6 აგვისტოს ორგანიზაცია “ევრო-აზიური ალიანსის” თავმჯდომარემ კობა კუსიანმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის, კლაუს შვაბის მამა, “ევგენ” შვაბი გერმანიის ნაცისტური პარტიის და მესამე რაიხის წევრი და სამრეწველო კომპანია Еscher Wyss AG-ის დირექტორი იყო. კომპანია მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ გერმანიას იარაღით ამარაგებდა. პოსტს თან ერთვის კლაუს შვაბის და ნაცისტურ ფორმაში გამოწყობილი კაცის ფოტოები.
სხვადასხვა დროს იგივე ინფორმაციას რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშებიც ავრცელებდნენ. (1,2,3,4) რუსულენოვანი მომხმარებლების პოსტებში დამატებით აღნიშნულია, რომ კლაუს შვაბის მამა ნაცისტური პარტიის მაღალი რანგის წევრი, ადოლფ ჰიტლერთან დაახლოებული პირი იყო და საკუთარი საკონცენტრაციო ბანაკი ჰქონდა.
მტკიცება, თითქოს კლაუს შვაბის მამა, ოიგენ შვაბი ნაცისტური პარტიის წევრი და ჰიტლერთან დაახლოებული პირი იყო, დეზინფორმაციულია. ფოტოზე გამოსახული, ნაცისტურ ფორმაში ჩაცმული კაცი არა ოიგენ შვაბი, არამედ გერმანელი გენერალი ვალტერ დიბილასია.
-
ფოტოზე გამოსახული კაცი არა ოიგენ შვაბი, არამედ გერმანელი გენერალი ვალტერ დიბილასია
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული, ნაცისტურ ფორმაში ჩაცმული კაცი გერმანელი გენერალი ვალტერ დიბილასია. დიბილასის ფოტოები მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ რამდენიმე თემატურ ფორუმზეა განთავსებული. (1,2)

კლაუს შვაბზე გავრცელებული იგივე მტკიცებები АFP-ის ფაქტების გადამოწმების სამსახურმა გადაამოწმა. АFP-ის თანახმად, დიბილასის კიდევ ერთი ფოტო გერმანიის ფედერალური არქივის დოკუმენტებშია ხელმისაწვდომი და ფოტოებზე აშკარა მსგავსების დანახვაც შესაძლებელია.

მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ვალტერ დიბილასი ამერიკელებმა ტყვედ აიყვანეს და სსრკ-ს გადასცეს. სამხედრო დანაშაულებისთვის მას 25 წლიანი მძიმე მუშაობა მიესაჯა. დიბილასი 1950 წელს ქალაქ სტალინოს (დღევანდელი დონეცკი) ციხეში გარდაიცვალა.
რაც შეეხება კლაუს შვაბის მამას, ოიგენ შვაბს ის სამხრეთ გერმანიაში, რავენსბურგში შვეიცარიული კომპანიის Escher Wyss-ის ქარხნის კომერციული მენეჯერი იყო, თუმცა ის ნაცისტური პარტიის წევრი არ ყოფილა და არც ადოლფ ჰიტლერთან ჰქონია კავშირი.
ოიგენ შვაბის ფოტო საოჯახო არქივების საიტზე Family Search-ზეა ხელმისაწვდომი. სადაც მისი ფოტო ბრაზილიის დროებით ვიზაზე ჩანს. კლაუს შვაბის წარმომადგენელმა ფაქტების გადამოწმების გერმანულ სამსახურს DPA-ს დაუდასტურა, რომ ფოტოზე ნამდვილად კლაუს შვაბის მამა, ოიგენ შვაბია გამოსახული.

АFP-მ ოიგენ შვაბთან დაკავშირებული დენაციფიკაციის საარქივო დოკუმენტები მოიპოვა. დენაციფიკაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეების პროგრამა იყო, რომელიც გერმანიასა და ავსტრიაში ნაციზმის აღმოფხვრას ისახავდა მიზნად. პროგრამის ფარგლებში არაერთი ადამიანი დაიკითხა, რათა ნაცისტურ ორგანიზაციებთან მათი კავშირი გამჟღავნებულიყო. ოიგენ შვაბის ფაილიდან ჩანს, რომ ის 1946 წელს ორჯერ გამოიკითხა. ფაილიდან ასევე ირკვევა, რომ ის არც ნაცისტური პარტიის წევრი არ იყო და არც ადოლფ ჰიტლერთან ჰქონდა რაიმე კავშირი. აღსანიშნავია, ისიც რომ მეორე მსოფლიო ომის დროს Escher Wyss-ი ისევე როგორც გერმანიაში არსებული სხვა ქარხნები ომის პერიოდში ტყვეების იძულებით შრომას იყენებდნენ, თუმცა АFP-სთან კომენტარში მიუნხენში თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის მკვლევრმა ნილს ვაიზემ აღნიშნა, რომ Escher Wyss-ის მიერ იძულებითი შრომის გამოყენება იმ პერიოდში გარანტირებული იქნებოდა და ეს პროცესი უშუალოდ ქარხნის მენეჯერთან დაკავშირებული ვერ იქნებოდა.
სხვადასხვა დროს მცდარი მტკიცება, რომ კლაუს შვაბის მამა, ოიგენ შვაბი ნაცისტი იყო ფაქტების გადამოწმების სხვადასხვა სამსახურმა მათ შორის АFP Fact-checking-მა, DPA Fact-checking-მა, Verificador-მა და OBSERVADOR-მა გადაამოწმეს.
დეზინფორმაცია, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსის და გავლენიანი ადამიანის წინაპრები ნაცისტური პარტიის წევრები იყვნენ წარსულშიც არაერთხელ გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- იყვნენ თუ არა გერმანიის ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრების ბაბუები ნაცისტი მაღალჩინოსნები?
- იყო თუ არა ჯორჯ სოროსი ნაცისტური SS-ის ოფიცერი?
- ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ევროპელი პოლიტიკოსების წინაპრების შესახებ?
წყაროს შესახებ:
კობა კუსიანი არასამთავრობო ორგანიზაცია ევრო-აზიური ალიანსის თავმჯდომარეა. ევრო-აზიური ალიანსი ერთ-ერთია იმ პრორუსული ორგანიზაციებიდან, რომლებმაც 2021 წლის თებერვალში COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინის, Sputnik V-ის შემოტანის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართეს. ისინი აცხადებდნენ, რომ დასავლური ვაქცინებისგან განსხვავებით Sputnik V უსაფრთხოებითა და ეფექტიანობით გამოირჩევა. 2022 წლის 4 ივლისს რუსეთის პირველ არხზე გასულ სიუჟეტში კუსიანი ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებდა. გარდა ამისა სოციალურ მედიაში კუსიანი სისტემატურად ავრცელებს სხვადასხვა ყალბ ინფორმაციას. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- რა შემთხვევაში ითხოვს პოლონეთი უკრაინელი ლტოლვილებისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებას?
- როდის და რა თქვა რეალურად თურქეთის კოსმოსური სააგენტოს დირექტორმა ხელოვნური მიწისძვრის გამომწვევ იარაღზე?
- ეკუთვნის თუ არა გავრცელებული კარიკატურა ესპანურ სატირულ ჟურნალს EL JUEVES-ს?
- ბარბი ბაფომეტი და გიგანტური ბარბი დუბაიში – რა ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება ბარბის შესახებ?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.