12 ოქტომბერს ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია კვლევის შესახებ, რომლის თანახმადაც უკრაინელები მსოფლიოში ყველაზე ჰომოსექსუალ ერად არიან დასახელებული. პოსტების მიხედვით, კვლევა ტურისტულმა კომპანია BIG7TRAVEL-მა ჩაატარა და გამოაქვეყნა ყველაზე ჰომოსექსუალი ერების სია, სადაც უკრაინელები ლიდერობენ. იდენტური ინფორმაცია 15 სექტემბერს რუსულენოვან ფეისბუქ ჯგუფშიც გავრცელდა.

ცნობები, რომ ტურისტულმა კომპანია BIG7TRAVEL-მა უკრაინა მსოფლიოში ყველაზე ჰომოსექსუალ ერად დაასახელა, დეზინფორმაციულია. მსგავსი კვლევა არც კომპანიის ამჟამინდელ საიტზე და არც სხვა ღია წყაროებში არ იძებნება. უკრაინას ლიდერად LGBTQ+ თემასთან დაკავშირებული არც სხვა კვლევები და ინდექსები ასახელებენ.
საიტი Big 7 Travel 2019 წელს შეიქმნა და მასზე მოგზაურობასთან დაკავშირებული ახალი ამბები და ბლოგები ქვეყნდებოდა. 2020 წელს საიტი ბრიტანეთში დაფუძნებულმა ტურისტულმა კომპანია Enjoy Travel-მა შეიძინა. ამ პერიოდში EnjoyTravel.com-ზე ძირითადად მანქანების გაქირავების შესახებ ქვეყნდებოდა ინფორმაცია. კომპანიის წარმომადგენლების მიხედვით, მათ იმ ხელსაყრელი ვითარების გამოყენება სურდათ, რასაც 2021 წელს სამოგზაურო ინდუსტრიის ხელახალი აღმოცენება შექმნიდა.
ამჟამად EnjoyTravel.com გარდა სერვისებისა, როგორიცაა ფრენების დაგეგმვა, სასტუმროებში განთავსება და სხვა, BIG7TRAVEL-ის გუნდის დახმარებით ინტერნეტ-მომხმარებლებს უზიარებს მოგზაურობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ატარებს კვლევებს, რათა საზოგადოებაში სხვადასხვა თემაზე ცნობიერება აამაღლოს და მათ ახალი ადგილები გააცნოს.
უკრაინა და უკრაინელები არაერთხელ მოხვედრილან ვებ-გვერდის კვლევების შედეგებში, თუმცა BIG7TRAVEL ისინი ყველაზე ჰომოსექსუალ ერად არ დაუსახელებია. პირველ რიგში, იდენტური კვლევა მათ ვებ-გვერდზე საერთოდ არ იძებნება, თუმცა არსებობს კვლევები, რომლებიც მაგალითად LGBTQ+ საზოგადოების მიმართ ყველაზე მეგობრული ქალაქების სიას ადგენდა. ამ სიაში უკრაინის არცერთი ქალაქი არ არის. ამ კონკრეტულ სტატიაში, ისინი ასევე აქვეყნებენ LGBTQ+ საზოგადოებისათვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ინდექსს, რომლის თანახმადაც უკრაინა არა ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, არამედ 66-ე ადგილს იკავებს.

LGBTQ+ საზოგადოებისათვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სტატისტიკა (spartacus.travel)
“ყველაზე ჰომოსექსუალი ერების” სტატისტიკა სხვა ღია წყაროებშიც არ იძებნება. არსებობს რამდენიმე სხვა სტატისტიკა, რომელიც მსგავს მონაცემს იკვლევს. მაგალითად, World Population Review-ს მიხედვით, მოსახლეობის წილით, რომელიც თავს LGBTQ+ პირად აიდენტიფიცირებს, ნიდერლანდები ლიდერობს (მოსახლეობის 14%). აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კვლევა მხოლოდ 26 ქვეყანას მოიცავს და მათ შორის უკრაინა არაა.
LGBTQ+ თანასწორობის ინდექსის მიხედვით, რომელიც, როგორც ქვეყნების კანონმდებლობას, ასევე მოსახლეობის განწყობებს აფასებს, ლიდერის პოზიციებს ისლანდია, ნორვეგია და ურუგვაი იკავებენ. უკრაინა ამ ინდექსით ქვეყნებს შორის 73-ე ადგილს იკავებს.
ჰომოსექსუალობა უკრაინაში 1991 წლიდანაა ლეგალური, თუმცა, ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების ან შვილის აყვანის უფლება არ აქვთ. ქვეყანაში არსებობს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც პირებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე სამუშაო ადგილას დისკრიმინაციისგან იცავს. ჰომოსექსუალი პირებისთვის ნებადართულია ჯარში მსახურობა (1; 2).
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















