13-15 მაისს ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას ფანების-ჯგუფებში (1, 2.), ასევე “ქართული სპორტის” და სხვა ფეისბუქ-გვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ხვიჩა კვარაცხელიას სილუეტი საფრანგეთის ლიგა 1-ის ლოგოზე იქნება გამოსახული. საუბარი ეხება ფეხბურთელის ფოტოს, რომელიც მას 8 მარტს, რენთან მატჩისას გადაუღეს და მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია.
მტკიცება, თითქოს ხვიჩა კვარაცხელიას სილუეტი ლიგა 1-ის ლოგოზე იქნება გამოსახული, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი ინფორმაცია საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას, ან რომელიმე წარმომადგენელს არსად გაუვრცელებია.
8 მარტს საგრანგეთის ლიგა 1-ის ეგიდით გამართულ დაპირისპირებაში, რომელშიც ერთმანეთს პსჟ და რენი ხვდებოდნენ, პარიზელების ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ დასამახსოვრებელი მომენტი შემოგვთავაზა, როდესაც მაღალი ნახტომით, თითქმის 3 მეტრზე მყოფი ბურთი ფეხით გააჩერა და შეტევა წამოიწყო. აღნიშნული კადრი ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში და აღფრთოვანება გამოიწვია როგორც ქართველ, ისე უცხოელ გულშემატკივარში.
გასული 2 თვის განმავლობაში, სხვადასხვა სოციალურ ქსელში არაერთ ენაზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ლიგა 1-ის ხელმძღვანელობა განიხილავდა, ან უკვე გადაწყვიტა ტურნირის არსებული ლოგოს კვარაცხელიას ამ ფოტოთი ჩანაცვლება. თუმცა კონკრეტული წყარო არავის მიუთითებია. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტის და მისი ამსახველი სილუეტის ფოტო, პირველად სავარაუდოდ ლიგა 1-ის ოფიციალურმა X და ფეისბუქ-ანგარიშებმა გამოაქვეყნეს, მაგრამ მათ არაფერი დაუწერიათ იმის შესახებ, თითქოს ამ ფოტოთი ტურნირის ლოგოს ჩანაცვლება იგეგმებოდა. პოსტის აღწერაში ვკითხულობთ მხოლოდ ერთ წინადადებას: “კვარამ ეს-ესაა ყველაზე საკულტო ფოტო შემოგვთავაზა”.
ჩვენ შევამოწმეთ ლიგა 1-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელებში 7მარტის შემდგომ დადებული ყველა სტატია და პოსტი, თუმცა ვერც ერთ მათგანში ვერ მივაკვლიეთ ინფორმაციას, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნამდვილად იგეგმება კვარაცხელიას ფოტოთი ტურნირის ლოგოს შეცვლა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლიგა 1-ის ლოგო ბოლოს ტურნირის 2024-2025 წლის სეზონის დასაწყისისთვის შეიცვალა და ნაკლებ სავარაუდოა, რომ 1 წლის განმავლობაში ის კვლავ ჩაანაცვლონ ახალი ვერსიით. საგულისხმოა ისიც, რომ ამჟამად ტურნირის ოფიციალური სპონსორი მაკდონალდსია, რის გამოც სწრაფი კვების ამ კომპანიის ლოგო, საფრანგეთის ფეხბურთის მთავარი შეჯიბრის ლოგოზე არის დატანილი, ტურნირს ოფიციალურად მაკდონალდსის ლიგა 1 ეწოდება ახლაც და მომავალ სეზონშიც იგივე სახელწოდებას შეინარჩუნებს. საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგამ უკვე წარმოადგინა 2025-2026 წლების სეზონის ბურთები და წინა შემთხვევების გათვალისწინებით, ლოგოს ცვლილების შემთხვევაში ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე უკვე გავრცელებული იქნებოდა.

სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.