5-6 მაისს ფეისბუქის ქართულ და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა გაავრცელეს ინგლისურენოვანი ვიდეო, რომლის თანახმადაც, მაღაზიებში ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორცი, “ხორცის იმიტაცია” იყიდება. ვიდეოში ჩანს, რომ შეფუთულ ხორცის ნაჭრებს აწერია სიტყვა “mock” (ყალბი, მიმსგავსებული).
ვიდეოში ნაჩვენები ხორცი არ არის ლაბორატორიაში შექმნილი “ხორცის იმიტაცია”. Mock tender საქონლის ბეჭიდან ჩამოჭრილი ნაჭრებს აღნიშნავს და არ ნიშნავს, რომ ხორცი ხელოვნურად არის შექმნილი.
ვიდეოში ჩანს, რომ დახლზე ხორცის შეფუთულ რამდენიმე ნაჭერზე წერია “mock tender”.
სიტყვას mock ერთ-ერთი განმარტებით ყალბს, ნამდვილთან მიმსგავსებულს, იმიტირებულს ნიშნავს, რის გამოც სავარაუდოდ ვიდეოში მოსაუბრე პირი ამბობს, რომ ხორცი ხელოვნურად არის შექმნილი. თუმცა საქონლის ხორცთან დაკავშირებით “mock tender” “ბეჭის რბილს” ნიშნავს, და მიუთითებს რომ ხორცი საქონლის ბეჭიდან არის ჩამოჭრილი. ხორცთან დაკავშირებით ძროხის ბეჭის აღსანიშნავად ასევე იყენებენ სიტყვებს “chuck” ან “shoulder”. შესაბამისად ვიდეოში ხორცის ეტიკეტებზე დატანილი Mock Tender Steak (საქონლის) ბეჭის რბილის სტეიკს ნიშნავს.
კულინარიული ჟურნალის Тhe Spruce Eats-ის ამ ილუსტრაციაზე, მონიშნულია ძროხის რა ნაწილიდანაა ჩამოჭრილი “mock tender” ხორცის ნაჭრები.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს აშშ-ში ორმა კომპანიამ, UPSIDE Foods-მა და GOOD Meat-მა საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენისგან (USDA) ლაბორატორიულ პირობებში კულტივირებული ხორცის წარმოების უფლება მიიღო. ასეთი ხორცი ცხოველის უჯრედებისგან არის ლაბორატორიაში “გამოზრდილი” და უჯრედისგან კულტივირებული ხორცი ეწოდება. 2023 წელს UPSIDE Foods და GOOD Meat უჯრედისგან კულტივირებული ქათმის ხორცი სან ფრანცისკოსა და ვაშინგტონის რესტორნებში გაყიდა. აღსანიშნავია, რომ FDA და USDA ერთობლივად აკონტროლოებენ როგორც ამ პროდუქტების წარმოებას, ასევე იმას, რომ სათანადოდ იყოს მიწოდებული ინფორმაცია, რომ ხორცი უჯრედისგან არის კულტივირებული (cell cultivated). ასეთი ქათმის ხორცისგან დამზადებული კერძები მხოლოდ რამდენიმე რესტორანში იყო ხელმისაწვდომი და ეს ხორცი ფართო გაყიდვაში არ არის. GOOD Meat-ის თანახმად, კომპანიის კულტივირებული ქათმის ხორცი მალე ხელმისაწვდომი იქნება სინგაპურში, ხორცპროდუქტების მაღაზიათა ქსელში Huber’s Butchery. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიები მხოლოდ ქათმის კულტივირებულ ხორცს ყიდიან და შესაბამისად კულტივირებული საქონლის ხორცი ჯერ-ჯერობით ბაზარზე ხელმისაწვდომი არ არის.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ-ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს ანტივაქსერულ დეზინფორმაციას, სხვადასხვა კონსპირაციის თეორიას და ანტიდასავლური შინაარსის ყალბ ინფორმაციას. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.