2023 წლის 17 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა გოდერძი ელგანდაშვილმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მრავალი ქვეყნის მთავრობამ “მწვანე შუქი აუნთო” ბილ გეითსის mRNA “საჰაერო ვაქცინას”, რომელიც იმ ადამიანთა წინააღმდეგ გამოიყენება, ვინც აცრას არ დასთანხმდა და მათ მასობრივ ვაქცინაციას ისახავს მიზნად.
ინფორმაცია 5 ოქტომბერს ასევე გავრცელდა რუსულენოვან ვებ-საიტზე.
გოდერძი ელგანდარაშვილის პოსტი გაზიარდა 10 ქართულენოვან ფეისბუქ-ჯგუფში (ბათუმი კოვიდტერორის წინააღმდეგ; РУСЬ; დედები ჯანმოს წინააღმდეგ❗❗❗; ქეთასთან ერთად ♥️; ადამიანთა გამოთაყვანების წინააღმდეგ ბრძოლის ალიანსი; დედათა საერთაშორისო გაერთიანება; უშუალო დემოკრატიული მოძრაობა; ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი; არა კონტროლირებად📵❌ ციფრულ ვალუტას🚫📵; აქეთურ-იქეთური ამბები).
მტკიცება, რომ ბილ გეიტსის დაფინანსებით ადამიანების მასობრივი აცრისთვის “საჰაერო ვაქცინა” შეიქმნა, კონსპირაციის თეორია და ანტივაქსერული კამპანიის ნაწილია. ვაქცინაციის მსგავსი მეთოდი დამტკიცებული არ არის, შესაბამისად, მცდარია ინფორმაციაც, რომ მთავრობებმა „ჰაერით ვაქცინაციას“ მხარი დაუჭირეს.
პოსტის ავტორი 2 წყაროს ეყრდნობა. ერთ-ერთს გადავყავართ ვებ-საიტ thepeoplesvoice.tv-ზე, სადაც გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: ,,ბილ გეიტსის m-RNA „საჰაერო ვაქცინის“ გამოყენება არავაქცინირებული ადამიანების წინააღმდეგ დასაშვები გახდა“, მეორე წყარო კი ტელეგრამ-არხი real world news-ია, რომელიც ასევე ეყრდნობა The People’s Voice-ს. მათ სტატიაში სათაურში გამოთქმული მტკიცება დასაბუთებული არ არის და “ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების პირდაპირ ადამიანის ფილტვებში მოხვედრასთან” იელის უნივერსიტეტის მიერ თაგვებზე ჩატარებული კვლევაა დაკავშირებული. რეალურად, იელის უნივერსიტეტის კვლევის მთავარი მიგნება არის პოლიმერული ნანონაწილაკები, რომლებიც გამოიყენება mRNA-ის ფილტვებამდე გადასატანად. კვლევაში განხილული იყო COVID-19 ვაქცინების პირდაპირ ფილტვებისთვის მიწოდების ინტრანაზალური მექანიზმი და არა იძულებითი მასობრივი ვაქცინაცია. კვლევის შედეგები 2023 წლის აგვისტოში გამოაქვეყნეს. დაადგინეს, რომ ცხოველის ფილტვებში ინტრანაზალურად, ნემსის გარეშე მიწოდებულმა ვაქცინამ შეიძლება ეფექტურად გაუწიოს წინააღმდეგობა COVID-19-ს. საყურადღებოა, რომ ეს ექსპერიმენტი ჩატარდა თაგვებსა და არა ადამიანებზე. აქედან გამომდინარე, ,,საჰაერო ვაქცინა”, რომელიც ადამიანებზე უნდა გამოიყენონ, არ არსებობს. მსგავსი ვაქცინის დამტკიცებისა და რომელიმე მთავრობის მიერ მიღების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება არცერთი საერთაშორისო სანდო წყაროთი.
მართალია, ბილ გეითსის ფონდი არა მხოლოდ COVID-19-ის ვაქცინის, არამედ სხვა ვაქცინების საკითხზე კვლევებს ნამდვილად აფინანსებს, მაგრამ ისინი განსხვავებული შინაარსის მატარებელია. იელის უნივერსიტეტის კვლევა არ არის დაკავშირებული მის სახელთან – ის ჩატარდა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის, ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტისა და კისტოზური ფიბროზის ფონდის დაფინანსებით.
“საჰაერო ვაქცინებზე” გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმეს უცხოელმა ფაქტების გადამმოწმებლებმაც (1;2;3;4).
გავრცელებული ფოტო “საჰაერო ვაქცინას” არ უკავშირდება
ფოტო, რომელიც თან ახლავს გოდერძი ელგანდაშვილის პოსტსა და the people’s voices-ის სტატიას, მსოფლიო სასურსათო პროგრამის ორგანიზაციამ (WFP) ჯერ კიდევ 2021 წელს გამოაქვეყნა. მოცემული ფოტო რეალურად გადაღებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჰუმანიტარული საჰაერო სამსახურის (UNHAS) ფრენისას. UNHAS-ის მიზანია ავიაციის საშუალებით ჰუმანიტარული დახმარებისა და ტვირთის მიწოდება, – პირველ რიგში, მსოფლიოს იმ წერტილებში, რომლებშიც კრიზისული სიტუაციაა.
კონკრეტული ფოტო კი ასახავს სამხრეთ სუდანში COVID-19-ის ვაქცინების ჩატანას და არაფერ კავშირშია გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასთან, რომელიც „საჰაერო ვაქცინას“ ეხება.
პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული ბილ გეითსი მუდმივად ფიგურირებს კორონავირუსთან და ვაქცინებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციებსა და კონსპირაციულ თეორიებში. აღნიშნულ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალებში:
- რას გულისხმობს გეიტსის გეგმა და საიდან მოდის დეზინფორმაცია რნმ ვაქცინის საფრთხის შესახებ?
- ვაქცინაში ნანორობოტების შესახებ კონსპირაციას გეიტსი “სულელურს და უცნაურს” უწოდებს
- 4 დეზინფორმაცია კოვიდ19-ის, ბილ გეიტსის ფონდის, CDC-ისა და ჯანმოს შესახებ
- ვაქცინები თუ გენმოდიფიცირებული პროდუქტები – როდინდელია ბილ გეიტსის ვიდეო, რომელსაც კოვიდ-19-ს უკავშირებენ?
წყაროების შესახებ
ფეისბუქ-მომხმარებელ გოდერძი ელგანდაშვილს ყალბი ინფორმაცია წარსულშიც მრავალჯერ გაუვრცელებია. “მითების დეტექტორმა” და ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა მის მიერ გაზიარებული ანტივაქსერული, მცდარი და კონპირაციული პოსტები ყალბად არაერთხელ მონიშნეს.
გამოცემა “The People’s Voice” კონსპირაციული შინაარსის სტატიებსა და ყალბ ინფორმაციას სისტემატურად აქვეყნებს. ის 2014 წელს შეიქმნა და თავდაპირველად YourNewsWire ერქვა, 2017 წელს ის NewsPunch-ი გახდა. NewsPunch-მა არაერთი ყალბი ინფორმაცია გამოაქვეყნა. შემდეგ კი სახელი კვლავ შეიცვალა და The People’s Voice დაირქვა. Poynter.org–ის მიხედვით, ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა. “მითების დეტექტორმა” მათ მიერ გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა (1, 2, 3).
მოამზადა თამთა კეკელიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.