28 ივნისს პროსახელისუფლებო მედიამ – იმედმა (1;2;3), POSTV-მ (1;2), მედიაჰოლდინგმა “კვირა“, InfoPostalioni.com-მა, publicist.ge-მ, პრაიმ ნიუსმა და “აი პოლიტიკამ” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ოლექსი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს. მედიას დასტურად მოჰყავს რეზოლუციის ტექსტში პოლიტიკოსების მიერ მოთხოვნილი შესწორება N4.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქართველმა და უკრაინელმა პოლიტიკოსებმა მოითხოვეს, საქართველოს ევროსაბჭოს წევრობა შეეზღუდოს, მანიპულაციურია. N4 შესწორებაში, რომელიც არ მიიღეს, ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ წევრობის ვალდებულებების შესრულების მხრივ საქართველოს პროგრესი არ ექნება, შესაძლოა, დაიწყოს დამატებითი ერთობლივი პროცედურა. აღნიშნული პროცედურის მიზანია, დააბრუნოს წევრი სახელმწიფო წესდებასთან შესაბამისობაში, ხოლო წევრობის შეზღუდვა ან გარიცხვა, როგორც უკიდურესი ზომა, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ პროცესში პროგრესი ვერ მიიღწევა.
სამთავრობო მედიის გარდა, ინფორმაცია, თითქოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, უკრაინელ პოლიტიკოსებთან ერთად, საქართველოს ევროპის საბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს, პოლიტიკოსებმაც გაავრცელეს, მათ შორის, “ქართული ოცნების” წევრმა არჩილ თალაკვაძემ, “ხალხის ძალის” წევრმა ზურაბ ქადაგიძემ (1;2), პოლიტიკურმა ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ (1;2) და ედიშერ გვენეტაძემ.
27 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 21-ე სხდომაზე საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას, რომლის ავტორები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა არიან, მხარი 66-მა დელეგატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 4 იყო, 5-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. რეზოლუციაში შეშფოთება არის გამოხატული საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებზე, ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გაიწვიოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი (ე.წ. აგენტების კანონი). დოკუმენტის მიხედვით, კანონი და გზა, რომლითაც მთავრობამ ის მიიღო, ევროპის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან შეუთავსებელია. ტექსტში შეშფოთებაა გამოთქმული არაპროპორციულ ძალაზე, რომელიც პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტებისა და, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოიყენა. ევროპის საბჭო სრულად იზიარებს კანონზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
გარდა ე.წ. აგენტების კანონისა, ტექსტში ასევე საუბარია “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის” შესახებ “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ კანონზე, რომელსაც აფასებენ, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტსა და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციასთან შეუსაბამოს. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოიწვია მონიტორინგის კომიტეტი, რათა გააგრძელოს საქართველოში პროცესებზე, მათ შორის, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოვლენებზე დაკვირვება.
უხოელ დელეგატებთან ერთად, სხდომას ესწრებოდნენ ენმ-ის წარმომადგენლები – ანა წითლიძე და ლევან ბეჟაშვილი. ანა წითლიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა (40:31) და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ისაუბრა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მას გამოსვლის დროს საქართველოს წევრობის შეზღუვა არ მოუთხოვია. ანა წითლიძემ გამოსვლისას თქვა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის, მისივე სიტყვებით, “რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა” გადაწყვიტა, ქვეყნის კურსი შეეცვალა და რეგიონში რუსული გავლენები გაეძლიერებინა. ანა წითლიძემ ასევე ახსენა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გამოსვლა დაასრულა მოწოდებით – “არა რუს ოლიგარქს, კი ევროპას!”
რაც შეეხება ოლექსი გონჩარენკოს, გამოსვლისას (43:40) მან თქვა, რომ მიმდინარეობს საქართველოს ბელარუსიზაცია და ქვეყანა დამოუკიდებლობის დაკარგვის გზას ადგას. გონჩარენკომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ნამდვილი ჩრდილოვანი მმართველი და რუსი ოლიგარქი უწოდა და თქვა, რომ მან უკვე ღიად გაამართლა რუსული აგრესია უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგაც კი, როდესაც ომში გლობალური ომის პარტია დაადანაშაულა. უკრაინელმა პოლიტიკოსმა მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, სამშობლო დაიცვან. საქართველოსთვის ევროპის საბჭოს წევრობს შეზღუდვა გამოსვლისას არც ოლექსი გონჩარენკოს უხსენებია.
რეზოლუციის ტექსტში 5 შესწორების შეტანას ითხოვდნენ.
საბოლოოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციის ტექსტში მხოლოდ პირველი შესწორების შეტანას დაუჭირა მხარი, რომელიც პირველ აბზაცში რამდენიმე სიტყვის ჩანაცვლებას ეხებოდა – კონკრეტულად, “წარმოშობს კითხვებს” ჩანაცვლდა სიტყვებით “წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს”.
ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა მე-2 შესწორებას, რომელიც, როგორც თანაინიციატორი გონჩარენკო განმარტავდა (1:20:50), იყო ერთადერთი შესწორება, რომლის შეტანასაც ის და კოლეგები აუცილებლად მიიჩნევდნენ. მათ სურდათ, რეზოლუციის ტექსტში ბიძინა ივანიშვილის სახელი ყოფილიყო ნახსენები. ინიციატორები ითხოვდნენ, ტექსტში მე-3 აბზაცის შემდეგ შესულიყო შესწორება, სადაც შეშფოთება იქნებოდა გამოთქმული “პოლიტიკოსისა და ოლიგარქის”, ბიძინა ივანიშვილის გავლენაზე საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკაზე და მის განცხადებაზე უკრაინაში ომთან დაკავშირებით. შესწორებას მხარი 29 დელეგატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 41 იყო, 2-მა კი ხმა არ მისცა. შესაბამისად, ⅔-ის თანხმობის არქონის გამო, ტექსტში შესწორება ვერ შევიდა. რაც შეეხება დანარჩენ შესწორებებს, გონჩარენკომ თქვა, რომ მიჰყვებოდნენ კომისიის პოზიციას და მე-2 შესწორების უარყოფის გამო სხვებზე აღარ ისაუბრებდნენ. შესაბამისად, დარჩენილ 3 შესწორებას კენჭი აღარ უყარეს და არ უსაუბრიათ არც მე-4 შესწორებაზე, რომლის შესახებაც ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია მტკიცებით, თითქოს ის საქართველოს წევრობის შეზღუდვას მოითხოვდა.
მე-4 შესწორების თანაინიციატორებს შორის არიან ოლექსი გონჩარენგო, ანა წითლიძე, და ლევან ბეჟაშვილი. შესწორების მიხედვით:
კომისიის რეზოლუციაში მე-12 პუნქტის შემდეგ ჩასვით შემდეგი პუნქტი:
“ასამბლეა მიიჩნევს, რომ საქართველო დგას სერიოზული რისკის წინაშე, დაარღვიოს ევროპის საბჭოს წესდების მე-3 მუხლით ნაკისრი ვალდებულებები (Ets No. 1). ამიტომ, ასამბლეამ შეიძლება მეოთხედ განიხილოს ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით პროგრესის ანგარიში. მომავალ სესიაზე, თუკი საქართველოს მიერ არ იქნება მიღწეული პროგრესი უკუსვლის შეჩერებისა და ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებების შესრულების მიმართულებით, ეს, შესაძლოა, ითვალისწინებდეს მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის დამატებითი ერთობლივი პროცედურის დაწყებას”.
მე-5 შესწორებაში, რომელიც ასევე არ მიიღეს, ვკითხულობთ:
მე-12 პუნქტის შემდეგ ჩასვით შემდეგი პუნქტი:
“თუ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე უმოკლეს დროში არ იქნება მიღწეული ხელშესახები პროგრესი, ასამბლეა მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, დააწესონ სანქციები, მათ შორის, ქვეყანაში შესვლის აკრძალვა და აქტივების გაყინვა ბიძინა ივანიშვილისთვის, საქართველოს მთავრობის წევრებისთვის, საქართველოს პარლამენტის ლიდერებისთვის, ქართული ოცნების საპარლამენტო ჯგუფის ლიდერებისთვის, ისევე, როგორც საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, მოსამართლეებისა და პროკურორებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ მოქალაქეების მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობაში და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე რეპრესიებში”.
შესაბამისად, არცერთ შესწორებაში პირდაპირ მოთხოვნილი არ არის, რომ საქართველოს ევროსაბჭოს წევრობა შეეზღუდოს. რაც შეეხება მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის დამატებითი ერთობლივი პროცედურის დაწყებას, მისი მიზანი ქვეყნის წესდებასთან შესაბამისობაში დაბრუნებაა და წევრობის შეზღუდვას ან შეჩერებას მხოლოდ პროცესის დაწყების შემდეგ პროგრესის არქონის შემთხვევაში ითვალისწინებს, როგორც უკიდურეს ზომას. შესაბამისად, მანიპულაციურია მტკიცება, თითქოს ქართველმა და უკრაინელმა პოლიტიკოსებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მოითხოვეს საქართველოს წევრობა შეზღუდვოდა.
განმარტების მიხედვით, მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის დამატებითი ერთობლივი პროცედურა წევრი სახელმწიფოს მიერ ნორმატიული ვალდებულებების სერიოზული დარღვევის საპასუხოდ იწყება და მისი მიზანი მე-4 პუნქტშია გაწერილი:
“4.1. დამატებითი ერთობლივი პროცედურის უპირველესი მიზანია კონსტრუქციული დიალოგისა და თანამშრომლობის გზით წევრი სახელმწიფოს ორგანიზაციის ვალდებულებებსა და პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანა და სანქციების დაწესების თავიდან აცილება”.
დოკუმენტში განმარტებულია, რომ წევრი სახელმწიფოს ჩართულობა პროცედურაში მნიშვნელოვანია და ვალდებულებების დამრღვევი ნებისმიერი წევრის უპირველესი პასუხისმგებლობაა, გადადგას ნაბიჯები სიტუაციის მოსაგვარებლად. პროცედურის ფარგლებში დგება “საგზაო რუკა”, რომელში გაწერილი პუნქტებიც ქვეყანამ პროგრესის მისაღწევად უნდა შეასრულოს. 8.5 პუნქტის მიხედვით, თუ სიტუაცია გამოსწორდება ან ქვეყანა მნიშვნელოვან პოზიტიურ პროგრესს მიაღწევს, “მინისტრთა კომიტეტმა საპარლამენტო ასამბლეასთან და გენერალურ მდივანთან კონსულტაციების შემდეგ შეიძლება გადაწყვიტოს პროცედურის შეწყვეტა ზედმეტი შეფერხების გარეშე”.
4.9 პუნქტის მიხედვით, პროცედურა, შესაძლოა, საბოლოოდ მივიდეს წესდების მე-8 მუხლის მიხედვით მოქმედების გადაწყვეტილებამდე, ასევე, პროცედურა არ გამორიცხავს მინისტრთა კომიტეტის მიერ წესდებით გათვალისწინებული მე-8 მუხლის პირდაპირ განხორციელებას, ის არ გამორიცხავს ასამბლეის შესაძლებლობას, რეკომენდაციით სთხოვოს მინისტრთა კომიტეტს, უშუალოდ იმოქმედოს სტატუტის მე-8 მუხლის შესაბამისად.
ევროპის საბჭოს წესდების მე-8 მუხლის მიხედვით კი ევროპის საბჭოს ნებისმიერ წევრს, რომელმაც სერიოზულად დაარღვია მე-3 მუხლი (რომელიც შეეხება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს) შეიძლება შეუჩერდეს წარმომადგენლობის უფლება და მინისტრთა კომიტეტის მიერ მოეთხოვოს საბჭოდან გასვლა მე-7 მუხლის მიხედვით. თუ წევრი მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, მას თავად საბჭო გარიცხავს.
დამატებითი ერთობლივი პროცედურის შესახებ დოკუმენტის მე-9 პუნქტში საუბარია იმ ზომებზე, რომელსაც საბჭო მიმართავს მაშინ, როდესაც ქვეყნის მიერ პროგრესი არ მიიღწევა და ქვეყანაში კვლავ სერიოზულად ირღვევა წესდების მე-3 მუხლი – პროცესი პროცედურის ფინალურ ნაწილზე გადაინაცვლებს და მინისტრთა კომიტეტი გადაწყვეტილებას წესდების მე-8 მუხლის საფუძველზე მიიღებენ. თუმცა, მე-9 პუნქტშიც კი ევროპის საბჭო ითვალისწინებს შემთხვევას, როცა ქვეყანა საბოლოოდ გამოასწორებს სიტუაციას და ხაზს უსვამს, რომ ამ შემთხვევაში მინისტრთა კომიტეტს შეუძლია, საპარლამენტო ასამბლეასთან და გენერალურ მდივანთან კონსულტაციების შემდეგ გააუქმოს მე-8 მუხლის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება.
აღსანიშნავია ისიც, რომ დოკუმენტის მიხედვით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პროცედურამ, შესაძლოა, საბოლოოდ მიგვიყვანოს წესდების მე-8 მუხლის შესაბამისად მოქმედებამდე, წევრი სახელმწიფოს მიმართ დამატებითი ერთობლივი პროცედურის დაწყების შესახებ ასამბლეის გადაწყვეტილება მხოლოდ წესდების მე-3 – ფუნდამენტური პრინციპებისა და ფასეულობების ყველაზე სერიოზული პუნქტის დარღვევით შეიძლება გამართლდეს.
შესაბამისად, დამატებითი ერთობლივი პროცედურისა და ევროპის საბჭოს წესდების დოკუმენტების ანალიზით მივდივართ დასკვნამდე, რომ პროცედურის დაწყების მოთხოვნა არ არის პირდაპირ კავშირში ქვეყნის წევრობის შეზღუდვის მოთხოვნასთან. პროცედურის მთავარი მიზანია, დააბრუნოს წესების დამრღვევი ქვეყანა წესდებასთან შესაბამისობაში, რისთვისაც მას კონკრეტული რეკომენდაციები ეძლევა. წევრობის შეზღუდვაზე საუბარია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არ მიჰყვება საგზაო რუკას და დარღვევას აგრძელებს.