მანიპულაცია ვაქცინით გარდაცვლილებზე, ალერგიასა და პრინც ჩარლზე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ყალბი ახალი ამბები
46
VIEWS

10 დეკემბერს “ობიექტივის” ეთერში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის “საფრთხეების შესახებ” ექიმ-ჰომეოპათმა თინა თოფურიამ ისაუბრა. ინტერვიუს დროს მან განაცხადა, რომ ვაქცინამ 6 ადამიანი უკვე იმსხვერპლა და რომ ამერიკის საკვებისა და წამლების ასოციაციას ამის აღიარება მოუწია, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებაზე უარი უკვე განაცხადა პრინცმა ჩარლზმა. 11 დეკემბერს გადაცემის სრული ჩანაწერი თინა თოფურიამ ტვ “ობიეიქტივის” წამყვანის ნინო რატიშვილის გვერდიდან თავის ფეისბუქ ანგარიშზეც გააზიარა.

თინა თოფურია, ექიმი-ჰომეოპათი: “ორი ადამიანი არი გარდაცვლილი და FDA-მ, ვინც უნდა მისცეს ლიცენზია ამას ხო… დღეს-დღეობით არი გაყუჩებული, მაგრამ, იძულებული იყო, რო აღიარა რო 2 ადამიანი დაიღუპა ნამდვილად ამისგან. როგორც ირკვევა, ამ დოკუმენტიდან და სულ არის 6 ადამიანი გარდაცვლილი თურმე და არა ორი. ინგლისში ალერგიები მისცა და ნახეთ, როცა იძულებულია ვიღაცა, რომ აღიაროს რო ეს ალერგია არი აცრისგან, ესეიგი იქ უკვე სერიოზული გართულებებია და არა უბრალოდ რაღაცა ისეთ ალერგია. ნუ ნახეთ რა სიტუაციაა, პრინც ჩარლზმა მაგალითად, უარი თქვა ამ ვაქცინაციაზე, თქვა რომ მე გენმოდიფიცირებულ ვაქცინას არ გავიკეთებ.

თინა თოფურიას განცხადება 2 მანიპულაციასა და 1 დეზინფორმაციას შეიცავს: 1) გავრცელებული ინფორმაცია ვაქცინაციის ცდების დროს გარდაცვლილთა შესახებ მანიპულაციაა, რადგან 6-დან 4 პლაცებო ცდის პირს წარმოადგენდა, რომელთაც ვაქცინა საერთოდ არ გაკეთებიათ და შესაბასამისად, ვაქცინა რაიმე სასიკვდილო ცვლილებას ვერ გამოიწვევდა; ვაქცინაციის 2 შემთხვევა 55+ ასაკობრივ ჯგუფში გულის გაჩერებას და არტეოსკლეროზს უკავშირდება. გარდაცვალების ეს რაოდენობა, მეცნიერების აზრით, ზოგად პოპულაციაში ვაქცინაციის გარეშეც მოსალოდნელი იყო. 2) დიდ ბრიტანეთში ალერგიული რეაქციის 2 შემთხვევა დაფიქსირდა, რაზეც ჯანდაცვის ორგანოებმა განცხადებას გაავრცელეს. 3. დეზინფორმაციაა, თითქოს პრინცმა ჩარლზმა ვაქცინაციაზე უარი განაცხადა. 

  • FDA-ის დოკუმენტი და გარდაცვლილთა რიცხვი

დოკუმენტი, რომელსაც თინა თოფურია ეყრდნობა, 10 დეკემბერს ვაქცინებთან დაკავშირებული ბიოლოგიური პროდუქტების მრჩეველთა საბჭოს შეკრებაზე FDA-მ (ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია) წარმოადგინა და ადამიანებში covid-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის კვლევას ეხებოდა.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ცდების დაწყებიდან (29 აპრილი) მის შეწყვეტამდე (14 ნოემბერი) 43 448 ადამიანი მონაწილეობდა, აქვე აუციელებლია აღინიშნოს, რომ 43 448 მონაწილიდან 21 728 სინამდვილეში პლაცებო ჯგუფში იყვნენ, ანუ მათ ვაქცინა არ გაკეთებიათ.  პლაცებო სამედიცინო კვლევებისას აპრობირებული მეთოდია და პლაცებო ჯგუფები კვლევის საბოლოო შედეგების შედარების მიზნით იქმნება. პლაცებოს ნაწილში მონაწილე პირებმა თავად არ იცოდნენ, რომ ვაქცინა გაკეთებული არ ჰქონდათ.

დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ კვლევის პერიოდში 43 448 მონაწილიდან 6  გარდაიცვალა. გარდაცვლილი 6 პაციენტიდან 4 პლაცებო ცდის პირს წარმოადგენდა, რაც ნიშნავს, რომ მათ ორგანიზმში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა რაიმე სასიკვდილო ცვლილებას ვერანაირად ვერ გამოიწვევდა. ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ პლაცებო ჯგუფის გარდაცვლილებიდან სამი 55+ ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვნებოდა.

რაც შეეხება ორ ნამდვილად აცრილ გარდაცვლილ მონაწილეს, ერთ-ერთი ვაქცინის მეორე ინექციიდან 62 დღეში გულის გაჩერებით (cardiac arrest) გარდაიცვალა, მეორე კი ვაქცინის პირველი დოზიდან 3 დღეში – არტეოსკლეროზით (სისხლძარღვების შევიწროება). ამ შემთხვევაშიც ორივე გარდაცვლილი 55+ ასაკობრივ კატეგორიაში იყო.

  • კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დიდ ბრიტანეთში და ანაფილაქსიის შემთხვევები 

თინა თოფურია საუბრობს დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციისგან გამოწვეულ ალერგიულ რეაქციებზეც. დიდ ბრიტანეთში მართლაც დაფიქსირდა ანაფილაქსიის (ალერგიული რეაქცია) 2 შემთხვევა, რის შემდეგაც 9 დეკემბერს ბრიტანეთის მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულაციის სააგენტოს (MHRA)-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუნ რეინმა მართლაც გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ Pfizar/BioNTech-ის ვაქცინა არ უნდა მიიღონ მათ, ვისაც რომელიმე ვაქცინის ან საკვების მიმართ ალერგიის ისტორია ჰქონდა, ხოლო ვაქცინის მეორე დოზა არ უნდა გაკეთებოდათ მათ, ვინც პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია აჩვენა.

ალერგიული რეაქცია შესაძლოა გამოიწვიოს ნებისმიერმა სამედიცინო თუ არასამედიცინო პროდუქტმა, მათ შორის ვაქცინებმაც, FDA-ის დოკუმენტში (რომელიც საჯაროა და ყველასთვის ხელმსაწვდომი) აღნიშნულია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ყოველ 1000 ადამიანზე 1 ალერგიული რეაქცია მოსალოდნელია.

ალერგიულ რეაქციების ამ რაოდენობაში საგანგაშოს ვერაფერს ვერ ხედავენ ვერც სპეციალისტები, იმუნოლოგი და ლონდონის იმპერიული კოლეჯის პროფესორი პიტერ ოფენშოუ აღნიშნავს, რომ ის ფაქტი, რომ ათასობით ალერგიული რეაქციის 2 შემთხვევა დროულად აღირიცხა და შესაბამისი ზომებიც გატარდა, ვაქცინაციის მონიტორინგის პროცესის ეფექტურობაზე მიანიშნებს.

  • პრინც ჩარლზს ვაქცინაციაზე უარი არ უთვამს

პრინც ჩარლზს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარი არ უთქვამს. ინფორმაციის პირველწყარო ბრიტანული ონლაინ გამოცემა Financial-press.uk უარს მხოლოდ სავარაუდოდ განიხილავდა, ეყრდნობოდა რა პრინცის 1998 წლის სტატიას, სადაც სამეფო ოჯახის წევრი რეალურად არა ვაქცინებს, არამედ გენმოდიფიცირებულ საკვებს აკრიტიკებდა.

ყალბი ინფორმაცია პრინცი ჩარლზის ვაქცინაციის წინააღმდეგ გალაშქრების შესახებ საქართველოში გავრცელდა კონსპირაციული რუსული ინსტაგრამ ანგარიშიდან, რომელმაც Financial-press.uk-ის მასალა არა ვარაუდად, არამედ ფაქტად წარმოაჩინა.

რეალურად კი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად თავიანთ რიგს ელოდებიან.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist