11 მაისს ფეისბუქზე, X-სა და სხვა სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერების მატარებელში შეხვედრის ვიდეო. POSTV ამერიკელ კონსპიროლოგ ალექ ჯონსზე დაყრდნობით წერდა, რომ მაგიდაზე თეთრი ფხვნილის პაკეტი და კოვზი იდო, ხოლო მას შემდეგ, რაც ოთახში ჟურნალისტები შევიდნენ, მაკრონმა ფხვნილის პაკეტი დამალა. ვიდეო ასევე გამოაქვეყნა არაერთმა ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშმა, სადაც მიუთითებენ, რომ მაგიდაზე კოკაინი იდო.
სხვა სახელისუფლებო მედიებმა, როგორიცაა, Info 9 და ნიუსჰაბი ვიდეო გაავრცელეს აღწერით “რა დამალა მაკრონმა?”
ნარკოტიკის პაკეტსა და კოვზზე მიუთითებდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვაც, რომელმაც ამის შესახებ პოსტი თავის ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოს ვირუსულად გავრცელების შემდეგ, ფაქტს გამოეხმაურა პროსახელისუფლებო ექსპერტი სოსო მანჯავიძე, რომელმაც ასევე დაწერა, რომ ევროპელი ლიდერები კოკაინს ყნოსავდნენ. მისი კომენტარი მხარემ, რეპორტიორმა, მარშალპრესმა და სხვა სახელისუფლებო მედიებმა გააშუქეს.
ევროპელი ლიდერების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, რასაც თან ერთვის ვიდეომანიპულაცია, თითქოს მაკრონი მაგიდიდან კოკაინის პაკეტს იღებს და მალავს. რეალურად, ვიდეოში ქაღალდის ცხვირსახოცი ჩანს, რაც უკეთესი ხარისხის კადრებში მარტივად შესამჩნევია. უკრაინის პრეზიდენტისა და სხვა დასავლელი პოლიტიკოსების ნარკოდამოკიდებულებაზე ყალბი ამბების გავრცელება და მათი ამ გზით მათი დისკრედიტაცია კრემლის ხშირად გავრცელებული მეთოდია.
10 მაისის გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და და პოლონეთის ლიდერები სოლიდარობის გამოსახატად კიევში ჩავიდნენ, სადაც ზელენსკისთან ერთად უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ იმსჯელეს.
ვიდეოში, რომელიც დეზინფორმაციული აღწერით ვირუსულად გავრცელდა, ვხედავთ, რომ მატარებელში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს ხვდება. ვიდეოში მაკრონი მაგიდიდან იღებს ქაღალდის ცხვირსახოცს და არა კოკაინის პაკეტს, რაც მაღალი გაფართოების ფოტო და ვიდეო მასალაში კარგად ჩანს.

აღსანიშნავია, რომ კადრები არაერთმა მედიამ გადაიღო. ვრცელდებოდა კიდევ ერთი დეზინფორმაციული მტკიცება, თითქოს მერცს მაგიდაზე კოკაინის კოვზი ედო, თუმცა ის რეალურად ჩხირია, რაც შესაძლოა სითხის მოსარევად ან კბილის საწმენდად გამოიყენებოდეს.
გავრცელებულ დეზინფორმაციას საფრანგეთიც გამოეხმაურა. “როდესაც ევროპული ერთიანობა არაკომფორტული ხდება, დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ცხვირსახოცს ნარკოტიკებად წარმოაჩენს.” – ვკითხულობთ ელისეის სასახლის X ანგარიშზე.
მითების დეტექტორმა წარსულში არაერთხელ გადაამოწმა ფოტო და ვიდეოფაბრიკაცები, რომლითაც უკრაინის მხარდამჭერ ევროპელ პოლიტიკოსებს, ყველაზე ხშირად კი თავად უკრაინის პრეზიდენტს, ნარკოდამოკიდებულებას აბრალებდნენ და მათ დისკრედიტაციას ცდილობდნენ. დეზინფორმაციის კვალი უმეტეს შემთხვევაში კრემლის წყაროებთან მიდის:
- მოუწოდა თუ არა ამერიკელმა მსახიობმა დინ ნორისმა ზელენსკის სარეაბილიტაციო ცენტრში წასვლისკენ?
- OPEN: ზელენსკის ბილბორდი, რომელიც ქაღალდის კუპიურებს ცხვირით ისრუტავს, მილანში არ განთავსებულა
- ზელენსკი თუ პროტესტი ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ – რას უკავშირდება მილანში დადგმული სკულპტურა?
- ჩრდილები, ტელეფონის დამტენები თუ კოკაინი – რა ჩანს ზელენსკის სამუშაო მაგიდაზე?
- ზელენსკისა და მასკის საუბრის პროგრამულად დამუშავებულ ვიდეოში კოკაინი და საბანკო ბარათია დამატებული
- ყავა, ნარკოტიკები თუ სპორტი – რაზე საუბრობდა ზელენსკი რეალურად?
არქივის ბმულები: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.