28 აგვისტოს ფეისბუკ-ანგარიშებმა ტრადიციული საქართველო და მაია თვალთვაძე გაავრცელეს ვიდეოს ფრაგმენტი, რომელშიც კრემლის პროპაგანდისტი, დმიტრი სპივაკი ამერიკელ დიპლომატს, ზბიგნევ ბჟეჟინსკის ციტირებს: “კომუნიზმზე გამარჯვების შემდეგ, ჩვენ გვჭირდება მართლმადიდებლობის განხეთქილება და რუსეთის დაშლა, ამაში კი უკრაინა დაგვეხმარება, სადაც ღალატი საზოგადოებრივი ზნეობის ნორმად ითვლება.” სპივაკის მტკიცებით, ბჟეჟინსკიმ ეს ციტატა 1998 წელს დაწერა წიგნში “დიდი საჭადრაკო დაფა – აშშ-ის ბატონობა და მისი გეოსტრატეგიული იმპერატივები”
ზბიგნევ ბჟეჟინსკის ციტატა, თითქოს ის მართლმადიდებლობის განხეთქილებისა და რუსეთის დაშლისკენ მოუწოდებდა არც მის წიგნში – “დიდი საჭადრაკო დაფა – აშშ-ის ბატონობა და მისი გეოსტრატეგიული იმპერატივები” და არც ღია წყაროებში იძებნება. აღნიშნული ციტატა რუსულენოვან ანგარიშებზე წლებია ვრცელდება.
ზბიგნევ ბჟეჟინსკის წიგნში “დიდი საჭადრაკო დაფა- აშშ-ის ბატონობა და მისი გეოსტრატეგიული იმპერატივები” მსგავსი შინაარსის ციტატა არ იძებნება. წიგნში 5 -ჯერ არის გამოყენებული ტერმინი მართლმადიდებლობა/ოქრთოდოქსია, თუმცა და არცერთი მათგანი არ ემთხვევა ზემოხსენებულ ფრაზას. წიგნში ბჟეჟინსკი წერს, რომ კომუნიზმმა უღალატა რუსულ მართლმადიდებლობას. ავტორი ასევე საუბრობს საბჭოთა კავშირის დოგმატურ და მართლმადიდებლურ მოძღვრებაზე.
მსგავსი შინაარსის ფრაზას ბჟეჟინსკის წარსულშიც მიაწერდნენ, ამ თემაზე “მითების დეტექტორმა” სტატია 2019 წელსაც გამოაქვეყნა.
წიგნში არსად გვხვდება წინადადება თანამედროვე რუსეთის დაშლის აუცილებლობაზე. სიტყვა „დაშლა“ გამოიყენება მხოლოდ სსრკ-ს და რუსეთის იმპერიის დაშლის კონტექსტში.
რაც შეეხება უკრაინას, ის უფრო ხშირად გვხვდება წიგნში. ბჟეჟინსკი ძირითადად უკრაინის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე წერს. მაგალითად:
ფრაგმენტი წიგნიდან: “დიდი საჭადრაკო დაფა – აშშ-ის ბატონობა და მისი გეოსტრატეგიული იმპერატივები”
წიგნში არსად არის ნახსენები უკრაინა, როგორც მოღალატე ქვეყანა და უკრაინელები, როგორც მოღალატე ერი.
ბჟეჟინსკის სახელით გავრცელებული ყალბი ციტატები
რუსული მედია ხშირად იყენებს ბჟეჟინსკის სახელს დეზინფორმაციის გასავრცელებლად და აქვეყნებს შეთქმულების თეორიებსა და სხვადასხვა შინაარსის ყალბ ინფორმაციას. ბჟეზინსკის მიეწერებოდა განცხადებები რუსეთთან ომისთვის მზადების შესახებ. გარდა ამისა, ის ფიგურირებდა კრემლის ერთ-ერთ შეთქმულების თეორიაში აშშ-ს სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, რუსეთი პატარა სახელმწიფოებად უნდა დაყოფილიყო. რუსული მედიის მიხედვით, ბჟეჟინსკი ასევე ამტკიცებდა, რომ აშშ თურქეთში სამხედრო გადატრიალებას გეგმავდა.
რუსული მედია ასევე ბჟეჟინსკის სახელით ავრცელებდა ყალბ ციტატას, თითქოს მან თქვა, რომ კომუნიზმის დაშლის შემდეგ აშშ-ის მთავარ მტრად რუსული მართლმადიდებლობა დარჩა.
EUvsDisinfo-ს ცნობით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ბჟეჟინსკიმ მსაგავსი შინაარსის საჯარო განცხადება გააკეთა. ფიქსირდება მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც მას ჰკითხეს, ვინ იყო შეერთებული შტატების ნომერ პირველი მტერი. კითხვის პასუხად ბჟეჟინსკიმ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს არ ჰყავს მტერი N1.
2019 წელს კრემლის მედიამ გაავრცელა ბჟეჟინსკის კიდევ ერთი ყალბი ციტატა ფრაზა: „21-ე საუკუნე აშენდება რუსეთის ხარჯზე, რუსეთის ნანგრევებზე და რუსეთის წინააღმდეგ“. ინფორმაცია ბჟეზინსკის კოლეგებმა “პოლიგრაფთან” საუბარში უარყვეს და განაცხადეს, რომ ყალბი ციტატის გავრცელება რუსული პროპაგანდის ნაწილია.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გამოავლინა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.