11 იანვარს ფეისბუქზე გავრცელდა ამერიკული ანიმაციური სერიალი “სიმპსონების” პერსონაჟების ფოტო. პერსონაჟები დგანან ქუჩაზე, რომლის ორივე მხარესაც შენობებს ცეცხლი უკიდია, ფონზე კი ვხედავთ ცნობილ წარწერას “ჰოლივუდი”. პოსტს თან ერთვის აღწერა “სიმპსონების კიდევ ერთი წინასწარმეტყველება”.
ფეისბუქზე გავრცელებული სიმპსონების ფოტო ხელოვნური ინტელექტით გენერირების ნიშნებს შეიცავს და კალიფორნიაში გაჩენილ ხანძრებთან კავშირი არ აქვს. მტკიცება, რომ “სიმპსონებში” სხვადასხვა მოვლენაა ნაწინასწარმეტყველები, ცნობილი კონსპირაციის თეორიის ნაწილია.
ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ფოტო, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერაა შექმნილი. ფოტოზე პერსონაჟების ნაწილი (ბარტ და ჰომერ სიმპსონები) ორჯერაა წარმოდგენილი. ასევე სამჯერაა წარმოდგენილი მეგი სიმპსონის პერსონაჟი, რომელთაგანაც ერთ-ერთს ლიზა სიმპსონის ტანისამოსი აცვია. გარდა ამისა, ქუჩის ორივე მხარეს შენობების ფასადებზე წარწერები გადღაბნილია და გარკვევით არ იკითხება. ყველა ეს დეტალი ხელოვნური ინტელექტისთვის დამახასიათებელი შეცდომების იდენტურია.
36 სეზონის მანძილზე სერიალში უამრავი ბუნებრივი კატასტროფა, მათ შორის, ხანძარიცაა ნაჩვენები. სერიალის მეთვრამეტე სეზონის მეთორმეტე სერიაში, სახელად “პატარა დიდი გოგო” ერთ-ერთ ფერმაში ცეცხლი ჩნდება, რომელიც გამოგონილ ქალაქ სპრინგფილდშიც ვრცელდება და მას ბარტ სიმპსონი შემთხვევით აქრობს (1,2). სერიაში არაა მინიშნება, რომ სიუჟეტი რაიმენაირად კალიფორნიას ან ჰოლივუდს უკავშირდება. ეს არაა ერთადერთი სერია, რომელშიც ცეცხლმოკიდებული სპრინგფილდი გვხვდება, 28-ე სეზონის პირველ სერიაში ქალაქში ახლადაღმართული ქრომირებული ქანდაკება მზის სხივებს ირეკლავს და ქალაქში ხანძარს აჩენს (1,2).


ამერიკის შტატ კალიფორნიაში ცეცხლის გაჩენა მშრალ კლიმატს და ძლიერ ქარებს უკავშირდება. 13 იანვრის მდგომარეობით, ცეცხლს 24 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეეწირა, ხოლო რამდენიმე ათეული პირი დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიის ზონიდან დაახლოებით 105 000 ადამიანია ევაკუირებული.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც “სიმპსონებს” ან ბუნებრივი კატასტროფის ან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის წინასწარმეტყველებას მიაწერენ, წლების მანძილზე ეს მტკიცებები შეთქმულების თეორიის ნაწილად ჩამოყალიბდა. რეალურად, ეს “წინასწარმეტყველებები” ან უბრალოდ დამთხვევებია, ან სერიალში საერთოდ არ გვხვდება და მას შეცდომით მიაწერენ. “მითების დეტექტორმა” მსგავსი მტკიცებები წარსულში არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში:
- გვხვდება თუ არა საქართველოს დროშა “სიმპსონებში”?
- ვიდეომანიპულაცია, თითქოს სიმპსონებმა ჰავაის ხანძრების ხელოვნურად გამოწვევა იწინასწარმეტყველეს
- იწინასწარმეტყველეს თუ არა სიმპსონებმა ნოტრ-დამის ხანძარი ან სირიის სამოქალაქო ომი?
- რა (არ) იწინასწარმეტყველეს სიმპსონებმა რუსეთ-უკრაინის ომზე?
- იწინასწარმეტყველა თუ არა “სიმპსონებმა” კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობა?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.