19 ოქტომბერს ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “იმედი LIVE”, საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა ლაშა კასრაძემ განაცხადა, რომ 2022 წლის მარტში დასავლეთმა ჩაშალა სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის. კერძოდ, მისი მტკიცებით, რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინას ნეიტრალიტეტი გამოეცხადებინა და უარი ეთქვა ნატოში გაწევრიანებაზე, სანაცვლოდ კი ის 100%-ით შეინარჩუნებდა სუვერენიტეტს. ამასთანავე, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი გარანტიას მისცემდნენ უკრაინას, რომ მას დაიცავდნენ აგრესორებისგან. მან ასევე აღნიშნა, რომ სტამბოლში გამართული შეხვედრების დროს მიღებულ კომუნიკეში საუბარი იყო იმაზეც, რომ 15 წელში შესაძლებელი იქნებოდა ქვეყნებს შორის ყირიმის საკითხის გადახედვა და რუსეთი დონბასის საკითხზეც კომპრომისზე მიდიოდა. ერთადერთი მოთხოვნა კი, როგორც უკვე აღინიშნა, ნატოს წევრობაზე უარის თქმა იყო.
ლაშა კასრაძის მტკიცება, თითქოს 2022 წლის მარტში უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები დასავლეთმა ჩაშალა, მტკიცებულებებს არ ეყრდნობა, ხოლო მოყვანილი ფაქტები მანიპულაციურად არის გამოყენებული. ნიუ იორკ თაიმსის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მხარეებს რეალური შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი კი უკრაინელთა მხრიდან რუსეთის მიმართ გამოწვეული უნდობლობა და მნიშვნელოვან საკითხებზე შეუთანხმებლობა გახდა.
2022 წლის თებერვალ-აპრილში, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული სამხედრო აგრესიის შეჩერების მიზნით, დაპირისპირებულმა მხარეებმა რამდენჯერმე სცადეს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, რის შედეგადაც შეიქმნა 3 დოკუმენტი, თუმცა საბოლოო შეთანხმების მიღწევა და დოკუმენტებზე ხელისმოწერა ვერ მოხერხდა. ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა New York Times-მა მოიპოვა აღნიშნული დოკუმენტების სრული ვერსიები და ამასთანავე თვეების მანძილზე ესაუბრებოდა 10-ზე მეტ ოფიციალურ პირს უკრაინიდან, რუსეთიდან და დასავლეთიდან, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში. მათი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის ძირითადი მიზეზი უკრაინელთა მხრიდან რუსების უნდობლობა იყო, რომელთა მოთხოვნებიც უკრაინელებისთვის სრულიად მიუღებელი იყო, რადგან რუსეთის მიერ შეთავაზებული პირობები მათთვის არ იძლეოდა უსაფრთხოების გარანტიებს.
-
მოლაპარაკებების პირველი ეტაპი
სამშვიდობო მოლაპარაკების ფორმატში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები ომის დაწყებიდან მალევე 28 თებერვალს შეხვდნენ ერთმანეთს ბელარუსში, რის შედეგადაც მათი კომუნიკაცია რეგულარულად გრძელდებოდა ონლაინ რეჟიმში და პირველი ხელშეკრულების მონახაზი 17 მარტს შეიქმნა. დოკუმენტში წითელი ფერებით იყო აღნიშნული ის საკითხები, რაზეც მხარეები ვერ თანხმდებოდნენ და სწორედ ეს დეტალები ცხადყოფდა, რომ შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნებოდა. უკრაინა მოითხოვდა, რომ მას ქონოდა საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტია, რაც გულისმობდა ნეიტრალური სტატუსის მიღების შემთხვევაში გარანტორი სახელმწიფოების მხრიდან უკრაინის დაცვას, მასზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემთხვევაში. ამ ქვეყნების სია მოიცავდა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდ. ირლანდიას, ჩინეთს, რუსეთს, აშშ-ს და საფრანგეთს. რუსეთი კი თავის მხრივ მოითხოვდა, ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას, აღმოსავლეთ დონბასის (დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები) დათმობას, უკრაინისა და მისი მოკავშირე სახელმწიფოების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას, ნაცისტური სიმბოლოების აკრძალვას, გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, დასახლება და სხვა) ნაციზმთან დაკავშირებული დეტალებისა და პირების სახელების დარქმევას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის მიერ უპირობო ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, რის შედეგადაც ქვეყანას უარი უნდა ეთქვა ნებისმიერ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე, ხელშეკრულებების გაფორმებაზე, მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედროებისა და ბაზების განლაგებაზე და ა.შ.
დოკუმენტში რუსეთი ასევე მოითხოვდა უკრაინისათვის სამხედრო ლიმიტების დაწესებას და მომსახურე პერსონალის, ტანკებისა თუ სხვა საბრძოლო ტექნიკის რაოდენობის შეზღუდვას, რაზეც უკრაინაც თანახმა იყო, მაგრამ ისინი არ ეთანხმებოდნენ რუსეთის მიერ შემოთავაზებულ რაოდენობებს და ბევრად მაღალი ლიმიტის დაწესება სურდათ.
საბოლოო ჯამში ხელშეკრულების პირობები თითქმის არ ითვალისწინებდა უკრაინის ინტერესებს და როგორც ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, პრაქტიკულად უკრაინის ცალმხრივ განიარაღებას ისახავდა მიზნად. შედეგად შეთანხმება ვერ შედგა.
-
სტამბოლის კომუნიკე
სამშვიდობო მოლაპარაკებები 29 მარტს სტამბოლში გაგრძელდა. ამ დროისთვის უკვე ცხადი იყო, რომ რუსეთის ჯარს უჭირდა დასახული მიზნების მიღწევა და უკრაინას სერიოზული სამხედრო წინსვლა ქონდა ომის ფრონტზე, რის გამოც მოლაპარაკებისას რუსეთის მხარის მოთხოვნები და ზეწოლა შემცირდა. უკრაინულმა მხარემ შემოთავაზებული შეთანხმება ორგვერდიან კომუნიკეში შეაჯამა, რომელიც ინტერვიუს დროს ახსენა ლაშა კასრაძემ. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ უკრაინა მზად იყო ნეიტრალიტეტის მისაღებად, იმ პირობით, რომ გარანტორი ქვეყნები მას სამხედრო აგრესიისგან დაიცავდნენ, ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსად. პირველი მონახაზისგან განსხვავებით, კომუნიკეში შესაძლო გარანტორი ქვეყნების სიას კიდევ რამდენიმე სახელმწიფო დაემატა: ისრაელი, თურქეთი, პოლონეთი, ბელარუსი, კანადა, გერმანია და იტალია. ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პუნქტები არ შეეხებოდა ყირიმს, დონეცკს და ლუჰანსკის ტერიტორიებს. უკრაინა პირობას დებს, რომ ყირიმს არ დაიბრუნებს ძალის გამოყენებით, თუმცა ტერიტორიის საკითხისა და სტატუსის გადახედვა უნდა მოხდეს 10-15 წლის პერიოდში უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობით. ბოლო პუნქტი კი ითვალისწინებდა ზელენსკისა და პუტინის შეხვედრას 2022 წელს, ხელშეკრულების გაფორმების ან/და დარჩენილი სადავო საკითხების მოსაგვარებლად მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად რუსეთის მხარე გარკვეულ დეტალებზე დათმობაზე მიდიოდა, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ისინი საზოგადოებაში არაერთგვაროვან სიგნალებს ავრცელებდნენ იმის შესახებ, იყო თუ არა მზად რუსეთი პოზიციების გარკვეულწილად დასათმობად და ხელშეკრულების გასაფორმებლად. 1 თვის შემდეგ შედგენილ ახალ დოკუმენტში რუსული მხარის დამატებულმა მოთხოვნებმა და შესწორებებმა ცხადყო, რომ მათ არ სურდათ სტამბულის კომუნიკეზე ხელის მოწერა.
აღსანიშნავია, რომ სტამბოლის პროცესებზე ისაუბრა უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ, რომლის სიტყვებიც პრორუსულმა ძალებმა მანიპულაციის გასავრცელებლად გამოიყენეს, თითქოს შეთანხმება წარმატებით შედგა, თუმცა დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ისინი აიძულა უარი ეთქვათ ხელის მოწერაზე და ჩაეშალათ მოლაპარაკებების პროცესი. რეალურად კი პარლამენტარმა განაცხადა, რომ უკრაინა ისედაც არ აპირებდა დოკუმენტზე ხელის მოწერას, რადგან მათ რუსეთისადმი ნდობა არ გააჩნდათ და დიდი იყო შანსი, რომ ნეიტრალიტეტის მიღების შემდეგ რუსეთი კვლავ განახორციელებდა სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში და მარტივად მოახერხებდა მიზნების მიღწევას. მან ასევე დაადასტურა, რომ დასავლელი მოკავშირეები ჩართულნი იყვნენ მოლაპარაკების პროცესში და რჩევებსაც აძლევდნენ მათ, თუმცა გადაწყვეტილებებს მხოლოდ უკრაინა იღებდა.
-
სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების ბოლო მცდელობა
სტამბულის შემდეგ მოლაპარაკებები კვლავ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდა და საბოლოოდ დასრულდა 17 გვერდიანი დოკუმენტის შექმნით, რომელიც თავდაპირველი ვერსიის მსგავსად ორივე მხარის შენიშვნებით იყო წითლად გაფორმებული, რომელზე შეთანხმებაც ვეღარ მოხერხდა. მხარეები თანხმდებოდნენ, რომ უკრაინა გახდებოდა ნეიტრალური სახელმწიფო, თუმცა ექნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების უფლება. რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინის საბრძოლო რაკეტების მოქმედების არელი 25 კილომეტრი ყოფილიყო, უკრაინა კი 174 კილომეტრზე ნაკლებს არ თანხმდებოდა. რუსეთი ასევე ითხოვდა რუსულ ენაზე შეზღუდვების მოხსნას და მის სახელმწიფო ენად აღიარებას. თუმცა, მთავარი პრობლემა, რასაც უკრაინა არ დათანხმდა ეხებოდა საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების პუნქტს. კერძოდ, რუსეთს სურდა, რომ უკრაინაზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, გარანტორ ქვეყნებს (დიდი ბრიტანეთი, აშშ, ჩინეთი, რუსეთი, საფრანგეთი, ბელარუსი და თურქეთი) მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეცვათ უკრაინა, თუ ყველა მათგანი შეთანმდებოდა ამაზე. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ იმ შემთხვევაში თუ ნეიტრალურ უკრაინას რუსეთი თავს კვლავ დაესხმებოდა, რუსეთს ექნებოდა შესაძლებლობა ვეტო დაედო ამ პუნქტის გამოყენებაზე და უკრაინის დაცვაზე. აღნიშნული პუნქტის მსგავსი ფორმულირება სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა უკრაინისათვის და ამან ცხადყო, რომ რუსების ნდობა საფუძველს იყო მოკლებული, რის გამოც უკრინელებმა შეწყვიტეს მოლაპარაკების პროცესი, რომელიც ამ დრომდე არ გაგრძელებულა.
უკრაინასა და რუსეთს შორის ჩაშლილ სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესებზე გავრცელებული მცდარი მტკიცებები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა:
- რატომ ჩაიშალა 2022 წლის რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება და იხევდა თუ არა რუსეთი უკან?
- მანიპულაცია, თითქოს არახამიამ თქვა, რომ რუსეთთან შეთანხმება ბორის ჯონსონის პოზიციის გამო ჩაიშალა
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.