4 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა ინტერვიუ კიმბერლი ლოუსთან, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ-ს სურს დაეხმაროს საქართველოს მთავრობას ევროკავშირში შესვლისთვის მუშაობის გაგრძელებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ქმედებები საქართველოს მიმართ უსამართლო იყო. “პირველი არხის” ეთერში კიმბერლი ლოუ წამყვანმა “ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენელად” წარადგინა. ლოუს კომენტარი სხვა მედიასაშუალებებმა, მათ შორის, პროსახელისუფლებო მედიამ გაავრცელა და ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავსად, EU-ში “ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენლად” მოიხსენია. ლოუს კომენტარი გაავრცელეს იმედმა (1;2;3;4); რეპორტიორმა (1;2); ნიუსჰაბმა; მედიაჰოლდინგმა კვირა (1;2); გურია თაიმსმა; InfoPostalioni.com-მა; ასევე, ფეისბუქ-მომხმარებლებმა და გვერდებმა (1;2;3;4;5;6;7).
-
რა ვიცით კიმბერლი ლოუს შესახებ?
კიმბერლი ლოუ რესპუბლიკური პარტიის წევრია და 2024 წელს აშშ-ის სენატის არჩევნებში სცადა მონაწილეობის მიღება, თუმცა რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის კანდიდატი არ ყოფილა და იმ პირებს შორის იყო, რომლებმაც პრაიმერიდან კანდიდატურა ან მოხსნეს, ან დისკვალიფიცირებული იყვნენ. 2022 წელს ლოუმ ასევე სცადა წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, თუმცა კანდიდატობიდან დისკვალიფიცირებული იყო, რადგან არ ჰქონდა საკმარისი ხელმოწერები და მის განაცხადში შეცდომები ჰქონდა დაშვებული. საპასუხოდ ლოუმ განაცხადა, რომ “პარტის ესტაბლიშმენტი” მის დაბლოკვას ცდილობდა.
ამერიკულ მედიაში არ იძებნება ცნობები, რომ ლოუს ევროკავშირში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლად ან რაიმე სხვა თანამდეობაზე დანიშვნა იგეგმება. ინფორმაციის წყაროდ, რომ ლოუ კანდიდატად განიხილება, საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად ლოუს უთითებს.
2022 წელს არჩევნებში მონაწილეთათვის არსებულ კითხვარში ლოუ აღნიშნავს, რომ “მარტოხელა დედა, ფერმერი და პოლიტიკის საკითხებში მრჩეველია”. ამავე კითხვარში მითითებულია, რომ არჩევის შემთხვევაში ლოუს სურვილი ექნებოდა საერთაშორისო საკითხების კომიტეტის წევრი გახდეს და “ბევრი ქვეყნის ექსპერტთან მუშაობს, რათა ამ პოზიციისთვის მოემზადოს”. ამავე კითხვარში კითხვაზე, სასარგებლოა თუ არა წარმომადგენლებისთვის წინა პოლიტიკური გამოცდილება”, ლოუ პასუხობს: “ხალხს ყელში ჰყავს ამოსული პოლიტიკოსები, ოფისში გვჭირდება ნამდვილი ადამიანები, რათა ხალხისთვის იბრძოლონ”.
ფეისბუქზე კიმბერლის ლოუს გვერდს 3 400-მდე გამომწერი ჰყავს. ლოუ სხვადასხვა რესპუბლიკელ პოლიტიკოსთან გადაღებულ ფოტოს ხშირად აქვენებს, თუმცა სხვა წყაროები, რომ მას ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო კონტაქტი აქვს, არ იძებნება. ერთ-ერთ პოსტში ლოუ “დიფ სტეიტს” მის დევნაში ადანაშაულებს.
31 ოქტომბრის პოსტში ლოუ აღნიშნავს, რომ “საყოველთაო მშვიდობის ფედერაციის” მშვიდობის ელჩი გახდა. “საყოველთაო მშვიდობის ფედრაცია” კორეის უნიფიკაციის ტაძრის დამფუძნებლის, სუნ მიონ მუნის დაფუძნებული ორგანიზაციაა. თავად უნიფიკაციის ტაძარი მუნმა 1954 წელს დააფუძნა. მუნი თავს “მესიად” აცხადებდა. რელიგიური მოძრაობა არაერთ სკანდალთან არის დაკავშირებული. 2023 წელს იაპონიის პრემიერმინისტრის, შინძო აბეს მკლელმა განაცხადა, რომ აბე უნიფიკაციის ტაძართან კავშირის გამო მოკლა. მკვლელობის შემდეგ იაპონიის მთავრობას იაპონიაში ორგანიზაციის მოქმედების შეჩერება სურდა. კრიტიკოსები უნიფიკაციის ტაძარს მიმდევრების ექსპულატაციაში ადანაშაულებენ.
-
ვინ არის ბესარიონ შენგელია?
ქართულ მედია წყაროებში ლოუ ბესარიონ შენგელიას კომენტარებში გვხვდება.
შენგელიას პოსტები თავის ფეისბუქ გვერდზე კიმბერლის ლოუსაც აქვს გაზიარებული (1;2;3;4) ბესარიონ (ბესო) შენგელია საბავშვო წიგნის “ქინდერბუბუს” ავტორია. ის საქართველოში “მსოფლიო მშვიდობის ფორუმის” ჩატარებას გეგმავს. შენგელია ამბობს, რომ ფორუმის შესახებ კიმბერლი ლოუსთან კომუნიკაციის შედეგად დონალდ ტრამპიც ინფორმირებულია. მისივე მტკიცებით, ტრამპს ფორუმის საპატიო სტუმრობა შესთავაზა და ამერიკული მხარე მზად არის ფორუმის ორგანიზებაშიც მიიღოს მონაწილეობა და ფინანსურადაც დაეხმაროს. გარდა ამისა, შენგელია ოქტომბერში ქართულ მედიებს კიმბერლი ლოუსთან ინტერვიუს ჩასაწერად მასთან დაკავშირებას სთავაზობდა. შენგელია ლოუს “სენატორობის კანდიდატად” მოიხსენიებს, ასევე გაზიარებული აქვს Georgia Today-ს ივლისის სტატია, რომელშიც ლოუ კვლავ შენგელიასთან არის დაკავშირებული და ასევე “მომავალ სენატორად” არის მოხსენიებული, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, ლოუ სენატორობის კანდიდატი არ ყოფილა და რეპუბლიკური პარტიის პრაიმერშიც კი ვერ მიიღო მონაწილეობა. Georgia Today-სთან მოყვანილია ლოუს კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ პირადად ცდილობს მსოფლიოს მასშტაბით დიპლომატიური ურთიერთობების გამოსწორებას მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრებით, თუმცა მისი დიპლომატიური საქმიანობის და ოფიციალური ვიზიტებისა და შეხვედრების შესახებ ინფორმაცია სხვა წყაროებში არ იძებნება. მსგავსი ოფიციალური შეხვედრების შესახებ ლოუს სიახლეები თავის ვებ-საიტზეც კი არ აქვს გამოქვეყნებული.
შენგელია აცხადებს, რომ 2024 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატობის კანდიდატებს შორის იყო და ის თეოლოგმა პროფესორმა კონსტანტინე აკოპმა წარადგინა. ნობელის პრემიის კომისიის მხრიდან ლაურეატობის კანდიდატების სია კონფიდენციალურია. სოციალური მედიაში შენგელიას მითითებული აქვს, რომ “ნობელის პრემიის მშვიდობის კანდიდატი, გამომგონებელი და ეკონომისტია”. ასევე, მითითებული აქვს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა. ბესარიონ შენგელია ასევე იძებნება რუსეთის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებულთა შორის.
4 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა, რომ კიმბერლი ლოუსთან ინტერვიუ მან ჩაწერა და აღნიშნა, რომ ინფორმაციას, რომ ლოუ ადმინისტრაციის მომავალი წარმომადგენელი შეიძლება გახდეს, ამ ეტაპზე მხოლოდ თავად ლოუ ადასტურებს. გვიმრაძე აღნიშნავს, რომ ის სენატში კენჭს იყრიდა და ეს “ადვილად იძებნება”. თუმცა, როგორც აღინიშა, ლოუ სენატში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი არასოდეს ყოფილა. გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაციის უკვე დასახელებულ წევრებთან ლოუს კავშირები, რომელბსაც გვიმრაძე ახსენებს, ლოუს მიერვე გამოქვეყნებული ფოტოების გარდა სხვა წყაროებით არ დასტურდება. 4 დეკემბერს “რადიო თავისუფლებას” საზოგადოებირვმა მაუწყებელმა დაუსასტურა, რომ გვიმრაძემ თანამდებობდა დატოვა.