7 აგვისტოს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ლვივის ოლქის ქალაქ ჰოროდოკში ცენტრალურ მოედანზე ხეები სრულად მოჭრეს, რადგან მერის, ვოლოდიმირ რემენიაკის განმარტებით, ისინი საბჭოთა კავშირის დროს დაირგო. 2 აგვისტოს იგივე მტკიცება გავრცელდა ფეისბუქ-ჯგუფში “ანტი-მაიდანი! ერის ხმა!”. ამავე ცნობას 1-3 აგვისტოს აქტიურად ავრცელებენ რუსულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებლებიც (1;2;3;4;5).
მტკიცება, რომ ხეები “საბჭოთა წარმოშობის” გამო მოჭრეს, გაიმეორა კრემლის პროპაგანდისტული მედიის, Russia Today-ის რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა და ასევე აღნიშნა, რომ “ვოლოდიმირ ზელენსკისაც საბჭოთა წარმოშობა” აქვს.
ჰოროდოკის ცენტრალურ მოედანზე 70 ხის მოჭრას კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებები რია ნოვოსტი (1;2;3); გაზეტა.რუ და მოსკოვსკი კომსომოლეცი 2015 წელს ხელმოწერილ “დეკომუნიზაციის კანონს” უკავშირებს. რია ნოვოსტი სერგეი ლავროვსაც ციტირებს უკრაინის ხელისუფლების “აგრესიული დე-რუსიფიკაციის” პოლიტიკის შესახებ. სტატიებში ხაზია გასმული, რომ ხეები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მოიჭრა.


მტკიცება, თითქოს ჰოროდოკში 70 ხე მათი “საბჭოთა წარმოშობის” მიზეზით მოჭრეს, მანიპულაციურია. რეალურად, მერმა, ვოლოდიმირ რემენიაკმა განმარტა, რომ ხეების დარგვის შემდეგ მოედანს დაეკარგა ისტორიული სახე, რომლის აღდგენის მიზნითაც ხორციელდება პროექტი. სამუშაოები ითვალისწინებს, რომ ადგილზე აღდგეს მოედანი, რომლის ტერიტორიაზეც, მერის განმარტებით, II მსოფლიო ომის შემდეგ მაღალი ჯიშის ხეები საჭიროების გარეშე დაირგო. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ხეების დარგვის პერიოდი ან “დეკომუნიზაციის კანონი” არ გამხდარა.
რუსული გამოცემების მიერ ციტირებულ ქალაქ ჰოროდოკის მერის კომენტარში, რომელიც უკრაინულმა გამოცემა “твоє місто”-მ გამოაქვეყნა, ვოლოდიმირ რემენიაკი არ ამბობს, რომ ხეები მათი საბჭოთა წრმოშობის გამო მოიჭრა. ის აღნიშავს, სამუშაოები ქალაქის ისტორიული სახის აღდგენის მცდელობის ნაწილია. გარდა ამისა, ხეების მოჭრის მიზეზად ქალაქის მერი მათ არაჯანსაღ მდგომარეობასაც ასახელებს. აღსანიშნავია ისიც, რომ გადაწყვეტილებას ადგილობრივი მოსახლეობის კრიტიკა და პროტესტიც მოჰყვა.
გამოცემასთან მერი აღნიშნავს, რომ ხეები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირის დროს დაირგო, თუმცა, გავრცელებული მანიპულაციური მტკიცების საწინააღმდეგოდ, ხეების მოჭრის მიზეზად არ ასახელებს იმას, რომ ისინი “საბჭოთაა” და ამ მიზეზით სურთ მოშორება. სტატიაში ვკითხულობთ: “საქმე ეხება ქალაქისთვის ისტორიული სახის დაბრუნებას, იმიტომ, რომ საბჭოთა დროს ხეები საჭიროების გარეშე დაირგო რინოკის მოედანზე, რომელიც ღია სივრცე უნდა ყოფილიყო”.
აღსანიშნავია ისიც, რომ გადაწყვეტილებას ადგილობრივი მოსახლეობის კრიტიკა და პროტესტიც მოჰყვა.
“ქალაქის ბევრ მაცხოვრებელს ბავშვობიდან ახსოვს ეს პარკი, ეს გასაგები ნოსტალგიაა. თუმცა, ისტორიული ცენტრის აღდგენა აუცილებელია.
[…] ვიცოდით, რომ კრიტიკა იქნებოდა. თუმცა დისკუსია საჯაროდ მიმდინარეობდა, საზოგადოების, ისტორიკოსების, მწერლებისა და ექსპერტების ჩართულობით. ბევრი ადამიანი უჭერს მხარს პროექტს, განსაკუთრებით, აქტიური მოქალაქეები” – განაცხადა რემენიაკმა.
გავრცელებულ პოსტებს დართული აქვს უკრაინულენოვანი მედიის სქრინშოტი, რომელიც სათაურში მიუთითებს, რომ “მერის განმარტებით, ხეები საბჭოთა იყო”. თუმცა, ტექსტში დამატებითი დეტალებისა და მიზეზების შესახებაც ვიღებთ ინფორმაციას.
“მითების დეტექტორი” ვოლოდიმირ რემენიაკს დაუკავშირდა. ჩვენთან კომენტარში მერი არ ადასტურებს, რომ ხეების მოჭრის მიზეზი მათი დარგვის პერიოდთან არის კავშირში და მსგავსი განცხადების გაკეთებასაც უარყო. 2 აგვისტოს საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ის დამატებით განმარტავს, რომ მიმდინარე ქალაქის ცენტრის რეკონსტრუქცია, გარდა ისტორიული სახის დაბრუნებისა, თანამედროვე ევროპული ტიპის თვითმმართველი ქალაქის ურბანულ კონცეფციასთან დაახლოებასაც ისახავს მიზნად. ჰოროდოკი 1213 წლიდან არის დასახლებული პუნქტი და ქალაქში მე-15-მე-18 საუკუნის პერიოდის სხვადასხვა ისტორიული ძეგლი მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მოჭრილი 70 ხის მაგივრად, 120 დაბალი ჯიშის, დეკორატიული ხის დარგვა იგეგმება.
“ზოგიერთი ხე დაზიანებული იყო, ნაწილი ლპობადი, სხვები კი ჯანმრთელი, თუმცა ჩვენ უფრო მეტ ხეს დავრგავთ, ვიდრე მოვჭრით. ამჟამად 70 ხე მოიჭრა, და მათ ადგილას 120-ზე მეტი დეკორატიული, დაბალტანიანი ხე გაჩნდება”. – ამბობს მერი.

“მითების დეტექტორი” ასევე დაუკავშირდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, ”Interreg NEXT Poland – Ukraine 2021-2027-ის” წარმომადგენელს. მათ დაგვიდასტურეს, რომ ქალაქის იმ ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქცია, სადაც ხეები მოიჭრა, მათი ერთ-ერთი პროექტის ”Cities of Green-ის” ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის საერთო ღირებულება 1 607 902.12 ევროა, საიდანაც პროგრამიდან ევროკავშირის მიერ 1 256 077.17 ევრო ფინანსდება. პროგრამის მიზანია პოლონეთის ქალაქ სიედლცეში, ასევე, უკრაინის ქალაქებში, ჰოროდოკსა და პრივილდეში მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარება. პროგრამა ”Interreg NEXT Poland – Ukraine 2021-2027” ხელს უწყობს პოლონეთისა და უკრაინის საზღვრისპირა რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომით არის დაზარალებული და ორიენტირებულია საერთო პროექტებზე გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, კულტურული მემკვიდრეობისა და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.




















