7 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” პარტიული სიის მეშვიდე ნომერი და ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე იმ ადამიანებს აყენებს შეურაცხყოფას, ვინც მას ჰომოსაპიენსად აღიქვამს. ლაშა ტალახაძის სახელით გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ: “ჰომოსაპიენსივით მოიქეციო, ნუ ხარ მხეციო ფეისბუკზე მომაყენეს შეურაწყობა ამწამს. ვისაც ჰომოსაპიენსი ვგონივარ იმის დედა******* მე.”
გავრცელებული ციტატა ყალბია და ლაშა ტალახაძეს არ ეკუთვნის. “მითების დეტექტორთან” კომენტარში თავად ტალახაძემაც უარყო იდენტური ან მსგავსი პოსტის გავრცელება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნოემბერში ტალახაძე ფეისბუქზე მოქალაქეებს შეურაცხმყოფელი ფრაზებით გამოეხმაურა.
სოციალური ქსელში ლაშა ტალახაძის სახელით გავრცელებული პოსტი გაყალბებულია. ციტატა არც სხვა წყაროებში იძებნება და არც პოლიტიკოსის/სპორტსმენის ფეისბუკის გვერდზე და პირად ანგარიშზე არ გამოქვეყნებულა. “მითების დეტექტორი” თავად ლაშა ტალახაძესაც დაუკავშირდა და სპორტსმენმა დაადასტურა, რომ მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
ლაშა ტალახაძე: “მსგავსი რამე არ დაწერილა ჩემი ფეისბუკ გვერდიდან არც მე არ დამიწერია, რა თქმა უნდა და რა ვიცი, რაც უნდა ის გაავრცელონ… ხალხი, ვინც გონიერია, აუცილებლად გაიგებს, რომ ჩემი დანაწერი არ არის ეს ყველაფერი და მსგავსი ტესტები რაც გავრცელდება, შეურაყწოფა ადამიანების მიმართ, თითქოს მე გამოვაქვეყნე, არ არის სიმართლე, ყველაფერი არის სიცრუე.”
მიუხედავად იმისა, რომ “ჰომოსაპიენსთან” დაკავშირებით გავრცელებული პოსტი გაყალბებულია, აღსანიშნავია, რომ 27 ნოემბერს პარლამენტში გამართულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლაშა ტალახაძე ინსტაგრამზე კრიტიკული პოსტის ავტორს სექსისტური და შეურაცხმყოფელი შეტყობინებებით გამოელაპარაკა. სტუდენტმა თაკო ლოჩოშვილმა, რომელიც ტალახაძის ინიციატივას აკრიტიკებდა, პირად შეტყობინებაში მუქარა და დამცირება მიიღო, რაც მოგვიანებით გაასაჯაროვა. ტალახაძე დამამცირებელი ფრაზებით საჯაროდ გამოეხმაურა სხვა კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებსაც.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.