5 ნოემბერს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზია “იმედმა” და POSTV-მ გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს კოალიციის “ძლიერი საქართველო” ლიდერმა, ალექსანდრე ელისაშვილმა არჩევნებზე ხმის ფარულობასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა. მედიების მიხედვით, ელისაშვილმა, დაახლოებით, 21:00 საათზე თქვა: “გაბედა თეთრიწყაროს მოსამართლემ და თქვა, რომ ფარულობა იყო დარღვეული”, ხოლო მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება 22:00 საათის შემდეგ დაიწყო.
მსგავსი ინფორმაცია გაიმეორა პარტია “ქართული ოცნების” წევრმა, თემურ შარმანაშვილმა და აღნიშნა, რომ ელისაშვილმა მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა, რაც, მისი თქმით, სერიოზული სკანდალია და სასამართლოს საიდუმლოებას არღვევს. მისი ციტატა გაავრცელეს ტელევიზია “იმედმა”, “რუსთავი 2”-მა და სხვა საინფორმაციო სააგენტოებმა (1, 2, 3, 4, 5).
სამთავრობო მედიები მანიპულაციურად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ალექსანდრე ელისაშვილმა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება არჩევნებზე ხმის ფარულობასთან დაკავშირებით წინასწარ იცოდა. სინამდვილეში, ინფორმაცია, რომ თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დადგინდა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 4 ნოემბრის საღამოს 18:25 საათზე გაავრცელა. აღნიშნულის შესახებ კი ელისაშვილმა მედიასთან 8-დან 10 საათამდე პერიოდში ისაუბრა.
4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელს განიხილავდნენ. სარჩელი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას ეხებოდა. საია მიიჩნევს, რომ ბიულეტენზე სასურველი საარჩევნო სუბიექტის გაფერადების შემდეგ, მარკერის კვალი ბიულეტენის მეორე მხარეს ჟონავდა, ხოლო მისი ხმის მთვლელ აპარატში მოთავსებისას, ხილვადი იყო, სავარაუდოდ, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.
ამავე დღეს, საღამოს 18:25 საათზე საია-მ ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ სხდომაზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დადგინდა. კერძოდ, სასამართლომ საია-ს შუამდგომლობის საფუძველზე წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებიდან, შემთხვევითობის პრინციპით, გამოითხოვა 3-3 ბიულეტენი. ყველა მათგანის მეორე მხარეს მარკირების კვალი შეიმჩნეოდა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ სასმართლოზე ხმის მთვლელი აპარატს, ბიულეტენს, მარკერსა და ჩარჩო კონვერტს ტექნიკური შემოწმება ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ბიულეტენის აპარატში მოთავსებისას, გაკეთებული არჩევანი უკანა მხარეს ხილვადია. სწორედ საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ისაუბრა ალექსანდრე ელისაშვილმა საპროტესტო აქციაზე და მედიასთან.
აღნიშნულის შესახებ ალექსანდრე ელისაშვილმა, თავდაპირველად, პარლამენტის შენობასთან, საპროტესტო აქციაზე თქვა. 20:30 საათზე პოლიტიკოსმა დემონსტრანტებს უთხრა:
(დრო: 1:28:50) “პატარა აგური ჩვენს გამარჯვებაში. ერთი პატარა, მარა დიდი გამბედაობის ამბავი უნდა მოგიყვეთ. ალბათ ბევრმა უკვე გაიგეთ. თეთრიწყაროში მოსამართლემ გაბედა და დაადასტურა, რომ არჩევნებზე ხმის ფარულობა იყო დარღვეული. ახალგაზრდა იურისტთა ასოციასიამ გაავრცელა ეს ამბავი. მათი არც ერთი სარჩელი არც ერთმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოში, არსად არ მიიღეს წარმოებაში, მარა აღმოჩნდა ერთი მაგარი ქართველი, როგორც ჩანს, არ ვიცი, ქალია თუ კაცი, მარა ვენაცვალე იმ ჯიგარში. მოატანინა აპარატურა, ჩაატარეს ექსპერიმენტი და დადასტურდა, რომ ნებისმიერ მონიშვნაზე უკან ჟონავდა ეს რაღაც ჯანდაბა ფლომასტერი თუ რაღაც და თქვა, რომ, არა, დაირღვა ფარულობაო.”
შემდგომ, “TV პირველთან” კომენტარშიც ელისაშვილმა იგივე გაიმეორა. პოლიტიკოსმა ისიც აღნიშნა, რომ საპროტესტო გამოსვლები საქართველოს მასშტაბით უნდა გაგრძელდეს. ტელევიზიასთან კომენტარში ელისაშვილმა თქვა: “ხო ხედავთ უკვე რა მაგარი ამბავია. პირველი სერიოზული შედეგი იმის, რომ გაბედა თეთრიწყაროში მოსამართლემ და თქვა, რომ ფარულობა იყო დარღვეული. ეს რა მაგარი ამბავია, წარმოიდგინეთ.” ალექსანდრე ელისაშვილმა კომენტარი ტელევიზიის პირდაპირი ეთერის დაწყებიდან საათ-ნახევრის შემდეგ გააკეთა, დაახლოებით, 20:58 საათზე.
იმის საილუსტრაციოდ, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა, POSTV ტელევიზია “პალიტრას” 5 ნოემბრის დილის გადაცემაში გასულ კადრებს იყენებს. “პალიტრას” 4 ნოემბრის საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში არ მოხვდა კადრები, სადაც პოლიტიკოსი თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობდა, თუმცა კადრები დილის გადაცემაში გავიდა. გასულ საღამოს ალექსანდრე ელისაშვილმა “პალიტრას” ჟურნალისტთან თქვა: (დრო: 4:50) “ჩაატარა ექსპერიმენტი [მოსამართლემ] ჟონავდა ამ იმიდან და ჩანდა, ვის მისცემდი ხმას.”
ყველა ის ინტერვიუ თუ კომენტარი, რომელიც ალექსანდრე ელისაშვილმა მედიასთან გააკეთა, მას შემდეგ იყო, რაც საია-მ ფეისბუქზე ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ყველაზე ადრე, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, მან ახსენა, რომ ინფორმაციის წყარო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო.
4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ დაადგინა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა და საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა. ორგანიზაციამ ამის შესახებ საღამოს 22:11 საათზე განაცხადა. “სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი,” – წერია საია-ს განცხადებაში.
არქივის ბმულები: 1, 2, 3, 4, 5, 6
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.