26-29 ივლისს ქართულ და რუსულენოვანმა (1,2,3,4,5) ფეისბუქ-ანგარიშებმა ამერიკელი ჯარისკაცების შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის ციტატა გაავრცელეს. მათი მტკიცებით, მინისტრმა პენტაგონში ვიზიტისას თქვა: “ყოველი ამერიკელი ჯარისკაცი ჩვენი მეორე მეუღლეა”. ფრაზა რუსულენოვან ფეისბუქ-ჯგუფებშიც (1;2) გავრცელდა.


ფეისბუქზე ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, დოვილე შაკალიენეს გაყალბებული ციტატა ვრცელდება. რეალურად, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა პენგაგონში ვიზიტისას განაცხადა, რომ ლიეტუვასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია და ლიეტუვაში ამერიკელ ჯარისკაცებს ოჯახის წევრებად აღიქვამენ.
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის ფრაზა ფეისბუქზე დამახინჯებულად ვრცელდება. დოვილე შაკალიენე პენტაგონს 25 ივლისს ესტონელ და ლატვიელ კოლეგებთან ერთად ესტუმრა. მინისტრებს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი შეხვდა. მხარეებმა შეხვედრის შემდეგ საჯარო განცხადებებიც გააკეთეს. ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ისტორიასა და არსებულ ურთიერთნდობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში შაკალიენემ ახსენა, რომ ლიეტუველებისთვის მათ ქვეყანაში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცები ოჯახის წევრებივით არიან:
“როგორც იცით და როგორც ადრეც გვისაუბრია, ლიეტუვაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოველი ჯარისკაცი ერთ-ერთი ჩვენთაგანია და ჩვენ ძალიან ვზრუნავთ მათზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრობა და მათ ოჯახის წევრებად მივიჩნევთ“.
შესაბამისად, ფეისბუქზე შაკალიენეს ნამდვილი ციტატის დამახინჯებული ვერსია ვრცელდება. ფრაზის ამგვარი სახით გავრცელების მიზანი ოფიციალური შეხვედრისა და თავად შაკალიენეს დისკრედიტაციაა – ერთ-ერთი პოსტის აღწერაში ვხვდებით ფრაზას: “მერე უკვირთ, რუსები პრასტიტკუტკებს რომ ეძახიან”.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ ანგარიში Levan Tavdishvili ანტიამერიკული და ზოგადად, ანტიდასავლური შინაარსის ცნობებს, მათ შორის, დეზინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. ანგარიშის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია „მითების დეტექტორმა“ წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
არქივის ბმულები: (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8)
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















