29 სექტემბერს ფეისბუკ-გვერდმა დავით პაპოშვილი • David Paposhvili გამოაქვეყნა მაკდონალდსის პროდუქტების – კარტოფილი ფრისა და ჰამბურგერის ფოტო, რომელსაც თან ერთვის აღწერა, რომ აღნიშნული რესტორანი ინგრედიენტებად მკვდარი ბავშვების ნარჩენებს იყენებს. ავტორის მტკიცებით, საკვებში არ გამოიყენება ბუნებრივი ხორცი და ის ჩაანაცვლა კალიებმა, მწერებმა და ფეკალიებმა. ავტორის ინფორმაციით, რესტორნების ქსელს კარტოფილით ამარაგებს “მაიკროსოფტის” დამფუძნებელი ბილ გეიტსი, რომელმაც “საზოგადოების დეპოპულაციის პირობა დადო”. პოსტში ხაზგასმულია, რომ კარტოფილი ფრი სიგარეტზე გაცილებით უფრო მავნებელია.
მტკიცება, თითქოს მაკდონალდსის პროდუქტები ადამიანის, კერძოდ კი ბავშვების ხორცისგან მზადდება, დეზინფორმაციაა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ პროდუქტებში ადამიანის ხორცის ნარჩენებს იყენებენ.
მაკდონალდსის პროდუქტებზე მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია წლებია ვრცელდება. 2020 წელს ასევე პოპულარული იყო თეორია, რომლის მიხედვითაც ოკლაჰომაში რესტორნების ქსელი ხორცის საყინულეების 90%-ში აღმოჩენილი იქნა ადამიანის ხორცი. თუმცა, AP-ის ფაქტების გადამოწმების სამსახურის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ რესტორნის ქარხნებში ვერ იპოვეს ადამიანის ნარჩენები. შესაძლოა, რომ აღნიშნული მტკიცება გავრცელდა 2014 წელს არსებული ხუმრობისგან, რომლის პირველწყარო სატირული ბლოგი – Huzlers.com არის.
მაკდონალდსის პროდუქტების შემადგენლობასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” სხვადასხვა დროს გადაამოწმა. 2023 წელს ასევე ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ მაკდონალდსის საიდუმლო ინგრედიენტი ადამიანის ხორცია.
-
მაკდონალდსის პასუხი ბრალდებაზე, რომ რესტორანი ინგრედიენტად ადამიანის ხორცს იყენებს
მაკდონალდსის ოფიციალურ საიტზე 9 წლის წინ დასმულ კითხვაზე, იყენებდნენ თუ არა ადამიანის ხორცს, პასუხად ვკითხულობთ, რომ რესტორნების ქსელში მხოლოდ საქონლისა და ქათმის ხორცი გამოიყენება, რომლებიც ასევე არის ჰალალი პროდუქტი.
ინფორმაცია, რომ პროდუქტების მომზადებისას 100%-ით საქონლის ხორცი გამოიყენება, მაკდონალდსის ქართულენოვან საიტზეც არის ხელმისაწვდომი.
-
რა ვიცით კარტოფილი ფრის მავნებლობაზე და ამარაგებს თუ არა ბილ გეიტსი მაკდონალდსს პროდუქტით?
მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილი ფრის მავნებლობაზე ღია წყაროებით არაერთი სტატია იძებნება, რომლებშიც ხაზგასმულია, რომ ბევრ ცხიმში შემწვარი საკვები ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის, ინფორმაცია, რომ მაკდონალდსის ფრის ჭამა ავტომატურად კიბოს იწვევს და ის ბევრად უფრო საზიანოა, ვიდრე სიგარეტის მოწევა, სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე არ არის სიმართლე, რომ რესტორნების ქსელი იყენებს კარტოფილს, რომელიც პესტიციდებით არის შეწამლული.
სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელება მტკიცება, რომ კარტოფილი ფრი შეიცავს კარცეროგენ აკრილამიდს, რომელიც ასევე გვხვდება სიგარეტის კვამლში. ამ ინფორმაციის საფუძველზე მომხმარებლები ფრისა და სიგარეტის მავნებლობას ერთმანეთს უკავშირებენ. რეალურად, აკრილამიდი წამოიქმნება მაშინ, როდესაც პროდუქტი, მათ შორის კარტოფილი ფრი ძალიან მაღალ ტემპერატურაზე იხარშება ან იწვება. აკრილამიდი არ არის დამატებითი ინგრედიენტი, რომლის პოვნაც პროდუქტის შესახებ შეფუთვაზე მითითებულ ინფორმაციაში შეგვიძლია. თამბაქოში გაცილებით მეტი აკრილამიდი წარმოიქმნება, ვიდრე საკვებში. ადამიანის ჯანმრთელობაზე აკრილამიდის გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ქიმიკატმა კიბო გამოიწვია იმ ცხოველებში, რომლებსაც აკრილამიდი მაღალი დოზით მიეწოდებოდათ. ხაზგასასმელია, რომ მაკდონალდსის პროდუქტი არ არის ერთადერთი, რომელშიც აკრილამიდი შეიძლება მოხვდეს – თუ კარტოფილს მაღაზიაში ვიყიდით და სახლში მაღალ ტემპერატურაზე მოვამზადებთ, ის მაინც წარმოიქმნება.
ფეისბუკ პოსტში ასევე ნახსენებია, რომ ბილ გეიტსი კარტოფილით ამარაგებს რესტორანს, თუმცა მაკდონალდსი კარტოფილით მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ფერმიდან მარაგდება, აქედან კი მხოლოდ ერთი მიმწოდებელი ეკუთვნის ბილ გეიტსის ფირმას. ბრალდება, რომ ბილ გეიტსმა საზოგადოების დეპოპულაციის პირობა დადო, წლებია ვრცელდება და ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. “მითების დეტექტორს” ამ თემაზე არაერთი სტატია აქვს მომზადებული. 2020-ში ბილ გეიტსის 2010 წლის TED talk-ის გამოსვლის ფრაგმენტი არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა და მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ ის ვაქცინაციის მეშვეობით მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას ისახავდა მიზანდ. რეალურად, გეიტსი არა მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე, არამედ ზრდის ტემპის შენელებაზე საუბრობს. მისი სიტყვებით, ვაქცინები დიდ მნიშვნელობას ატარებს განვითარებად ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობის შესამცირებლად, რაც, თავის მხრივ, შეანელებდა მოსახლეობის ზრდას, რადგან როდესაც მეტი ბავშვი გადარჩება, მშობლები გადაწყვეტენ ნაკლები ბავშვი ჰყავდეთ და ეყოლებათ იმდენი, რომ შეძლონ მათი შენახვა, განათლების მიცემა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ეს კი სიღარიბის დაძლევისა და ცხოვრების დონის ამაღლების წინაპირობაა. ბილ გეიტსის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის ზრდის შენელება ასევე შეამცირებს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვებს. ამავე არასწორი ინტერპრეტაციით ვრცელდებოდა 2011 წელს გეიტსის მიერ CNN-ისთვის მიცემული ინტერვიუ, რომელშიც ის მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შენელებაზე საუბრობს.
-
რა არის “ვარდისფერი ლორწო” და მზადდება თუ არა მაკდონალდსის ბურგერი მისგან?
ტერმინი “ვარდისფერი ლორწო” ხორცპროდუქტის აღსაწერად პირველად მიკრობიოლოგმა ჯერალდ ზირნშტეინმა პირად მეილში გამოიყენა, რომელიც შემდგომში გასაჯაროვდა. რეალურად “ვარდისფერი ლორწო” არის უცხიმო წვრილად ტექსტურირებული საქონლის ხორცი (Lean Finely Textured Beef (LFTB)) რომლის გამოყენებაც აშშ-ის მთავრობის მიერ არის დაშვებული და ის სრულად უსაფრთხოა. ტერმინი “ვარდისფერი ლორწო” ხორცის ვიზუალს აღწერს და არ ნიშნავს, რომ ის შემადგენლობის გამო საფრთხეს შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ან საქონლის ხორცის გარდა სხვა მასალისგან მზადდება. მაკდონალდსი მსგავსი ფორმით დამუშავებულ ხორცს წარსულში იყენებდა, თუმცა 2011 წელს შეწყვიტა. გარდა ამისა, ამიაკი, რომელიც პროდუქტში შეიძლება გამოიყენონ, ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის და მას მცირე დოზით ხშირად იყენებენ, ხორცში არსებული მავნე ბაქტერიების წინააღმდეგ.
-
იპოვა თუ არა FBI-იმ მაკდონალდსის ხორცში ადამიანის ნარჩენები?
ფეისბუკ პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ FBI-იმ მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტის “მაკდონალდსში” საქონლის ხორცისგან დამზადებულ კატლეტებში “ადამიანის ნარჩენები” აღმოაჩინა.
ამავე მტკიცებით სოციალურ ქსელებში ვიდეო უცხოენოვანმა მომხმარებლებმაც გაავრცელეს. მტკიცების მიხედვით, FBI იძიებდა დეტროიტში მაკდონალდსის რესტორანში ადამიანის ნაწილების პოვნის საქმეს. თუმცა, რეალურად, ვიდეო მაკდონალდსის ხორცის მომწოდებლის წინააღმდეგ გამოძიებას არ ასახავს და ჩანაწერი 2013 წლის 13 დეკემბრით, თარიღდება. რეპორტიორი განიხილავს FBI-ს გამოძიებას International Biological Inc.-ის მიმართ – ეს არის ბიზნესი, რომელიც რეპორტიორმა აღწერა, როგორც “სამედიცინო საგანმანათლებლო სერვისის მიმწოდებელი”. აღნიშნულ ვიდეოში ადამიანების ნაშთების პოვნას მაკდონალდსს არ უკავშირებენ.
პოსტის ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ იაპონიის რამდენიმე ქალაქის “მაკდონალდსში” დამზადებულ სოსისებში, კარტოფილსა და ბლინებში ბავშვების კბილები აღმოაჩინეს. რეალურად, 2015 წელს იაპონიაში მაკდონალდსის საკვებში, კონკრეტულად კი კარტოფილ ფრიში კბილი ნამდვილად იპოვეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროდუქტი ბავშვის ხორცით არის დამზადებული. რესტორანმა ბოდიში მოიხადა და წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გამოიძიებდნენ, თუ როგორ მოხვდა კბილი კარტოფილ ფრიში.
მარიამ ბერია
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.