4-5 დეკემბერს ქართულ და რუსულენოვანმა (1;2;3;4;5) ფეისბუქ-ანგარიშებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც მაგიდასთან მსხდომი რამდენიმე ადამიანი უკრაინულ ენაზე გაქცევის გეგმას განიხილავს. თანდართული აღწერის მიხედვით, ვიდეოში ხერსონელი მაღალჩინოსნები არიან, რომლებსაც სხდომის ჩაწერის გამორთვა დაავიწყდათ და ქალაქიდან გაქცევის დეტალებზე დაიწყეს საუბარი.


გავრცელებულ ვიდეოში არა ხერსონის, არამედ ქალაქი დოლინას საქალაქო საბჭოს სხდომაა ასახული. ვიდეოში გამოყენებული აუდიო გაყალბებულია და ნამდვილი სხდომის შინაარსს არ ასახავს.
ფეისბუქ-პოსტებში ვიდეოში ასახული საუბრის ტრანსკრიპტიცაა მოცემული: “ეს ჩვენ შორის, სანამ ტრანსლაცია არაა, აქ ჩამჩურჩულეს, რომ ყველაფერი მორჩა, უნდა გავიქცეთ. იაროსლავ ვიქტოროვიჩმა ოჯახი უკვე გაგზავნა პოლონეთში. ასე რომ, დოკუმენტები ბუხარში და წინ, სიმღერით. თუ გზის შეკეთებას აპირებდით, ახლაა დრო”. თანდართულ ვიდეოში მხოლოდ ერთი კაცი საუბრობს და იდენტური შინაარსის ტექსტს ამბობს, უმნიშვნელო განსხვავებებით.
რეალურად კადრები ქალაქ ხერსონში არაა გადაღებული. ის უკრაინის ქალაქ დოლინას საქალაქო საბჭოს, კერძოდ “განათლების, კულტურის, ეროვნული და სულიერი გამოღვიძების და ტურიზმის კომისიის” 2025 წლის 10 ივლისის სხდომას ასახავს. ვიდეო საბჭოს ოფიციალურ იუთუბის არხზეა განთავსებული. ქალაქი დოლინა უკრაინის დასავლეთით, პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში სხდომის კადრებია გამოყენებული (5:10-დან 5:35-მდე), თუმცა, აუდიო რეალურ ხმას არ ემთხვევა. რეალურ ვიდეოში საბჭოს წევრები ქალაქის მეექვსე ლიცეუმის სტატუსზე მსჯელობენ და არა ქალაქიდან გაქცევაზე.
ყალბი ვიდეოს შესაქმნელად კადრები შავ-თეთრ ფორმატში გადაიყვანეს და მას ყალბი აუდიო დაურთეს. ვიდეოს შექმნის მიზანი, სავარაუდოდ, იმ შთაბეჭდილების შექმნაა, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები ქვეყნიდან გაქცევაზე ფიქრობენ.
ინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Ґвара Медіа-მაც გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















