მანიპულაცია, თითქოს მაკრონის თეთრ სახლში ვიზიტისას ტრამპი მას კართან არ მიეგება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

5.4k
VIEWS

24 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ამ დღიდან სოციალურ ქსელებში მის თეთრ სახლში სტუმრობასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონს შესასვლელთან თავად არ დახვდა, რითაც მანდ პროტოკოლი და დიპლომატიური ეტიკეტი დაარღვია. აღნიშნულ შეფასებებს თან ერთვოდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი თეთრ სახლში პროტოკოლის უფროსის თანხლებით შედის, ხოლო კართან ტრამპი არ იმყოფება.
მაკრონი

გავრცელებული ვიდეო და ინფორმაცია, რომ დონალ ტრამპი ემანუელ მაკრონის თეთრ სახლში სტუმრობას უპატივცემულოდ შეხვდა და კარის შესასვლელთან თავად არ მიეგება, მანიპულაციურია. რეალურად, ამერიკის და საფრანგეთის პრეზიდენტების საჯარო შეხვედრა პროტოკოლის მიხედვით 12:15 საათზე იყო ჩანიშნული და გამოქვეყნდა კადრები, რომელშიც ვხედავთ, რომ ტრამპი მაკრონს კართან ხვდება. ამის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ ამერიკის პრეზიდენტები სხვა ქვეყნის ლიდერებს ყოველთვის შესასვლელთან არ ეგებებიან, რადგან ეს ზოგჯერ წინააღმდეგობაში მოდის თეთრი სახლის განრიგთან, თუმცა პროტოკოლურ დარღვევას არ წარმოადგენს. წარსულში არაერთხელ ყოფილა შემთხვევები, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტები თავად არ დახვედრიან მათი მთავარი პარტნიორი სახელმწიფოების, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრებს.

  • შეეგება თუ არა ტრამპი მაკრონს კართან?

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ვიდეო, სადაც ვხედავთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს თეთრი სახლის პროტოკოლის უფროსი მონიკა ქროული ხვდება, ავთენტიკურია და 24 თებერვლის დილასაა გადაღებული. საფრანგეთის ლიდერი თეთრ სახლში ორი სხვადასხვა შეხვედრის ფარგლებში იმყოფებოდა: ერთი შეხვედრა დილას გაიმართა G7-ის ლიდერებთან ერთად, სადაც დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი ვიდეო ზარის მეშვეობით ჩაერთნენ, მოგვიანებით კი საფრანგეთის და ამერიკის პრეზიდენტებმა ორმხრივ ფორმატში ისაუბრეს და პრესკონფერენცია ჩაატარეს. 

თეთრი სახლის დღის წესრიგის თანახმად, G7-ის შეხვედრა დილის 8:00 საათზე, ხოლო პრეზიდენტ ტრამპის მიერ მაკრონის ოფიციალური მიღება 12:15 საათზე იყო ჩანიშნული

მაკრონი

შესაბამისად, პროტოკოლით გათვალისწინებულ დროს დონალ ტრამპი ემანუელ მაკრონს კართან შეეგება და თეთრმა სახლმა შეხვედრის ამსახველი კადრებიც გამოაქვეყნა.

მაკრონი

  • გულისხმობს თუ არა სხვა ქვეყნის ლიდერის არდახვედრა დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევას?

თეთრი სახლის პროტოკოლური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი სხვა სახელმწიფოების ლიდერებს, შესაძლოა, ყოველთვის კართან არ შეეგებოს, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ მიმართ პატივისცემას არ გამოხატავენ. ზოგჯერ აშშ-ის პრეზიდენტის გრაფიკი დატვირთული და შეუსაბამოა ფორმალურ საჯარო დახვედრასთან, ზოგჯერ კი საჯარო დახვედრას წინ პირადი, დახურული შეხვედრა უძღვის, როგორც ეს ემანუელ მაკრონის შემთხვევაში ვიხილეთ. მაგალითად, წელს 13 თებერვალს თეთრ სახლს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდიც ესტუმრა და მას შესასვლელთან ასევე თეთრი სახლის პროტოკოლის უფროსი დახვდა.

თუ წარსულში სხვა შეხვედრებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ როგორც ტრამპი, ასევე აშშ-ის სხვა პრეზიდენტები სტუმრებს ყოველთვის კართან არ ხვდებოდნენ, მათ შორის არც ამერიკის მთავარი პარტნიორი სახელმწიფოს – გაერთიანებული სამეფოს ლიდერებს:

მაგალითად, 2015 წლის 16 იანვარს გაერთიანებული სამეფოს იმდროინდელი პრემიერი დეივიდ ქემერონი თეთრ სახლს ეწვია, თუმცა ბარაკ ობამა მას კართან არ დახვედრია. ასევე 2024 წლის 13 სექტემბერს ბრიტანეთის ახლანდელი პრემიერის კირ სტარმერის თეთრ სახლში სტუმრობისას მას ბაიდენის პროტოკოლის უფროსი ეთან როზენცვაიგი დახვდა.

მაკრონი
ეთან როზენცვაიგი და კირ სტარმერი თეთრ სახლში, 13 სექტემბერი, 2024 წელი.

არსებობს კიდევ ბევრი მაგალითი, როგორც გაერთიანებულ სამეფოსთან ასევე სხვა ქვეყნებთან მიმართებით, რომელთა შორისაც არიან აშშ-ის ძირითადი პარტნიორი სახელმწიფოები ახლო აღმოსავლეთში – იორდანია და ისრაელი. იორდანიის მეფეს 2016 წელს, ხოლო ისრაელის პრემიერს 2009 წელს, ამერიკაში ვიზიტისას ორივე შემთხვევაში კართან თეთრი სახლის პროტოკოლის უფროსი შეეგება.

შესაბამისად, მტკიცება, რომ ემანუელ მაკრონს პრეზიდენტი ტრამპი თავდაპირველად კართან არ დახვდა და ამით დიპლომატიური ეტიკეტი დაარღვია და უპატივცემულობა გამოხატა, მხოლოდ სპეკულაციურია და ფაქტებს არ ეყრდნობა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, საფრანგეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist