16 იანვარს ფეისბუქ-გვერდმა “დედოფალი” და ფეისბუქ-პროფილმა Maka Karchauli ატვირთეს ფოტო, რომელსაც ინგლისურ ენაზე აწერია “ახალი მსოფლიო წესრიგის გეგმა 12/20-დან 12/21-მდე”. Maka Karchauli-ს ფოტოზე განთავსებული ინგლისურენოვანი ტექსტის ქართული ვერსია აქვს გამოქვეყნებული. ტექსტი გვთავაზობს სხვადასხვა მოვლენების კალენდარს, რომელზეც ახალი ვირუსი – კოვიდ 21 2021 წლის მარტით არის დათარიღებული. თანმხლები ტექსტის მიხედვით, 2021 წელს მაღაზიებში პროდუქტის მარაგი ამოიწურება, მოსახლეობაში პროტესტი დაიწყება და ყველა ქალაქში ჯარის შენაერთები განთავსდება. გარდა ამისა, საუბარია იმაზე, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, 2021 წლის ოქტომბერში კოვიდ-ვაქცინების პასპორტები გამოვა და მუშაობა და მოგზაურობა მხოლოდ მის მფლობელებს შეეძლებათ.
ფეისბუქ-პროფილმა Lela Kikilashvili-მა Maka Karchauli-ს პოსტი 5 საჯარო ჯგუფში გააზიარა.
ამავე თემაზე 5 იანვარს ფეისბუქ-პროფილმა Daji Mamulashvili გამოაქვეყნა ფოტო, სადაც, მისი მტკიცებით, ახალი მსოფლიო წესრიგის გეგმებია გაწერილი, რომელიც გაერომ 2021-2030 წლებში უნდა შეასრულოს და ერთი მსოფლიო მთავრობის შექმნას და სავალდებულო ვაქცინაციის გზით დეპოპულაციას ისახავს მიზნად.
- ფეისბუქ-გვერდ “დედოფალის” მიერ გავრცელებული “ახალი მსოფლიო წესრიგის” გეგმა სათავეს კონსპირაციიდან იღებს, რომელიც ამტკიცებდა, რომ მსოფლიოს ლოქდაუნში მოქცევის შესახებ ინფორმაციამ კანადის მთავრობის სტრატეგიული დაგეგმვის კომიტეტის წევრის ანონიმური იმეილით გაჟონა. კანადის მთავრობის წარმოამდგენლები აღნიშნული იმეილის ავთენტურობას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ “სტრატეგიული დაგეგმვის კომიტეტი” კანადის მთავრობაში არ არსებობს.
- რაც შეეხება გაეროს ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების 2021-2030 წლების პროგრამას, ამ სახელწოდების ან შინაარსის მქონე დოკუმენტი ღია წყაროების საშუალებით არ იძებნება და მსგავსის არსებობას გაეროს წარმომადგენლებიც უარყოფენ.
გვერდ “დედოფალისა” და პროფილ Maka Karchauli-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია “ახალი მსოფლიო წესრიგის” 2021 წლის გეგმის შესახებ კონსპირაციის თეორიაა, რომელიც პირველად 2020 წლის 14 ოქტომბერს ვებ-გვერდ The Canadian Report-ზე ყალბი იმეილის სახით გამოქვეყნდა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტს, რომელიც კანადაში სრული ლოქდაუნის და კოვიდ 21-ის გამოჩენის თარიღს უთითებს, იმეილის ფორმა აქვს და ირწმუნება, რომ ის კანადის ლიბერალური პარტიისა და “სტრატეგიული დაგეგმვის კომიტეტის” წევრის მიერაა დაწერილი, თუმცა ავტორის სახელი ნახსენები არ არის. factcheck.afp.com-თან საუბრისას, კანადის ლიბერალური პარტიის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ბრედენ ქელიმ განაცხადა, რომ ე.წ იმეილში არსებული ინფორმაცია ავთენტური არ არის და კანადის მთავრობაში ასეთი კომიტეტი საერთოდ არ არსებობს.
გაეროს ახალი მსოფლიო წესრიგის “21/2030” გეგმის შესახებ კონსპირაციის თეორია ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში გავრცელდა. ფაქტების გადამოწმების პლატფორმა USA Today-ს გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგნელმა, დანიელა გროსმა უთხრა, რომ პოსტში დასახელებული დოკუმენტი გაეროს არასდროს მიუღია. სავარაუდოა, რომ კონსპირაციის თეორიები გაეროს ორი დოკუმენტით მანიპულირებენ. ეს დოკუმენტებია “პროგრამა 21” და “პროგრამა 30”, ორივე მათგანი გაერომ მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით მიიღო და ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომია.
ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიაში:
არსებობს თუ არა გაეროს საიდუმლო დოკუმენტი ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ?
არქივის ბმულები:
დედოფალი
Maka Karchauli
Daji Mamulashvili
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.