუციის მოწყობას ცდილობს, ამას არავინ, მათ შორის ოპოზიციაც, არ უარყოფს. თუ ეს მთავრობა შეიცვალა, რა ძალები მოვლენ ხელისუფლებაში, არც ეს არის ძნელი გამოსაცნობი. NGO და სალომეს ფანჩატური. ისმის კითხვა, თუ ასე მოხდა და ამ ხალხს დაავალებენ იმას, რასაც ჩვენ გვთხოვდნენ – სანქციებზე მიერთებას და ომში სხვადასხვა ფორმით ჩართვას (მეორე ფრონტი და ა.შ). რას გააკეთებენ? მე მგონი გასაგებია-უსიტყვოდ დაეთანხმებიან. ამის შემდეგ რაც მოხდება საქართველოში უკვე ნათელია (უკრაინიზაცია)…” |
ზაზა პაპუაშვილი: „მხოლოდ იმისთვის ვჭირდებით, რომ საზარბაზნე ხორცად გამოგვიყენონ, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა 2008 წელს! რუსეთმა პერიოდულად უნდა ჩაგვარტყას ტორი, მერე ყველა დაიმალოს თავის ნატო-ევროკავშირიანად და ამერიკამ ივიშვიშოს – ნახეთ, უზარმაზარი რუსეთი პატარა საქართველოს რას უშვებაო! ეს ყოფილა, თურმე, ჩვენი ფუნქცია!“ | ირაკლი კობახიძე: “ჩვენ დაგვჭირდება განმარტებების მიღება ამასთან დაკავშირებით – რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება.” |
ვლადიმერ ბოჟაძე: ‘’საქართველოსთვის მილიარდების მომპარავი მიხეილ სააკაშვილია ქვეყნის ამშენებელი და 10 000 000 000 ლარის საქართველოსთვის დამხარჯავი ბიძინა ივანიშვილია ქვეყნის დამაქცევარი? სისხლიანი რევოლუცია, მაიდანი და მეორე ფრონტი მოუტანს ქართველ ხალხს ბედნიერებას და მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება უბედურებას? მსოფლიოში N1 სახელმწიფო უწესებს სანქციებს და ემუქრება 4 მილიონიან ქვეყანას მარტო იმიტომ, რომ უნდა მშვიდობა და არა ომი, უნდა განვითარება და არა განადგურება?” |
კახა კალაძე: „ძალიან სამწუხაროა ეს განცხადებები და ის, რომ ქვეყანა უნდა დაიჩაგროს იმისთვის, რომ ომში არ ჩაერთო… თითოეულ ჩვენგანს რომ სანქციები დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა და სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. პირველ რიგში, ისინი ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში.” |
კახა კალაძე: „შემოტევები, ზეწოლები, შეურაცხყოფები. ხო გვახსოვს რა განცხადებები კეთდებოდა, როგორ გვიტევდნენ ე.წ. ჩვენი უცხოელი მეგობრები, სანქციების მიერთებაზე, მეორე ფრონტზე და ა.შ. მაგრამ დავდექით მყარად, დავიკავეთ პრინციპული პოზიცია და ვინ მოიგო ამით, მოიგო ჩვენმა ქვეყანამ..“ |
|
ირაკლი კობახიძე: “თქვენ ხშირად გვსაყვედურობთ ამ დღეებში, რომ კანდიდატობა არ მოგვცა ევროკომისიამ. დასკვნაში ასეთი რამ წერია. ნუ, არ ვიომეთ და კანდიდატობა არ მოგვცეს. ომთან დაკავშირებით ღიად ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ეს არის, მათ შორის, მაკრონის სიტყვები, რომ ომის გამო აძლევენ უკრაინას კანდიდატობას მაშინ, როცა უკრაინას კანდიდატობა არ ეკუთვნის.” | თეა წულუკიანი: ‘’მიზანი იყო ის რაც მიზანი იყო თავის დროზე საქართველოს დასჯის, როდესაც მოლდოვას და უკრაინას მიანიჭეს წევრობის კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არ მიანიჭეს, მაშინ ეს სადამსჯელო ღონისძიება, რომელსაც ჩვენ დღემდე რომანტიულად უსამართლო გადაწყვეტილებას ვეძახდით, მაგრამ ეს რეალურად იყო სადამსჯელო ღონისძიება, რაღაცის გამო რაც ჩვენ არ გავაკეთეთ, ვგულისხმობ მეორე ფრონტის გახსნას…’’ |